დასრულდა სუპერლიგის მე-15 ტური. ჩემპიონატის აუტსაიდერმა “რუსთავმა” “მგზავრებს” უმასპინძლა და რომ იტყვიან, უშანსოდ წააგო, რითაც ლიგაში დარჩენის იმედი ფაქტობრივად გადაეწურა. სუპერლიგიდან პირდაპირი გზით რომ არ დაქვეითდნენ, რუსთაველებმა რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი სამივე მატჩი უნდა მოიგონ, მათ შორის კონკურენტ “კაკტუსს” მინიმუმ 6 ქულით სძლიონ, ხოლო კაკტუსელებმა სამივე შეხვედრა წააგონ. ამის, ანუ რუსთაველების ბოლო ადგილიდან თავის დაღწევის შანსი ძალიან მცირეა.
დღევანდელ შეხვედრაში “მგზავრები” დომინირებდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი პერიოდი 29:11 მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდა – 49:29.
მატჩის ბედი
მესამე პერიოდში გადაწყდა, როცა “მგზავრების” ლიდერობა 30 ქულას მიუახლოვდა. საბოლოოდ თბილისელებმა 91:71 დაამარცხეს “რუსთავი” და ცხრილში მეორეზე მყოფ “დინამოს” გაუთანაბრდნენ. ორივე გუნდს 10 მოგება და 5 წაგება აქვს.
“მგზავრებს” 25-25 ქულით კახა ჯინჭარაძემ და პრინს უილიამსმა ულიდერეს. 15 ქულა დააგროვა ჯეიკობ არმსტრონგმა, ხოლო 13 – ადრიან ბოუიმ. “რუსთავში” 23 ქულით საუკეთესო იყო აჰმედ მოავადი, ხოლო ლევან გოგალაძის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა.
სუპერლიგის მე-16 ტური 5 და 6 აპრილს – ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით