საკალათბურთო მატჩის დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი საზომი ოვერტაიმია, აღნიშნულ შეხვედრაში კი 2 დამატებითი 5-წუთეული დაინიშნა. მესამეც იქნებოდა, "ტიტების" ამერიკელ სნაიპერს, ლუკ მეიერს საფინალო სირენამდე 1.6 წამით ადრე 2-დან 1 საჯარიმო რომ აეცილებინა. მეიერმა მიზანზე მეტად ნერვების სიმტკიცე გამოავლინა, როცა ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი გამარჯვების საჯარიმოც ჩააგდო.
"ცხუმ-აფხაზეთმა" რომ წააგო,
მეორე დამატებით ხუთწუთეულში დეონტა ფრანკლინის და ზუკა მაჩალაძის ქულებით ცხუმელები 4 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა ტიტელთა ერთ-ერთი ლიდერის, ტრისტინ უოლეს სამქულიანით ბრძოლაში დაბრუნდნენ, მეტოქის შეტევაც მოიგერიეს და შემდეგ მეიერის გამარჯვების საჯარიმოების დროც დადგა. გიორგი შარაბიძემ ბოლო იმედის ჯარიმა აირო მეიერზე, რადგან ეს რომ არ გაეკეთებინა, ტიტელი უკანახაზელი 2 ქულას მიითვლიდა.
"ცხუმ-აფხაზეთის" ამერიკელმა გამთამაშებელმა კვამ უოლერმა ზემოთ ნახსენებ 1.6 წამში საკუთარი მოედნიდან სროლა მოასწრო, რომელიც მიზანს ოდნავ ასცდა და "ტიტების" კალათის რკალმა აისხლიტა – 81:80.
გამარჯვებულებს ტრისტინ უოლემ ულიდერა, რომელმაც შესანიშნავი სროლათა პროცენტით (50% 2-იანი, 60% 3-იანი) 23 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ხოლო მატჩის მეორე გმირმა მეიერმაც 23 ქულა ჩააგდო, რასაც 7 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა. "ცხუმ-აფხაზეთში" 20 ქულით კვამ უოლერი გამოირჩა, დეონტა ფრანკლინმა კი 14 ქულა მიითვალა.
სუპერლიგის მორიგი, მე-4 ტურის მატჩები 1, 2 და 3 ნოემბერს – რუსთავსა და თბილისში გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით