მუნდიალი 2014: გადამწყვეტი მატჩების დრო

AutoSharing Option
სექტემბრის დასაწყისი სანაკრებო დროა. უახლოესი დღეების განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ძალიან ბევრი მატჩი გაიმართება.

ჩვენ ევროპის და სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ჯგუფების შესახებ ვისაუბროთ...

A ჯგუფი
6 სექტემბერი
მაკედონია-უელსი 21:00
სერბეთი-ხორვატია 22:45
შოტლანდია-ბელგია 23:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 7 6 1 0 13-2 19
2. ხორვატია 7 5 1 1 10-4 16
3. სერბეთი 7 2 1 4 9-9 7
4. უელსი 6 2 0 4 6-14 6
5. შოტლანდია 7 1 2 4 4-9 5
6. მაკედონია 6 1 1 4 3-7 4

ეპიცენტრი ბელგრადია
სათამაშო დღის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი ბელგრადში გაიმართება, სადაც სტუმრად ხორვატია ჩავა. ამ ქვეყნების დაპირისპირება ყოველთვის ძალიან საინტერესო და დაძაბულია. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა უნდა იყოს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ სერბებს
მუნდიალზე მოხვედრის შანსი აღარ აქვთ.

სამაგიეროდ, სატურნირო თვალსაზრისით, ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხორვატებისთვის - იგორ შტიმაცის შეგირდები ლიდერ ბელგიას მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან და ხორვატებს ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ.

ამ გუნდების პირველი მატჩი ხორვატების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ეს მათი პირველი შეხვედრა იყო ისტორიაში. მართალია, 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ხორვატები სერბებს შეხვდნენ, მაგრამ მაშინ ეს უკანასკნელი იუგოსლავიის სახელით გამოდიოდა და ნაკრებში ჩერნოგორიელებიც თამაშობდნენ.

ლიდერი ბელგია კი შოტლანდიას ესტუმრება და მორიგი გამარჯვების მოპოვებას ეცდება. შარშან გამართული შეხვედრა "წითელმა ეშმაკებმა" 2:0 მოიგეს, თუმცა მარკ ვილმოტსის შეგირდებს საკმაოდ გაუჭირდათ და გოლები მხოლოდ მატჩის ბოლო 20 წუთში გაიტანეს.

ვილმოტსმა თითქმის ყველა ლიდერი გამოიძახა - ტრავმის გამო მხოლოდ ვენსან კომპანი და ტომას ვერმალენი ვერ ითამაშებენ, მაგრამ ბელგიას იმდენი უმაღლესი დონის მოთამაშე ჰყავს, რომ მათი შეცვლა არ უნდა გაუჭირდეს.

B ჯგუფი
6 სექტემბერი
ჩეხეთი-სომხეთი 20:00
მალტა-დანია 22:00
იტალია-ბულგარეთი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 6 4 2 0 12-4 14
2. ბულგარეთი 6 2 4 0 11-4 10
3. ჩეხეთი 6 2 3 1 6-4 9
4. სომხეთი 6 2 0 4 6-8 6
5. დანია 6 1 3 2 6-9 6
6. მალტა 6 1 0 5 2-14 3

ნაბიჯი წინ
ჩეზარე პრანდელის მუნდიალის ფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. 6 სექტემბერს მისი იტალია ბულგარეთს ხვდება და თუ მოიგებს, უახლოეს მდევარს მინიმუმ 5 ქულით (თუ ჩეხეთმა მოიგო) გაუსწრებს. სოფიაში "სკუადრა აძურა" 2:1-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა. იტალიელთა მხრიდან ორივე გოლი პაბლო ოსვალდომ გაიტანა, რომელიც ნაკრებში ამჯერადაც გამოძახებულია.

ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მანოლო გაბიადინის მიწვევა, თუმცა "სამპდორიას" ფორვარდის მოედანზე ხილვის შანსი მინიმალურია.

ბულგარეთი ჯერ კიდევ დაუმარცხებელია და ლუბოსლავ პენევის შეგირდები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პალერმოდან მინიმუმ ქულა მაინც წაიღონ.

დანიის ნაკრები, რომელიც უკანასკნელ შანსს ებღაუჭება, სტუმრად მალტას ეთამაშება და თუ ვერ მოიგო, მუნდიალზე ოცნებას უნდა შეეშვას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩეხეთის და სომხეთის თამაშიც. მარცხის შემთხვევაში, სომხები მუნდიალზე მოხვედრის ყველანაირ შანსს დაკარგავენ, ჩეხებს კი იტალიელთა იმედი აქვთ - თუ "სკუადრამ" მოიგო და ჩეხებმაც იმარჯვეს, მეორე ადგილზე სწორედ მიხალ ბილეკის შეგირდები გადავლენ.

C ჯგუფი
6 სექტემბერი
ყაზახეთი-ფარერები 19:00
ირლანდია-შვედეთი 22:45
გერმანია-ავსტრია 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 6 5 1 0 22-7 16
2. ავსტრია 6 3 2 1 15-5 11
3. შვედეთი 6 3 2 1 11-7 11
4. ირლანდია 6 3 2 1 12-10 11
5. ყაზახეთი 6 0 1 5 2-15 1
6. ფარერები 6 0 0 6 2-20 0

კინი იბრას წინააღმდეგ
გერმანიამ ბოლო სამ ამხანაგურ შეხვედრაში 9 გოლი გაუშვა, თანაც ბუნდესგუნდს აშშ-ის, ეკვადორის და პარაგვაის სახით არც ისე ძლიერი მეტოქეები ჰყავდა. იოახიმ ლიოვის სამწყსო ამ ტურში ავსტრიას ხვდება, რომელთანაც გერმანელებს დადებითი ბალანსი აქვთ: 24 მოგება, 6 ფრე და 8 წაგება.

წარმოუდგენელია, ამ გუნდებზე საუბრობდე და უკვე ლეგენდად ქცეული მატჩი არ გაიხსენო - 1982 წლის მუნდიალზე მეზობლებმა ფრედ ითამაშეს, ასეთი შედეგი კი ორივეს აწყობდა. მაშინ ჯგუფში ძალიან სიმპათიური ალჟირის ნაკრები ჩარჩა, რის შემდეგაც ფიფამ წესები შეცვალა და ბოლო ტურის მატჩების პარალელურად გამართვა მოითხოვა.

"იოგიმ" კვლავ არ გამოიძახა შტეფან კისლინგი, რომელიც ბოლო პერიოდის ყველაზე შედეგიანი გერმანელი ფორვარდია. ლევერკუზენის "ბაიერის" ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში რომც მიიწვიონ, ის იქამდე არ ითამაშებს, სანამ იქ იოახიმ ლიოვი იმუშავეს.

ე.წ. 6-ქულიან მატჩთა კატეგორიიდანაა ირლანდიის და შვედეთის დაპირისპირება. ორივე გუნდს 11-11 ქულა აქვს, მაგრამ თუ დარჩენილი მატჩების კალენდარს გავითვალისწინებთ, ქულები ირლანდიას უფრო სჭირდება. ჯანმრთელია და სათამაშოდ მზად არის რობი კინი, რომელსაც ნაკრებში ჩატარებულ 127 შეხვედრაში 59 გოლი აქვს გატანილი. მეტოქეს კი ზლატან იბრაჰიმოვიჩის იმედი აქვს, ვისაც ნაკრებში 44 გოლი აქვს გატანილი (91 შეხვედრაში) და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ სვენ რიდელს მხოლოდ 5 ბურთით ჩამორჩება.

D ჯგუფი
6 სექტემბერი
თურქეთი-ანდორა 22:00
რუმინეთი-უნგრეთი 22:00
ესტონეთი-ჰოლანდია 22:30

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 6 6 0 0 20-2 18
2. უნგრეთი 6 3 2 1 13-8 11
3. რუმინეთი 6 3 1 2 10-10 10
4. თურქეთი 6 2 1 3 7-7 7
5. ესტონეთი 6 2 0 4 3-9 6
6. ანდორა 6 0 0 6 0-17 0

ბუქარესტი vs ბუდაპეშტი
ჰოლანდიის ნაკრებს ზედიზედ 6 გამარჯვება აქვს და წესით, ლუის ვან გაალის შეგირდებმა ეს სერია უნდა განაგრძონ. ტრავმირებულია კლაას-იან ჰუნტელაარი, თუმცა "ნარინჯისფერებს" მის გარეშეც არ უნდა გაუჭირდეთ. ნაკრებში არაა რაფაელ ვან დერ ვაარტიც, სამაგიეროდ, რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელია გამოძახებული. ბრუნო მარტინს ინდი, ჯეტრო ვილემსი, სტეფან დე ვრეი, ჯეფრი ბრუმა, ადამ მაჰერი - ვან გაალი ახალგაზრდებს თამამად ენდობა და არ გამოვრიცხოთ, რომ ტალინში ამ ხუთეულიდან ძირითად შემადგენლობაში ყველა მოხვდეს.

ბუქარესტში სტუმრად უნგრეთის ნაკრები ჩავა. ორი კონკურენტის მატჩს არანაკლები ინტერესით თვალს თურქეთიც მიადევნებს, რომელიც მეორე ადგილისთვის ჯერ კიდევ იბრძვის. დაბრუნებული ფათიჰ თერიმი ნაკრებში ხელახალ დებიუტს, რა თქმა უნდა, გამარჯვებით დაიწყებს, აი, რუმინეთი-უნგრეთის შეხვედრაში კი თურქებისთვის საუკეთესო შედეგი ფრე იქნება.

E ჯგუფი
6 სექტემბერი
ნორვეგია-კვიპროსი 21:00
შვეიცარია-ისლანდია 22:30
სლოვენია-ალბანეთი 22:30

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 6 4 2 0 8-1 14
2. ალბანეთი 6 3 1 2 7-6 10
3. ისლანდია 6 3 0 3 8-9 9
4. ნორვეგია 6 2 2 2 7-7 8
5. სლოვენია 6 2 0 4 8-10 6
6. კვიპროსი 6 1 1 4 4-9 4

წესრიგი თუ ქაოსი?
ყველაზე თანაბარ და სუსტ ჯგუფში ლიდერი გამოიკვეთა. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ადგილზე შვეიცარიის ნაკრები დამკვიდრდა და პირველობის განმტკიცებას ამ ტურში ისლანდიასთან ეცდება. ოტმარ ჰიტცფელდის გუნდს უკვე 10 მატჩია არ წაუგია, ბოლო 8 მატჩში სულ 2 გოლი გაუშვა, უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრაში კი ბრაზილიას (1:0) სძლია.

ჯგუფის დარჩენილ მატჩებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჯერჯერობით ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი არავის დაუკარგავს, მაგრამ ამ ტურის შემდეგ დიდი შანსია, რაღაც-რაღაცები გაირკვეს ან პირიქით, სიტუაცია კიდევ უფრო ბუნდოვანი და დაძაბული გახდეს.

F ჯგუფი
6 სექტემბერი
რუსეთი-ლუქსემბურგი 18:30
ჩრდ. ირლანდია-პორტუგალია 22:45

7 სექტემბერი
ისრაელი-აზერბაიჯანი 21:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 7 4 2 1 12-6 14
2. რუსეთი 6 4 0 2 8-2 12
3. ისრაელი 6 3 2 1 15-8 11
4. ჩრდ. ირლანდია 6 1 3 2 4-7 6
5. აზერბაიჯანი 7 0 4 3 3-9 4
6. ლუქსემბურგი 6 0 3 3 3-13 3

ლიდერების დაგეგმილი
რუსეთმა ბოლო ორი მატჩი (პორტუგალიასა და ჩრდილოეთ ირლანდიასთან) წააგო და მდგომარეობა გაირთულა. არადა, 4 მატჩის შემდეგ ფაბიო კაპელოს გუნდს არამარტო ქულა არ ჰქონდა დაკარგული, საკუთარ კარში გოლიც კი არ ჰქონდა გაშვებული. ამ ტურში რუსები, რა თქმა უნდა, მოიგებენ და უიღბლო სერიას შეწყვეტენ.

პორტუგალია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ფორმაში მყოფ გუნდს ესტუმრება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირველ წრეში პაულო ბენტუს შეგირდები მარცხს ძლივს გადაურჩნენ და ირლანდიელებს გოლი მატჩის ბოლოსკენ გაუტანეს (1:1).

მართალია, ბრიტანელებმა ერთი თვის წინ რუსეთს მოუგეს, რითაც ამ გუნდმა 13-მატჩიანი მოუგებელი სერია (5 ფრე და 8 მარცხი) დაასრულა, მაგრამ ამ წყვილის ფავორიტი აშკარად კრიშტიანო რონალდო და კომპანია არიან და თუ პირინეელებს მუნდიალზე ასპარეზობა სურთ, ბელფასტში სამი ქულა აუცილებლად უნდა მოიპოვონ.

ანალოგიურ სიტუაციაშია ისრაელიც, რომელიც აზერბაიჯანს გასაგები მიზეზების გამო შაბათს ეთამაშება.

G ჯგუფი

6 სექტემბერი
ლატვია-ლიტვა 22:10
ბოსნია-სლოვაკეთი 22:15
ლიხტენშტაინი-საბერძნეთი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოსნია 6 5 1 0 23-3 16
2. საბერძნეთი 6 4 1 1 7-4 13
3. სლოვაკეთი 6 2 3 1 7-5 9
4. ლიტვა 6 1 2 3 4-8 5
5. ლატვია 6 1 1 4 6-14 4
6. ლიხტენშტაინი 6 0 2 4 3-16 2

ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ბოსნიისთვის
ბოსნია ისტორიაში პირველი მუნდიალისკენ დამაჯერებელი ნაბიჯებით მიიწევს. საფეტ სუშიჩის შეგირდებმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ სამი მიიღეს. დარჩენილი შეხვედრებიდან ყველაზე რთული მატჩები ბალკანელებს სწორედ ამ კვირის განმავლობაში ელით, როდესაც საკმაოდ ძლიერ სლოვაკეთის ნაკრებს ზედიზედ ორჯერ შეხვდებიან.

ბოსნიელებს, პრაქტიკულად, არავინ აკლიათ და გუნდის ყველა ლიდერი (ჯეკო, იბიშევიჩი, მისიმოვიჩი, პიანიჩი, რაჰიმიჩი, სალიჰოვიჩი, ლულიჩი, სპაჰიჩი) სათამაშოდ მზადაა. სლოვაკებს კი, პირველ რიგში, მარეკ ჰამშიკის იმედი აქვთ, რომელიც შენიშნავ ფორმაშია - "ნაპოლის" და ნაკრების ლიდერმა სერია A-ს პირველ 2 ტურში 4 გოლი გაიტანა.

ბოსნიელების მდევარი საბერძნეთი ჯუჯა ლიხტენშტაინს ეწვევა და იქიდან სამი ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბერძნებმა დარჩენილ მატჩებში ქულათა მაქსიმუმი უნდა აიღონ. შესაბამისად, ბოსნიელთა მიზანი 9 ქულის მოგროვებაა, რაც წარმოუდგენლად ძნელი მისაღწევი იქნება, თუ 6 სექტემბერს სლოვაკებს არ სძლიეს.

H ჯგუფი
6 სექტემბერი
უკრაინა-სან მარინო 22:00
პოლონეთი-ჩერნოგორია 22:45
ინგლისი-მოლდოვა 23:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩერნოგორია 7 4 2 1 14-7 14
2. ინგლისი 6 3 3 0 21-3 12
3. უკრაინა 6 3 2 1 10-4 11
4. პოლონეთი 6 2 3 1 12-7 9
5. მოლდოვა 7 1 2 4 4-11 5
6. სან მარინო 6 0 0 6 0-29 0

მთავარი მატჩი 10 სექტემბერს
ამ ჯგუფის მთავარი მატჩი 10 სექტემბერს გაიმართება, როდესაც უკრაინას ინგლისი ეწვევა. იქამდე კი გუნდები კარგად უნდა გახურდნენ. სლავები სან მარინოს ასტრონომიული ანგარიშით დამარცხებას ეცდებიან, ინგლისელები კი მოლდოველთა მინიმუმ ისე განადგურებას (5:0), როგორც ეს პირველ წრეში მოახერხეს.

ცენტრალური დაპირისპირება კი ვარშავაში შედგება - პოლონეთის დედაქალაქში ჯგუფის ლიდერი ჩადის. ჩერნოგორიამ ბოლო ორ შეხვედრაში 5 ქულა დაკარგა და თუ ფეხი ამჯერადაც დაუცდა, ერთბაშად მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდება, ხოლო პოტენციურად მეოთხე პოზიციაზეც კი იქნება.

პოლონელებს დამიენ პერკისის, ლუკაშ პიშჩეკის და არტურ სობიხის სახით სამი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავთ დაშავებული. ჩერნოგორიელებს კი მსგავსი პრობლემები, პრაქტიკულად, არ აწუხებთ - ერთადერთი გამორჩეული მოთამაშე, რომელსაც ბრანკო ბრნოვიჩი ვერ გამოიყენებს, ანდრია დელიბაშიჩი გახლავთ.

ბომბარდირები: 8 - ჯეკო (ბოსნია); 6 - ჰემედი (ისრაელი), იბიშევიჩი (ბოსნია); 5 - ელდერ პოშტიგა (პორტუგალია), იოზილი (გერმანია), როისი (გერმანია), რუნი (ინგლისი), ვან პერსი (ჰოლანდია).

ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. სამხრეთ ამერიკა. XV ტური
კოლუმბია-ეკვადორი 00:30
პარაგვაი-ბოლივია 02:30
ჩილე-ვენესუელა 04:30
პერუ-ურუგვაი 06:30

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არგენტინა 13 7 5 1 25-9 26
2. კოლუმბია 12 7 2 3 21-7 23
3. ეკვადორი 12 6 3 3 17-12 21
4. ჩილე 13 7 0 6 21-21 21
5. ურუგვაი 12 4 4 4 18-21 16
6. ვენესუელა 13 4 4 5 10-14 16
7. პერუ 12 4 2 6 12-17 14
8. ბოლივია 13 2 4 7 15-24 10
9. პარაგვაი 12 2 2 8 9-23 8

ბომბარდირები: 9 - იგუაინი (არგენტინა); 8 - მესი (არგენტინა), სუარესი (ურუგვაი); 7 - ფალკაო (კოლუმბია).

სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ეტაპის მორიგ ტურს არგენტინის ნაკრები გამოტოვებს, რაც კოლუმბიას "ალბისელესტეს" დაწევის შანსს აძლევს. ხოსე პეკერმანის გუნდი ეკვადორს ეთამაშება, რომელიც მესამე ადგილზე კი არის, მაგრამ სტუმრად რომ ვერ ბრწყინავს, ეს პატარა ბავშვმაც იცის - გასვლაზე ჩატარებულ 5 შეხვედრაში რეინალდო რუედას შეგირდებმა მხოლოდ 2 ქულა მოაგროვეს და ეს იმ დროს, როდესაც შინ გამართული 7 მატჩიდან 6 მოიგეს და მხოლოდ ერთხელ დასჯერნენ ფრეს.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, კოლუმბია წყვილის გამოკვეთილი ფავორიტია და თუ ეს სტატუსი გაამართლა, არამარტო არგენტინას წამოეწევა, არამედ ბრაზილიის საგზურსაც, პრაქტიკულად, ჯიბეში ჩაიდებს.

პერუ-ურუგვაის და ჩილე-ვენესუელას შეხვედრებს დაახლოებით ერთნაირი დატვირთვა აქვს - წინ გაჭრილი გუნდები მდევრებს ხვდებიან.

ჩილემ ბოლო დროს გამოიღვიძა და ზედიზედ განცდილი 4 მარცხის შემდეგ მიჯრით სამი თამაში მოიგო, რისი წყალობითაც ცხრილში მეოთხე ადგილზე გადავიდა. ვენესუელამ კი პირიქით, მოუკლო და ამ მატჩში აუტსაიდერად მოჩანს.

პერუსთან სტუმრად, მაღალმთიან რეგიონში თამაში ყველას უჭირს, მით უმეტეს, ისეთ გუნდს, რომელიც გაიშვიათებულ ჰაერს მიჩვეული არ არის. ურუგვაის წაბორძიკების უფლება აღარ აქვს, თორემ არაა გამორიცხული, გუნდი პლეი ოფის საგზურის მომტანი მეხუთე ადგილის გარეშეც კი დარჩეს.

ბრაზილია 2014. შესარჩევი ეტაპი. აზია.
პლეი ოფი. I მატჩი

6 სექტემბერი
იორდანია-უზბეკეთი 20:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული