გერმანიის ნაკრები: რომელი ბენდერი წავა ბრაზილიაში?

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის ოფიციალურად განაღდება იმასაც ნიშნავს, რომ გერმანიის ნაკრები უშუალოდ მუნდიალის ფინალური ეტაპისთვის იწყებს მზადებას. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი აქტიურად დაიწყებს იმაზე ფიქრს, თუ რომელი ფეხბურთელები უნდა წაიყვანოს ბრაზილიაში.

თუმცა იოგის ბევრი საფიქრალი ნამდვილად არ აქვს, რადგან ნაკრების განაცხადში სულ 23 ადგილია, რომელთაგან გერმანიის ნაკრების შემთხვევაში 19 უკვე დაკავებული ჩანს. რეალურად კი რჩება 4 ადგილი და ძალიან ბევრი კანდიდატი.

ირლანდიასთან 3:0-ზე მოგებული მატჩის შემდეგ, რომლითაც გერმანიამ ბრაზილია 2014-ის საგზური ოფიციალურად გაიფორმა, ბუნდესგუნდის კაპიტანმა ფილიპ
ლამმა, როგორც იქნა, საკუთარ თავს ხუმრობის უფლება მისცა. კითხვაზე, რას ფიქრობს ზოგადად ბრაზილიაზე, ლამმა ასე უპასუხა:

"შესანიშნავი ქვეყანაა, სადაც ხალხი ფეხბურთზე გიჟდება. მიხარია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი სწორედ იქ უნდა ჩატარდეს. გარდა ამისა, ისიც კარგია, რომ ყველა მუნდიალი, რომელზეც ვიასპარეზე, სხვადასხვა კონტინენტზე ტარდებოდა. ჰო, თუ რა თქმა უნდა, განაცხადში მოვხვდები," - და ამ დროს ლამმა იოახიმ ლიოვს მომღიმარი სახით გახედა.

ხანდახან გერმანული იუმორიც საჭიროა, ისე კი, ეჭვი, რა თქმა უნდა, არავის ეპარება იმაში, რომ ბუნდესმწვრთნელი ბუნდესკაპიტანს მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანს. საერთოდაც, თუ გერმანიის ნაკრების ძირითადი ბირთვის წევრები არ დაშავდებიან ან ფორმიდან კატასტროფულად არ ამოვარდებიან, 23-კაციან განაცხადში 19 ადგილი უკვე დაკავებულად უნდა მივიჩნიოთ.

"სამწუხაროდ, ყოველთვის ვიღაც შავდება ხოლმე, მაგრამ მე მაინც მაქვს იმის იმედი, რომ ამჯერად უიღბლო ტრავმებს გადავურჩებით," - ეს ლიოვის სიტყვებია.
მოდით, ერთად გადავხედოთ გერმანიის ნაკრების იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც დღევანდელი მდგომარეობით სამუნდიალე განაცხადში მოხვედრა გარანტირებული აქვთ და შევაფასოთ დანარჩენების შანსებიც.

მეკარეები
ბრაზილიაში მიდიან: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), რენე ადლერი (ჰამბურგი)

კანდიდატები:
რონ-რობერტ ცილერი (ჰანოვერი): როგორც ნახეთ, მეკარეებისთვის გამოყოფილი სამი ადგილიდან ორი დაკავებულია. მესამე ადგილისთვის კი რამდენიმე გოლკიპერი იბრძვის, რომელთაგან მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის საუკეთესო შანსი ამ ეტაპზე სწორედ ცილერს აქვს. ლიოვმა "ჰანოვერის" მეკარე შესარჩევი ციკლის ყველა შეხვედრაში გამოიძახა, თამაშით კი, არგენტინასთან ამხანაგურ შეხვედრაში ათამაშა, რომელშიც ცილერმა თავი შეირცხვინა - 30-ე წუთზე გააძევეს.

რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდი): ვაიდენფელერი ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაშია, გერმანიის ნაკრებში კი არასდროს უთამაშია. თუმცა ლიოვმა "დორტმუნდის" მეკარე დააიმედა და "ბილდის" ინფორმაციით, იტალიასთან ამხანაგური შეხვედრისთვის მის გამოძახებას აპირებს.

ბუნდესმწვრთნელმა 2010 წელს მესამე მეკარის არჩევისას აქცენტი გამოცდილებაზე გააკეთა და სამხრეთ აფრიკაში ჰანს-იორგ ბუტი წაიყვანა. თუკი იოგი 2014 წლის მუნდიალისთვისაც ასეთი მიდგომით იხელმძღვანელებს, მაშინ ვაიდენფელერს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი აქვს.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გლადბახი): ახლო წარსულში სწორედ ის იყო გერმანიის ნაკრების მესამე მეკარე, მაგრამ ბოლო დროს მოუკლო. თანაც, არასტაბილურია.

ბერნდ ლენო (ლევერკუზენი): ზაფხულში გამართულ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ლენო ახალგაზრდული ბუნდესნაკრების პირველი ნომერი იყო, მაგრამ გასაოცარი არაფერი გაუკეთებია.

ოლივერ ბაუმანი (ფრაიბურგი): ბუნდესლიგაში სტაბილურად, კარგად თამაშობს, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კი ერთხელ ათამაშეს და თავი გამოიჩინა, ლიოვის გუნდში კი უშანსოდ ჩანს.

კევინ ტრაპი (აინტრახტი): ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, წესით, მას უნდა ეასპარეზა, მაგრამ ხელი მოიტეხა. ბრაზილიაში გამგზავრების შანსი არ აქვს.

ცენტრალური მცველები
ბრაზილიაში მიდიან: პერ მერტეზაკერი (არსენალი), ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი), მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), ბენედიქტ ჰიოვედესი (შალკე)

კანდიდატები:
ჰაიკო ვესტერმანი (ჰამბურგი): ვესტერმანის მთავარი პლუსი ისაა, რომ ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში (ფლანგის მცველი, ცენტრალური მცველი, საყრდენი ნახევარმცველი), რაც მის შანსებს ზრდის. ამასთან, ჰაიკო მშვიდი და უპრეტენზიო პიროვნებაა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ჯდომით ტრაგედიას არ ქმნის.

ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი): ბადშტუბერი ალბათ ყველას დაავიწყდა. მან ჯერ 2012 წლის დეკემბერში გაიწყვიტა მყესები, მერე კი - 2013 წლის მაისში და ახლაც ტრავმირებულია. არადა, მანამდე ლიოვი არა მარტო იძახებდა, არამედ მუდმივად ათამაშებდა. ოქტომბრის დასაწყისში ბადშტუბერმა კიდევ ერთი და იმედია, უკანასკნელი ოპერაცია გაიკეთა, ახლა კი რეაბილიტაციის პერიოდშია, მაგრამ იმდენი ხანი გაუცდა, რომ თითქმის გამორიცხულია, ლიოვი ჰოლგერის ბრაზილიაში წაყვანაზე დაფიქრდეს.

ფილიპ ვოლშაიდი (ლევერკუზენი): ვოლშაიდმა გერმანიის ნაკრებში ორი მატჩი ჩაატარა - ორივე ამერიკული ტურნეს დროს. მას მერე კი ლიოვი აღარ იძახებს, რაც ლოგიკურიცაა, რადგან ფილიპი "ლევერკუზენშიც" სკამზე დასვეს.

მათიას გინტერი (ფრაიბურგი): მან ზედიზედ ორჯერ დაიმსახურა ფრიც ვალტერის სახელობის მედალი და გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია. ლიოვი გინტერს ბრაზილიაში ალბათ არ წაიყვანს, ისე კი, ეს ბიჭი გერმანული ფეხბურთის მომავალია.

ფლანგის მცველები
ბრაზილიაში მიდიან: ფილიპ ლამი (ბაიერნი), მარსელ შმელცერი (დორტმუნდი)

კანდიდატები:
მარსელ იანსენი (ჰამბურგი): იანსენმა ირლანდიასთან სოლიდურად ითამაშა. თუკი ლიოვი მეორე ცაცია მცველის წაყვანას გადაწყვეტს, რათა ისევ ბოატენგით ან ჰიოვედესით არ მოუხდეს ექსპერიმენტირება, მაშინ იანსენს მუნდიალზე მოხვედრის ჩინებული შანსი აქვს.

დენის აოგო (შალკე): ადრე აოგოს ნაკრებში ხშირად იძახებდნენ, ახლა კი მხოლოდ ტესტ-მატჩებში უხმობენ ხოლმე. დენისი ჰამბურგიდან სწორედ იანსენთან კონკურენციას გაექცა და "შალკეში" ძალიან კარგად ათამაშდა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს უტოვებს.

კევინ გროსკროიტცი (დორტმუნდი): კევინს ძალიან ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში და მებრძოლი ხასიათი აქვს. "დორტმუნდში" ახლა მარჯვენა მცველად ათამაშებენ, სადაც ტრავმირებულ ლუკაშ პიშჩეკს ცვლის. თუმცა ლიოვი მას დიდი ხანია აღარ სწყალობს.

სებასტიან იუნგი (აინტრახტი): ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვა. იუნგი მარჯვენა მცველის პოზიციაზე გერმანული ფეხბურთის უდიდესი ტალანტია და თანაც, "აინტრახტში" მუდმივად თამაშობს და ფრანკფურტული კლუბის ვიცე-კაპიტანიცაა.

საყრდენი ნახევარმცველები
ბრაზილიაში მიდიან: ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), სამი ხედირა (რეალი), ილქაი გიუნდოგანი (დორტმუნდი)

კანდიდატები:
ლარს ბენდერი (ლევერკუზენი): ლევერკუზენელი ტყუპისცალის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება მისი მრავალმხრივობაა. სვენს შეუძლია იყოს საყრდენი ნახევარმცველი, მარჯვენა მცველი და ცენტრალური მცველი. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სამუნდიალე განაცხადში ადგილი მხოლოდ ერთი ბენდერისთვის მოიძებნება და ჯერჯერობით, ლარსს უპირატესობა აქვს.

სვენ ბენდერი (დორტმუნდი): "დორტმუნდელი" ტყუპისცალი მხოლოდ ერთ პოზიციაზე თამაშობს და ლიოვისთვის ზედმეტად კლასიკური ჩამშლელი ნახევარმცველია. სვენი ბევრს დარბის და შრომობს, მაგრამ ლიოვს უფრო მრავალმხრივი და შემოქმედი საყრდენები უყვარს.

რომან ნოიშტედტერი (შალკე): ბუნდესგუნდში მისი დებიუტი 2012 წლის ბოლოს, ჰოლანდიასთან შედგა, მერე იოგიმ დიდხანს აღარ გამოიძახა, ზაფხულში კი ამერიკულ ტურნეში წაიყვანა. დღეისათვის ნოიშტედტერი ბუნდესგუნდისგან შორსაა.

სებასტიან როდე (აინტრახტი): ბრძოლისუნარიანი საყრდენი ნახევარმცველი, რომელიც "აინტრახტის" ლიდერია და გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ. როდეს გადაბირებისთვის "ბაიერნი" და "ლევერკუზენი" იბრძვიან.

შემტევი ნახევარმცველები
ბრაზილიაში მიდიან: მესუთ იოზილი (არსენალი), ტონი კროოსი (ბაიერნი), თომას მიულერი (ბაიერნი), მარიო გიოტცე (ბაიერნი), მარკო როისი (დორტმუნდი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი)

კანდიდატები:
ანდრე შიურლე (ჩელსი): ვინ უნდა იყოს მარკო როისის შემცვლელი? ირლანდიასთან ლიოვმა დრაქსლერს შიურლე ამჯობინა და რაკი ანდრე "ჩელსიშიც" გაშინაურებულია, მუნდიალზე გამგზავრების შესანიშნავი შანსი აქვს.

იულიან დრაქსლერი (შალკე): დრაქსლერს 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში, შუამარბების შემტევი სამეულიდან ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. დრაქსლერი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ისეთი მოთამაშეა, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. შესაბამისად, ლიოვს მასზე უარის თქმა ძალიან გაუჭირდება.

სიდნი სემი (ლევერკუზენი): ამერიკულ ტურნეში, რომელიც ხშირად ვახსენეთ და რომელზეც ლიოვს უმეტესად მეორეხარისხოვანი მოთამაშეები ჰყავდა წაყვანილი, თავი ყველაზე უკეთ სემმა წარმოაჩინა, რომელიც "ლევერკუზენშიც" საკმაოდ კარგად თამაშობს. ამასთან, სემი ავსტრიასთან, ფარერებთან, ირლანდიასთან და შვედეთთან შეხვედრებშიც გამოძახებული იყო.

თითქოს კარგი შანსი აქვს, მაგრამ გერმანიის ნაკრებში შემტევი ნახევარმცველების პოზიციებზე ძალიან დიდი კონკურენციაა, თუმცა სემისთვის კარი ბოლომდე დახურული არაა.

პატრიკ ჰერმანი (გლადბახი), ლუის ჰოლტბი (ტოტენჰემი), იონას ჰოფმანი (დორტმუნდი): ეს სამეული ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, უშანსოდაა.

თავდამსხმელები
ბრაზილიაში მიდიან: მიროსლავ კლოზე (ლაციო), მარიო გომესი (ფიორენტინა)

კანდიდატები:
მაქს კრუზე (გლადბახი): ამერიკულ ტურნეშიც კარგად იასპარეზა და ბუნდესლიგაშიც ჩინებულად გამოიყურება. თუმცა ის ფაქტი, რომ მიუხედავად გომესისა და კლოზეს ტრავმებისა, ლიოვმა ირლანდიასთან ძირითად შემადგენლობაში არ გაამწესა, კრუზესთვის ცუდის ნიშანი იყო.

შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი): კისლინგზე ბევრი რამ დაიწერა და კიდევ უფრო მეტი ითქვა. ფაქტია, რომ დღევანდელი გადასახედიდან, არცერთი შესაძლო სცენარი არ ჩანს ისეთი, რომელშიც კისლინგი 23-კაციან სიაში მოხვდება.

კევინ ფოლანდი (ჰოფენჰაიმი): გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ბუნდესლიგაშიც ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და თანაც, გარემარბისა და გამთამაშებლის პოზიციებზეც შეუძლია ასპარეზობა, რის გამოც ლიოვს ძალიან მოსწონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იოახიმ ლიოვი: ცივსისხლიანობა გვაკლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული