"ქუთაისმა" ვსა ბოლო პერიოდში გატეხა და A ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს

AutoSharing Option
საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატში 2 დაუმარცხებელი გუნდია: A ჯგუფში წაგება არ იცის "ქუთაისმა", ხოლო B ჯგუფში წაგება არ უწვნევია "სპორტუნის". დღეს, "თბილისი არენაზე" ქუთაისელები გვარიან წინააღმდეგობას წააწყდნენ, თუმცა მოგებას მაინც მიაღწიეს.

ტურის ცენტრალურ მატჩში ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ (ვსა) "ქუთაისს" უმასპინძლა და პირველი პერიოდი 19:17 მოუგო. ვსა იგებდა დიდი შესვენებისთვისაც, თუმცა მინიმალური ანგარიშით – 39:38. მესამე პერიოდში არაფერი შეცვლილა – გუნდები ერთმანეთს წინ არ უშვებდნენ, უპირატესობას ვერც ერთი მათგანი ვერ აღწევდა. ბოლო ათწუთეულის დაწყებამდე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა – 52:52.

ქუთაისელებმა, რომელთა რიგებში
სუპერლიგაში თამაშის გამოცდილების მქონე რამდენიმე კალათბურთელია, გარდატეხა ბოლო პერიოდში მოახდინეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა, რაც 7-ქულიან ლიდერობაში გამოიხატა. დავით ნოზაძემ რამდენჯერმე წუთშესვენება აიღო, ვსა-ს კალათბურთელები მოსაგებად მომართა, თუმცა ბოლო წუთებზე დაშვებული შეცდომების გამო აკადემიელებმა მოგების შანსი დაკარგეს. "ქუთაისმა" საბოლოოდ 72:66 (სტატისტიკა) იმარჯვა და A ჯგუფში დაუმარცხებლად ლიდერობს.

ქუთაისელთა რიგებში 29 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი სულაბერიძე. ბაქარი ბერეკაშვილის ანგარიშზე 21 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. 13 ქულა ჰქონდა ქუთაისელთა სუპერლიგის გუნდის კიდევ ერთ წევრ გიორგი ოჩხიკიძეს. ვსა-ში 20 ქულით ბომბარდირი გახდა გაგი მღებრიშვილი. ლევან ფირცხელიანის ანგარიშზე 12 ქულა და 16 მოხსნა დაგროვდა.

დღეს "თბილისი არენაზე" კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. "ჰიუნდაიმ" ბრძოლაში, ბოლო პერიოდში გატეხა "თბილისი ბასკეტი". ბოლო პერიოდის წინ ბასკეტელები 3 ქულით იგებდნენ, თუმცა ბოლომდე ვერ შეძლეს შედეგიანად თამაში და მარცხი იწვნიეს. "ჰიუნდაიმ" დასკვნითი პერიოდი 27:10 მოიგო და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 83:69 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.

"ჰიუნდაიში" 21 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი მესხი. სამმაგი დუბლის ზღვრამდე მივიდა გუკა ცხადაძე (19 ქულა, 9 პასი, 8 მოხსნა), რომელიც დღეს 18 წლის გახდა. 13 ქულა მიხეილ ვანაძის ანგარიშზეა. "თბილისი ბასკეტში" 21 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა გეგა ჭაბუკიანმა მიითვალა. ლუკა ზაბახიძის ანგარიშზე კი 17 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა დაგროვდა.

22-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები 1-ელ თებერვალს გაიმართება. 

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული