ბოისას ვარჯიშები, კაზანჯიანის ლექციები - მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამა

AutoSharing Option
საქართველოს მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით, აქტიურად მიმდინარეობს გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო და მის ფარგლებში დღემდე 350-ამდე მწვრთნელს მიენიჭა C კატეგორიის ლიცენზიები. შეგახსენებთ, რომ პროგრამა 3 ეტაპისგან შედგება და პირველის ფარგლებში გაიცემა 14 წლამდე კალათბურთელებთან მწვრთნელად მუშაობის C კატეგორიის ლიცენზია. მეორე ეტაპის შედეგად გაიცემა B კატეგორიის ლიცენზიები, რომელიც 14-18 წლის მოზარდებში მუშაობისთვისაა საჭირო, ხოლო უმაღლესი დონის, A კატეგორიის ლიცენზირება ჯერ არ დაწყებულა.

პროგრამა მე-6 წელია, მიმდინარეობს და მის ფარგლებში პერიოდულად იმართება პირველი და მეორე ეტაპის სალიცენზიო სემინარ-გამოცდები. ამჯერად,
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პირველი ეტაპის სემინარები გაიმართა, რომელსაც ძირითადად დამწყები მწვრთნელები დაესწრნენ, რომელთა უმეტესობა რეგიონიდან იყო.

პროგრამის 33 მონაწილისთვის საჩვენებელი ვარჯიშები ჩაატარეს საქართველოს ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელებმა – ანატოლი ბოისამ და ირაკლი ძიძიგურმა, ბავშვთა კალათბურთში გამოცდილმა სპეციალისტმა გელა წულაძემ და საკალათბურთო კლუბ “რუსთავის” ასისტენტმა მწვრთნელმა ანდრო ანთელიძემ. დამწყებ მწვრთნელებს სამწვრთნელო ფსიქოლოგიის შესახებ ლექცია წაუკითხა ვეტერანმა კალათბურთელმა, სპორტული განხრით ცნობილმა პედაგოგმა და კალათბურთის შესახებ არაერთი წიგნის ავტორმა ანტონ კაზანჯიანმა. სემინარ-ვარჯიშებს დაესწრნენ და დამწყებ მწვრთნელებს პროგრამის დეტალებზე გაესაუბრნენ მისი ორგანიზატორები – საქართველოს კალათბურთის მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტი დავით უსტიაშვილი, მისი მოადგილე ნოდარ ავალიშვილი და კავშირის წამყვანი სპეციალისტი გაგი კვერენჩხილაძე.

დამწყებ მწვრთნელებს ბავშვებთან მუშაობისთვის აუცილებელი, კალათბურთის ფუნდამენტური კომპონენტების შესახებ ჩაუტარდათ საჩვენებელი ვარჯიშები. გელა წულაძემ მათ სწრაფი შეტევის ორგანიზების განხორციელების გზები უჩვენა. ანატოლი ბოისამ და ირაკლი ძიძიგურმა დამსწრეებს მოედნის ორივე ნახევარზე დაცვაში თამაშის მაგალითები უჩვენეს, ხოლო ანდრო ანთელიძემ, რომელიც ბოისასა და ძიძიგურის მსგავსად ფიბას სამწვრთნელო პროგრამაში მონაწილეობს, დამსწრეებს უცხოურ სემინარებზე მიღებული ცოდნა გაუზიარა პასის კულტურის, დრიბლინგის და ინდივიდუალური ტექნიკის საფუძვლებთან დაკავშირებით.

პირველი ეტაპის გამოცდებისთვის დარეგისტრირებული 33 მწვრთნელისთვის C კატეგორიის სალიცენზიო გამოცდები ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. 

წყარო: gbf

altსაქართველოს ნაკრების წევრმა 10-დან 9 2-ქულიანი ჩააგდო

alt17 ქულა და 14 მოხსნა - ნაკრების წევრმა გამარჯვება უზრუნველყო


მკითხველის კომენტარები / 1 /
ახალგაზრდული ჩემოიონატები ჩაატარეთ ორი წელია ბავშვებს რო არ უთამაშიათ, თაობას რო კარგავთ ვერ ხვდებით? მიზეზი კი გაქვთ კორონა. არაფერში იღებთ ხელფასებს ფედერაციაში, კომენტატორი პრეზიდენტი კი იმით ამაყობს ხალხის ფულით სახემწიფო რო დარბაზს აშენებს. გეგონება თვითონ მოიზიდა ინვესტორი. ყველა სპორტის სახეობა მეორე სეზონს ასრულებს ბავშვთა ლიგებში და ესენი კოვიდის დასრულებას ელოდებიან.
bobo
20:49 04-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული