ზღაპრული თამაში ოლიმპიადაზე - საფრანგეთმა დრამატულ მატჩში ბოლო წამზე იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მე-13 დღეს კალათბურთში ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. სათამაშო დღის პირველ ნახევარში გაირკვა, რომ ერთ-ერთი ფინალისტი ამერიკა იქნებოდა, რომელმაც ავსტრალიის ნაკრები 19-ქულიანი უპირატესობით, 97:78 დაამარცხა.

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, ერთმანეთს საფრანგეთისა და სლოვენიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრანგთა გამარჯვებით, 90:89 დასრულდა.

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გულშემატკივარმა მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საუკეთესო შეხვედრა იხილა. ვარსკვლავები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, რამაც საბოლოოდ მოედანზე დიდი სანახაობა გამოიწვია.

გამარჯვებულთა რიგებიდან საუკეთესო მექულე "ფენერბაჰჩეს" კალათბურთელი ნანდო დე კოლო გახლ
დათ, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში თავი 25 ქულით, 7 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

Sportall.Ge

მიუხედავად მწირი ქულებისა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლა ბატუმი შეხვედრის გმირია. მატჩის დასრულებამდე 2.3 წამით ადრე სლოვენიელმა პრეპელიჩმა ორ ნაბიჯში შესვლა განიზრახა. თითქოსდა ფრანგები შეხვედრის მიწურულს უნდა ჩამორჩენილიყვნენ, თუმცა ვეტერანმა ვარსკვლავმა შესანიშნავი დაფარება შეასრულა და საკუთარ გუნდს ფინალის საგზური აჩუქა. რაც შეეხება ბატუმის სტატისტიკურ მონაგარს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" კალათბურთელმა 3 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება დააგროვა.

რაც შეეხება სლოვენიას, ლუკა დონჩიჩმა მორიგი მეგა შეხვედრა გამართა. "დალას მავერიკსის" ლიდერმა გუნდს 16 ქულა, 10 მოხსნა, 18 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

გამოსარჩევია მაიკ ტობის თამაშიც, რომელმაც აქტივში 23 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ამრიგად, ოლიმპიური ოქროსთვის ერთმანეთს საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების გუნდები შეერკინებიან. შეხვედრა 7 აგვისტოსაა ჩანიშნული. იმავე დღეს გაიმართება სლოვენიისა და ავსტრალიის მატჩიც, მათში გამარჯვებული კი სამშობლოში მესამე ადგილით დაბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული