მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა. ბოლო ტურის წინ: ჩახლართული სიტუაცია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ევროპის ზონაში ბოლო ტურის მატჩები უნდა გაიმართოს.

ზოგიერთ ჯგუფში უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია, ზოგ ჯგუფში მოჩვენებითი ინტრიგაა შემორჩენილი, მაგრამ ასევე არის მატჩები, რომლებსაც ყველა დიდი ინტერესით ელის...

დასაწყისში, შეგახსენებთ, რომ მეორე ადგილზე გასული ცხრა გუნდიდან ერთი პლეი ოფის საგზურს ვერ მიიღებს. სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, ამ მომენტისთვის მეორე ადგილზე მყოფი გუნდების ცხრილს შემოგთავაზებთ.

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, მეორე ადგილზე გასული გუნდების ცხრილში ჯგუფის ბოლოადგილოსანთან დაგროვებული ქულები გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რომელი გუნდი გავა ამა თუ იმ ჯგუფში უკანასკნელ
ადგილზე, ეს ცხრილიც შესაძლოა შეიცვალოს.

წინასწარ გეტყვით, რომ ბულგარეთი (ისევე, როგორც ამ ჯგუფის მეორე ბინადარი დანია) საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაშიც, იმის შანსი, რომ პლეი ოფში მოხვდეს, ძალიან მცირეა.

თუ რატომ, ამაზე უკვე ჯგუფების მიხედვით ვისაუბროთ...

A ჯგუფი
სერბეთი-მაკედონია 22:30
ბელგია-უელსი 23:00
შოტლანდია-ხორვატია 23:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 9 8 1 0 17-3 25
2. ხორვატია 9 5 2 2 12-7 17
3. სერბეთი 9 3 2 4 13-10 11
4. უელსი 9 3 0 6 8-19 9
5. შოტლანდია 9 2 2 5 6-12 8
6. მაკედონია 9 2 1 6 6-11 7

ამ ჯგუფში ყველაფერი გადაწყვეტილია. ბელგიის ნაკრებმა, ზაგრებში მოპოვებული გამარჯვებით, პირველი ადგილი და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური გაინაღდა, ხორვატია კი მეორე ადგილზე გავა.

მიუხედავად იმისა, რომ იგორ შტიმაცის შეგირდებს პლეი ოფში მოხვედრა ოფიციალურად გარანტირებული არ აქვთ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხორვატები საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებენ, რადგან იმისთვის, რომ გუნდი მეორეადგილოსნებში ბოლო ადგილზე გავიდეს, მართლაც სასწაული უნდა მოხდეს.

კერძოდ, თავად ხორვატიამ უნდა წააგოს, ხოლო B ჯგუფში მეორე ადგილზე სომხეთის ნაკრები უნდა გავიდეს, რაც წარმოუდგენელია...

B ჯგუფი
ბულგარეთი-ჩეხეთი 22:15
დანია-მალტა 22:15
იტალია-სომხეთი 22:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 9 6 3 0 17-7 21
2. ბულგარეთი 9 3 4 2 14-8 13
3. დანია 9 3 4 2 11-12 13
4. ჩეხეთი 9 3 3 3 12-9 12
5. სომხეთი 9 4 0 5 10-11 12
6. მალტა 9 1 0 8 5-22 3

ყველაზე ცუდი მდგომარეობა ამ ჯგუფის ბინადრებს აქვთ. იტალიამ პირველი ადგილი დიდი ხანია, რაც გაინაღდა, მეორე ადგილისთვის კი ერთბაშად 4 გუნდი იბრძვის, მაგრამ ჩეხეთი მეორე ადგილზე რომც გავიდეს, გადაწყვეტილია, რომ გუნდი ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსანი იქნება. შესაბამისად, ჩეხები უმოტივაციოდ არიან.

მეორე პოზიციის დაკავების შემთხვევაში, პლეი ოფში მოხვედრის ყველაზე კარგი შანსი სომხეთის ნაკრებს აქვს, რადგან ერთადერთი გუნდი, რომელმაც მალტასთან წააგო, სწორედ სომხეთია, თუმცა იმისთვის, რომ ვარდან მინასიანის შეგირდები პლეი ოფში გავიდნენ (როგორც ზემოთ აღვნიშნეთ), სასწაული უნდა მოხდეს - სომხეთმა იტალიას უნდა მოუგოს, ბულგარეთმა და ჩეხეთმა ფრედ უნდა ითამაშონ, დანიამ კი მალტა ვერ უნდა დაამარცხოს.

არის ორი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ბულგარეთი და დანია, გამარჯვების და მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში, პლეი ოფში გავლენ:

1. თურქეთი მარცხდება ჰოლანდიასთან, რუმინეთი მარცხდება ესტონეთთან და უნგრეთი ვერ უგებს ანდორას. ამ შემთხვევაში, თურქეთი/რუმინეთი და ბულგარეთი/დანია 10-10 ქულას მოაგროვებენ და გადამწყვეტი ჯგუფის პირველ ხუთ გუნდთან დაფიქსირებული ბურთების სხვაობა იქნება;

2. ისლანდია უნდა დამარცხდეს ნორვეგიასთან, ხოლო სლოვენიამ შვეიცარიასთან ფრედ უნდა ითამაშოს. ამ შემთხვევაში, ბულგარეთი/დანია და სლოვენია 10-10 ქულას მოაგროვებენ და გადამწყვეტი აქაც ბურთების სხვაობა იქნება, მაგრამ წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ დანია ამ კომპონენტში სლოვენიას ვერ აჯობებს. ასე რომ, მორტენ ოლსენის შეგირდებს მოვლენების ასეთი განვითარებაც არ აწყობთ.

C ჯგუფი
ირლანდია-ყაზახეთი 22:45
შვედეთი-გერმანია 22:45
ფარერები-ავსტრია 22:45


ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 9 8 1 0 31-7 25
2. შვედეთი 9 6 2 1 16-9 20
3. ავსტრია 9 4 2 3 17-10 14
4. ირლანდია 9 3 2 4 13-16 11
5. ყაზახეთი 9 1 2 6 5-18 5
6. ფარერები 9 0 1 8 4-26 1

აქ ინტრიგა აღარ არის - გერმანია პირველია, შვედეთი კი პლეი ოფში ითამაშებს. ჯგუფის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან და წესით, მათი თამაში თვალსასეირო და სანახაობრივი უნდა გამოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა ფრედ, 4:4 დასრულდა, თანაც გერმანია 4:0-ს იგებდა, მაგრამ სკანდინავიელებმა საოცარი "ქამბექი" შემოგვთავაზეს და მეორე ტაიმში ალემანებს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს.

ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც წინა შეხვედრის ბოლო წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და დისკვალიფიკაცია მიიღო. ამავე მიზეზით, გერმანიის ნაკრებს სამი ხედირა ვერ დაეხმარება.

D ჯგუფი
უნგრეთი-ანდორა 22:00
რუმინეთი-ესტონეთი 22:00
თურქეთი-ჰოლანდია 22:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 9 8 1 0 32-5 22
2. თურქეთი 9 5 1 3 16-7 16
3. რუმინეთი 9 5 1 3 17-12 16
4. უნგრეთი 9 4 2 3 19-20 14
5. ესტონეთი 9 2 1 6 6-18 7
6. ანდორა 9 0 0 9 0-28 0

ამ ჯგუფში სიტუაცია შედარებით მარტივად არის. თურქეთმა ჰოლანდიას უნდა მოუგოს და იმის იმედი ჰქონდეს, რომ რუმინეთი ესტონეთს ასტრონომიული ანგარიშით ვერ დაამარცხებს. თუ თურქეთმა ვერ იმარჯვა, ხოლო რუმინეთმა თავისი მატჩი მოიგო, მეორე ადგილზე სწორედ "ვლახები" გავლენ და პლეი ოფის საგზურსაც მიიღებენ.

ერთადერთი ვარიანტი, რომ ამ ჯგუფის მეორეადგილოსანი პლეი ოფს მიღმა დარჩეს, ასეთია:

მეორე ადგილზე უნგრეთი უნდა გავიდეს, B ჯგუფში კი ყველას სომხეთმა უნდა აჯობოს. ჩვენი მეზობლების შანსებზე უკვე ვისაუბრეთ, შესაბამისად, მოვლენების მსგავსი განვითარება მოსალოდნელი ნამდვილად არაა.

თურქეთის და ჰოლანდიის დაპირისპირება, რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს იწვევს. "ორანიემ" უნგრეთი მიწასთან გაასწორა და 8:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა რობინ ვან პერსიმ, ვინც ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ლუის ვან გაალის გუნდს სატურნირო მოტივაცია შერჩენილი აღარ აქვს. სამაგიეროდ, მოტივატორად გამოდგება ის ფაქტი, რომ ჰოლანდიას მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე უკვე 31 მატჩია, არ წაუგია - ბოლოს 2001 წელს, ირლანდიაში დამარცხდა.

E ჯგუფი
კვიპროსი-ალბანეთი 20:00
ნორვეგია-ისლანდია 22:00
შვეიცარია-სლოვენია 22:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 9 6 3 0 16-6 21
2. ისლანდია 9 5 1 3 16-14 16
3. სლოვენია 9 5 0 4 14-10 15
4. ნორვეგია 9 3 2 4 9-12 11
5. ალბანეთი 9 3 1 5 9-11 10
6. კვიპროსი 9 1 1 7 4-15 4

ისლანდია უმოტივაციო ნორვეგიას ხვდება, სლოვენია კი პირველ ადგილზე გასულ შვეიცარიას სტუმრობს.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ამ ჯგუფის მეორეადგილოსნის პლეი ოფს მიღმა დარჩენის ერთადერთი ვარიანტი არსებობს: ისლანდიამ უნდა წააგოს, შვეიცარია-სლოვენია კი ფრედ უნდა დასრულდეს.

სლოვენიამ შესარჩევი ეტაპის ბოლო სამი მატჩი მოიგო, თანაც ისე, რომ გოლიც კი არ გაუშვია, თუმცა მისი მეტოქე გაცილებით უკეთეს ფორმაშია - ოტმარ ჰიტცფელდის სამწყსოს წელიწადზე მეტია, არ წაუგია და უკანასკნელი 13 მატჩიდან 9 აქვს მოგებული.

ისლანდიამ კვიპროსთან უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და თუ ამჯერადაც იმარჯვებს, მუნდიალზე ისტორიაში პირველად მოხვედრის შანსს შეინარჩუნებს. ლარს ლაგერბეკს ყველა ლიდერი მწყობრში ჰყავს, ნორვეგია კი პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის (0:2) რევანშის აღებას ეცდება.

F ჯგუფი
აზერბაიჯანი-რუსეთი 21:00
ისრაელი-ჩრდ. ირლანდია 21:00
პორტუგალია-ლუქსემბურგი 21:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რუსეთი 9 7 0 2 19-4 21
2. პორტუგალია 9 5 3 1 17-9 18
3. ისრაელი 9 3 4 2 18-13 13
4. აზერბაიჯანი 9 1 5 3 6-10 8
5. ჩრდ. ირლანდია 9 1 3 5 8-16 6
6. ლუქსემბურგი 9 1 3 5 7-23 6

პირველი ადგილის დასაკავებლად რუსეთს ბაქოში ფრეც ჰყოფნის, რაც ფაბიო კაპელოს შეგირდებისთვის ძნელი მისაღწევი არ უნდა იყოს.

პორტუგალიამ წინა ტურში ისრაელს ქულა აჩუქა და პირველობის პრაქტიკული შანსი დაკარგა. მეკარე რუი პატრისიოს ბავშვური და მიუტევებელი შეცდომა რომ არა, ბოლო ტურს ინტრიგა შერჩენილი ექნებოდა, ახლა კი პირინეელების ერთადერთი საზრუნავი ხასიათის გამოკეთება და ლუქსემბურგის რაც შეიძლება დიდი ანგარიშით დამარცხებაა.

თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, პორტუგალია პლეი ოფში ვერ მოხვდეს, თუმცა ეს ვარიანტი იმდენად ფანტასტიკურია, რომ მასზე საუბარიც არ ღირს.

უბრალოდ, გეტყვით, რომ მოვლენების მსგავსი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ პაულო ბენტუს შეგირდებმა ლუქსემბურგთან წააგონ...

G ჯგუფი
საბერძნეთი-ლიხტენშტაინი 21:00
ლიტვა-ბოსნია 21:00
ლატვია-სლოვაკეთი 22:10

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოსნია 9 7 1 1 29-6 22
2. საბერძნეთი 9 7 1 1 10-4 22
3. სლოვაკეთი 9 3 3 3 9-8 12
4. ლიტვა 9 3 2 4 9-10 11
5. ლატვია 9 2 1 6 8-18 7
6.ლიხტენშტაინი 9 0 2 7 4-23 2

ბოსნია და საბერძნეთი მინიმუმ პლეი ოფში ითამაშებენ. თუ ბოსნიამ ლიტვას მოუგო, საბერძნეთს პირველ ადგილზე მინიმუმ 19-ბურთიანი სხვაობით მოგება გაიყვანს. ელინები ლიხტენშტაინს კი ეთამაშებიან, მაგრამ ასეთი ანგარიშით, რა თქმა უნდა, ვერ მოიგებენ.

საფეტ სუშიჩს ყველა ლიდერი მწყობრში ჰყავს. ბოსნიამ მთელი შესარჩევი ეტაპი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ეს გუნდი "ბრაზილია 2014"-ის საგზურს ნამდვილად იმსახურებს.

საბერძნეთის ნაკრები ლიტვაზეა დამოკიდებული - თუ ბალტიისპირელები მეტოქეს ქულას აართმევენ, მუნდიალზე ფერნანდო სანტუშის გუნდი წავა, ბალკანელებს კი ევრო 2012-ის შესარჩევის მსგავსად, პლეი ოფში მოუწევთ თამაში.

H ჯგუფი
სან მარინო-უკრაინა 23:00
ჩერნოგორია-მოლდოვა 23:00
ინგლისი-პოლონეთი 23:00

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 9 5 4 0 29-4 19
2. უკრაინა 9 5 3 1 20-4 18
3. ჩერნოგორია 9 4 3 2 16-12 15
4. პოლონეთი 9 3 4 2 18-10 13
5. მოლდოვა 9 2 2 5 7-15 8
6. სან მარინო 9 0 0 9 1-46 0

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი ამ ჯგუფში უნდა შედგეს - ინგლისი პოლონეთს უმასპინძლებს. სლავებმა მუნდიალზე მოხვედრის შანსი კი დაკარგეს, მაგრამ ბრიტანელებს არაფერს დაუთმობენ და ბოლომდე იბრძოლებენ. ამით კი, შესაძლოა, ისარგებლოს უკრაინამ, რომელიც სან მარინოს ეთამაშება და რა თქმა უნდა, ჯუჯა სახელმწიფოდან 3 ქულით დაბრუნდება.

როი ჰოჯსონს, წინა მატჩთან შედარებით, კაილ უოკერის იმედი არ უნდა ჰქონდეს - "ტოტენჰემის" მარჯვენა მცველმა ყვითელი ბარათი მიიღო და პოლონეთს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაუპირისპირდება. მისი ადგილი ძირითადში კრის სმოლინგმა უნდა დაიკავოს. ასევე, სასტარტო შემადგენლობაში უნდა იყოს ანდროს ტაუნსენდი, რომელმაც ჩერნოგორიასთან დასამახსოვრებელი დებიუტი მოიწყო.

სავარაუდო შემადგენლობები:
ინგლისი (4-2-3-1): ჰარტი - სმოლინგი, კეჰილი, იაგიელკა, ბეინსი - ჯერარდი, ლემპარდი - ტაუნსენდი, რუნი, უელბეკი - სტარიჯი
პოლონეთი (4-5-1): ბორუცი - იედრზეიჩიკი, ვასილევსკი, გლიკი, ვოიტკოვიაკი - ბლაშჩიკოვსკი, კლიხი, მ. ლევანდოვსკი, კრიხოვიაკი, სობოტა - რ. ლევანდოვსკი

ბომბარდირები:11 - ვან პერსი (ჰოლანდია); 10 - ჯეკო (ბოსნია); 7 - იბიშევიჩი (ბოსნია), იოზილი (გერმანია); 6 - ჰემედი (ისრაელი), იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), რუნი (ინგლისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. ევროპა: კიდევ სამი გაირკვა: გერმანია, ბელგია და შვეიცარია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული