14 და 16-წლამდელთა ჩემპიონატების A, B და C ლიგების ონლაინწილისყრას ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

AutoSharing Option
ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ასაკობრივი – 14 და 16-წლამდელთა ჩემპიონატების წილისყრა გაიმართა, რომელიც ახალი სისტემის შესაბამისად პირველი სეზონია, ხორციელდება. ხსენებულ ტურნირებში ჯამში 184 გუნდი მონაწილეობს და ამ ობიექტური მიზეზის გათვალისწინებით, კენჭისყრა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის წევრებმა ჩაატარეს, რომელიც გუნდების წარმომადგენლებისთვის ონლაინრეჟიმში გადაიცემოდა. შეგახსენებთ, რომ ცვლილების შემდეგ თითოეული ასაკის ჩემპიონატი 3 ლიგად დაიყო, რომლებშიც გუნდები სიძლიერის მიხედვით არიან განაწილებულნი და ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, შესაძლებლობა აქვთ, ლიგებს შორის დაწინაურდნენ, აუტსაიდერები კი დაქვეითდებიან.

მიმდინარე სეზონში გამართული საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად გამოვლინდნენ A და B
ლიგის მონაწილეები, ხოლო C ლიგაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი გახლდათ. ხსენებულ ასაკობრივ (14 და 16) ჩემპიონატებში A და B ლიგები სტანდარტული რაოდენობისაა – უმაღლეს ლიგაში 14 გუნდია, B ლიგაში კი – 24. რაც შეეხება C ლიგას, 16-წლამდელებში 50 გუნდია თავმოყრილი, ხოლო 14-წლამდელებში – 58.

ოლიმპიურ სასახლეში გამართულმა წილისყრამ A, B და C ლიგების გუნდები ჯგუფებში გადაანაწილა და სააღდგომო დღესასწაულის შემდეგ ჩემპიონატის თამაშებიც დაიწყება. შეგახსენებთ გათამაშების სისტემას, რომლითაც A, B და C ლიგები ჩატარდება.

A ლიგის გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მიიღებს. 2 ჯგუფში განაწილებული 14 გუნდი 2 წრედ ითამაშებს და თითოეულიდან 4-4 საუკეთესო პლეი-ოფში გავა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებს. ჯგუფებში ჩარჩენილი გუნდები A ლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო ტურნირში იბრძოლებენ. ბოლო, მე-14 ადგილზე გასული გუნდი ლიგას დატოვებს, ხოლო მე-12 და მე-13 გუნდები B ლიგის მეორე და მესამე გუნდებთან საკვალიფიკაციო რაუნდს ჩაატარებენ.

გამოვლინდება B ლიგის ჩემპიონი და საპრიზო ადგილების მფლობელები. ჩემპიონი პირდაპირ გადავა A ლიგაში, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე გასულები, როგორც წინა აბზაცში აღვნიშნეთ, A ლიგის მე-12 და მე-13 გუნდებთან საკვალიფიკაციო სერიებს გამართავენ. B ლიგის 24 გუნდი 4 ჯგუფშია გადანაწილებული და პლეი-ოფში თითოეულიდან 2-2 საუკეთესო გავა. პლეი-ოფში გასული 8 გუნდი B ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, დანარჩენი ადგილებისთვის კი მომავალი სეზონის წინ საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება იმ კვოტირების და რეგულაციების შესაბამისად, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტმა 2 წლის წინ შეიმუშავა და მისი განხორციელება მიმდინარე სეზონიდან დაიწყო. იხილეთ გათამაშების სისტემა.

14 და 16-წლამდელთა ჩემპიონატებში ყველაზე მეტი გუნდი C ლიგებშია თავმოყრილი, სადაც პლეი-ოფის საგზურებს 16 საუკეთესო მოიპოვებს. საპრიზო ადგილების მფლობელი სამივე გუნდი B ლიგის საგზურს მიიღებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული