გთუნიმ გორის "ივერიონი" 17-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ დაამარცხა

AutoSharing Option
ოლიმპიურ სასახლეში "ა" ლიგის 2 მატჩი გაიმართა, რომელთაგან ნამდვილი ბრძოლა ერთ მატჩში შედგა, მეორე კი, მოლოდინისამებრ, ფავორიტად მიჩნეული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. საინტერესო, ემოციური და ძალიან დაძაბული მატჩი ლიგის დებიუტანტ გორის "ივერიონსა" და გთუნის (გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი) შორის გაიმართა. დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილი შიდაქართლური გუნდი დებიუტანტის კვალობაზე საკმაოდ ძლიერია და სუპერლიგაში გადასვლის ამბიციაც გააჩნია, თუმცა რეალური შესაძლებლობით გამაგრებული ანალოგიური სურვილი "ა" ლიგის კიდევ 3 გუნდს – ტყიბულის "ორბს", "ასტრალს" და გორელთა დღევანდელ მეტოქე გთუნისაც აქვს და შესაბამისად, მომავალ ორთაბრძოლებს მათ თამაშებში უნდა
ველოდოთ.

დღეს სწორედ ამ ოთხეულის გუნდები ხვდებოდნენ და მოედანზეც ნამდვილი ბრძოლის ცეცხლი დაინთო. "ივერიონი" თავიდანვე ხელჩასაჭიდად დაწინაურდა და პერიოდი, რომელსაც ერთხანს 17 ქულით იგებდა, საბოლოოდ 14 ქულით – 32:18 მოიგო. ამხელა უპირატესობა კარგია, მაგრამ შენარჩუნებას გააზრებული, დალაგებული თამაში სჭირდება, რაც გორელთა გუნდს ამ ეტაპზე არ აღმოაჩნდა. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა მეორე პერიოდი 20:14 მოიგეს და ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს, ხოლო დიდი შესვენების შემდეგ კიდევ უფრო მოუმატეს და ლეგიონერებისა და ქართველი კალათბურთელების ერთიანი ძალისხმევით ლიდერობასაც დაეპატრონნენ. მესამე პერიოდი გთუნიმ 26:11 მოიგო და 7 ქულით გალიდერდა. 

"ივერიონი" არ გატყდა, ბოლო პერიოდში კონსოლიდაცია მოახდინა და ლიდერობა დაიბრუნა, რაც ამერიკელი ლეგიონერის, აიზია ლუისის დიდი დამსახურება იყო. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გორელები 78:77 იგებდნენ, თუმცა მომდევნო 3 შეტევა გააცუდეს, რითაც გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტელებმა ისარგებლეს და შედეგიანი შეტევების, გიორგი დვალის სამქულიანის შემდეგ გამარჯვება გაინაღდეს. საბოლოოდ 89:81 (სტატისტიკა) და გთუნიმ "ა" ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა, "ივერიონმა" კი პირველი მარცხი განიცადა.

გამარჯვებულებს 11 ქულით, 11 მოხსნითა და 7 პასით ვასილ ბერუაშვილმა ულიდერა. 17 ქულა და 6 მოხსნა ედი ჰანტმა მიითვალა, კამარ მაკნაითის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა, ნიკა გოგოხიამ 14 ქულა სროლათა 100-პროცენტიანი მაჩვენებლით მოიპოვა: 5-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო.

დღის მეორე მატჩში თბილისის "ასტრალმა" 81:74 (სტატისტიკა) დაამარცხა ქუთაისის აწსუ (აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი). ანგარიშში სხვაობა 7-ია, თუმცა ამ შეხვედრაში ბრძოლა არ ყოფილა და არც ამ გუნდებს შორის ძალთა თანაფარდობა განისაზღვრება 7-ქულიანი სხვაობით. "ასტრალმა" პირველი პერიოდი 28:7 მოიგო, რის შემდეგაც ყველა პერიოდი დათმო, მაგრამ მწვრთნელი ბექა ჩიკვილაძე გამარჯვებაში იმდენად დარწმუნებული იყო, სამიდან არც ერთი ლეგიონერი მოედანზე არ შეუყვანია.

"ა" ლიგის მორიგი მატჩები 21 იანვარს გაიმართება.

GBF

მკითხველის კომენტარები / 1 /
rustavma rom tasi moigo eg newsi araa? a ligas ashukebt da superligas ara???
kombato
22:26 12-01-2023
0

სიახლეები პოპულარული