ახალგაზრდა ქართველმა მსაჯებმა კვალიფიკაცია შვედეთში, SCANIA-ს კემპზე აიმაღლეს

AutoSharing Option
საქართველოს 3 მოქმედი ფიბას მსაჯი ჰყავს, რომელთა რიცხვიც ახლო მომავალში, სავარაუდოდ, გაიზრდება. საქართველოს შიდა ჩემპიონატებში არაერთი პერსპექტიული ახალგაზრდა მსაჯობს, რომლებსაც რიჩრდ სტოკსის დახმარებით, საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა კომპეტენტურ სემინარებზე დასწრებით მიეცათ.

მოგეხსენებათ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მსაჯთა ეროვნულ ინსტრუქტორად ბრიტანელი რიჩარდ სტოკსი მუშაობს, რომელიც სამსაჯო სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და დაფასებული სპეციალისტია. წლების მანძილზე ის ხელმძღვანელობდა ფიბა-ევროპის სამსაჯო დეპარტამენტს, ხოლო ბოლო წლებში სტოკსი ევროლიგის მსაჯების ხელმძღვანელი იყო, რომელიც მათ ნომინაციებსა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავდა.

იგივე საზრუნავი აქვს სტოკსს
საქართველოშიც და შიდასაქმიანობასთან ერთად მან კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ახალგაზრდა ქართველ მსაჯებს საერთაშორისო ასპარეზზე გამოცდილების მიღების შანსიც მისცა. 28 მარტიდან 1-ელი აპრილის ჩათვლით, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში SCANIA-ს თასი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საკალათბურთო ტურნირთან ერთად მსაჯთა სემინარებიც ჩატარდა.

რიჩარდ სტოკსი SCANIA-ს თასის სამსაჯო ნაწილის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ის მსოფლიო დონის არბიტრებთან ერთად ტურნირის მომსახურე მსაჯებს სემინარებს, ინსტრუქტაჟებს და სხვადასხვა სახის ლექციას უტარებდა. ტურნირი 13-დან 19-ამდე ყველა – ჯამში, 6 ასაკში ჩატარდა. მთლიანობაში გაიმართა 504 მატჩი, რომლებსაც ევროპის თითქმის ყველა ქვეყნისა და სხვა კონტინენტების წარმომადგენელი 150 მსაჯი – მათ შორის, ბექა ჭაჭუა და ნიკა ცაგარეიშვილი მოემსახურა.

“ძალიან სასარგებლო გამოცდილება მივიღეთ. მოვემსახურეთ არაერთ მატჩს, რომელსაც მსაჯთა ინსტრუქტორები ესწრებოდნენ და თამაშის მსვლელობისას, პირდაპირ შესვენებებზე გვაძლევდნენ რჩევებს და მიგვითითებდნენ ამა თუ იმ შეცდომაზე. ასეთი მიდგომა ახლებური და ძალიან სასარგებლოა” – გვითხრა ნიკა ცაგარეიშვილმა, რომელიც ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და პერიოდულად სუპერლიგაში მსაჯობაც უწევს.

“ბატონი რიჩარდი მსაჯთა ერთ-ერთი მთავარი ინსტრუქტორი და სემინარების წამყვანი ლექტორი გახლდათ – ეს ბექა ჭაჭუას სიტყვებია – მასთან ერთად სემინარებს ძალიან ცნობილი მსაჯები და ინსტრუქტორები გვიტარებდნენ. მიხარია, რომ ფინალის მსაჯობა მომიწია, თან ყველაზე მაღალ ასაკობრივ ტურნირში”.

მსაჯთა სემინარები ტურნირამდე 2 დღით ადრე დაიწყო, რომლებიც როგორც აუდიტორიაში, თეორიულ სწავლებას, ისე მოედანზე – სამსაჯო მექანიკაში პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. კემპის მონაწილე მსაჯებს რიჩარდ სტოკსთან ერთად ლექციებს უტარებდნენ ნბა-ს, ფიბა-ს, ევროლიგისა და ევროპის ეროვნული ლიგების წამყვანი არბიტრები და ინსტრუქტორები – ალბერტო ბაენა, მიგელ პერესი, დრაგან მედანი და ნბა-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი მსაჯი – რონი ნანი.

ნიკა და ბექა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის 10-ზე მეტ მატჩს მოემსახურნენ. ბექა ჭაჭუას წილად ხვდა მეტად საპატიო ამპლუაში ყოფნა: მას ყველაზე მაღალი ასაკობრივი ჩემპიონატის, 19-წლამდელების ფინალური შეხვედრის მთავარი მსაჯობა მიანდეს, ხოლო ნიკა ცაგარეიშვილი ნახევარფინალებს მოემსახურა. ორივე მათგანმა სპეციალისტებისგან საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. ნიკას, ბექას და ყველა დანარჩენი ქართველი მსაჯის განვითარებაზე რიჩარდ სტოკსი უკვე საქართველოში გააგრძელებს ზრუნვას.

GBF.GE


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული