აღსანიშნავია, რომ “ოლიმპმა” შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო, თუმცა, პირველი ნახევრიდან გამომდინარე, ამას ძნელად თუ იფიქრებდით. ჯაკობოვის გუნდმა მატჩი დამაჯერებლად დაიწყო და ქულას ქულაზე ითვლიდა: პერიმეტრიდან იქნებოდა თუ ფარქვეშიდან, “ოლიმპის” მოთამაშეები წარმატებით ირჯებოდნენ და პირველი პერიოდი ხომ 30:18 მოიგეს, მეორეში 15 ქულით
“კაკტუსი” რომ მებრძოლი გუნდია, კიდევ ერთხელ გამოავლინა. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა ჩამორჩენის გაბათილებას მიჰყვეს ხელი და ეს მწყობრი დაცვის, სწრაფი შეტევისა და ზუსტად დაგვირგვინებული შეტევების შედეგად გამოუვიდათ. დიდ შესვენებამდე “კაკტუსმა” ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა და მესამე პერიოდიდან მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა.
ანგარიში გათანაბრდა და თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ასე მივიდა შეხვედრა ბოლო წუთამდე, როცა ქულით ჩამორჩენილმა “კაკტუსმა” შეტევა გააცუდა, ოლიმპელმა რევაზ როგავამ კი ორივე საჯარიმო ჩააგდო და როცა კაკტუსელთა შეტევაში მიხეილ ჭოჭუამ ბურთი დაკარგა, მატჩის ბედიც გაირკვა. “ოლიმპმა” 5-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მიუწვდომელი გახდა. ჯაკობოვის გუნდმა საბოლოოდ 74:70 გაიმარჯვა და ცხრილში მე-4 ადგილზე გამაგრდა.
გამარჯვებულთაგან 11 ქულით, 12 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე. 23 ქულით ბომბარდირი გახდა აკიეან ფრედერიკი, ხოლო რევაზ როგავას ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. 18 ქულით კაკტუსელთაგან საუკეთესო იყო მიხეილ ჭოჭუა, 17 ქულა კი ბრაიან უილიამსის ანგარიშზე დაგროვდა.
სუპერლიგის მე-7 ტურის მატჩები 22, 23 და 24 ნოემბერს – ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით