მუნდიალი 2014: ინგლისი ირჩევს რიოს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებმა პოლონეთთან 2:0-ზე მოგებული შეხვედრის შემდეგ შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. როი ჰოჯსონის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპი არა საუკეთესო, თუმცა მაინც მისაღები შედეგით დაასრულა: 10 თამაშში 6 მოგება, 4 ფრე, 31 გატანილი და 4 გაშვებული ბურთი.

"მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფების კენჭისყრა 6 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი, თუმცა ფიფას უკვე ვაცნობეთ ჩვენი დელეგაციის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ. ციურიხში უკვე მსჯელობენ სტადიონებისა და საწვრთნელი ბაზების გადანაწილებაზე. შესაბამისად, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ რიო დე ჟანეიროში ვაპირებთ გაჩერებას," - განაცხადა საფეხბურთო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ალექს ჰორნმა.

მატჩის შემდეგ
როი ჰოჯსონი
(მთავარი მწვრთნელი): "ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო. დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში ყველა მწვრთნელს ჰქონდა იმედი, რომ ბრაზილიის საგზურს დაიმსახურებდა. განვლილ 10 თამაშში დავამტკიცეთ, რომ ამას სხვებზე მეტად ვიმსახურებდით. იოლი მეტოქეები ნამდვილად არ გვყოლია, თუმცა საუკეთესო თვისებები ბოლო ოთხ შეხვედრაში თუ გამოვავლინეთ. განსაკუთრებულად დიდი ზეწოლა იყო ჩვენზე ჩერნოგორიასა და პოლონეთთან შეხვედრების წინ.

დღეს ეპიზოდურად შესანიშნავად ვთამაშობდით და თანაც საკმაოდ მაღალ ტემპში. სამწუხაროდ, დიდხანს ვერ ვახერხებდით მეორე ბურთის გატანას, რის გამოც ნერვიული ფონი შეხვედრას ბოლომდე გასდევდა. ამ წუთას მაქვს შეგრძნება, რომ ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.

გააზრება იმისა, რომ ხარ ინგლისელი და წვრთნი შენი ქვეყნის ნაკრებს, პასუხისმგებლობას აათმაგებს. შესაძლოა, ვინმეს ეჩვენება კიდეც, რომ ძალიან მშვიდი ვარ, თუმცა ჩემში ემოციები მაინც ჭარბობს. ვკვდებოდი ყოველ ჯერზე, როცა პოლონელები მოედნის ცენტრს სცდებოდნენ, ეს კი, ალბათ, ათასჯერ მაინც მოხდა".

სტივ ჯერარდი (ნაკრების კაპიტანი): "საკლუბო კარიერაში არაერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა მაქვს გასახსენებელი, თუმცა როცა შენი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაგყავს, ამას ვერანაირი განცდა ვერ შეედრება. ალბათ, ნახეთ მეორე გოლის შემდეგ ხალხის რეაქცია. აბსოლუტურად ყველა ბედნიერი იყო.

საკმაოდ რთული შეხვედრა გამოდგა. განსაკუთრებით, ეს შესვენების შემდგომ პერიოდზე ითქმის, თუმცა საბოლოოდ მიზანს მაინც მივაღწიეთ. ყველამ, ვინც მოედანზე იდგა, უზარმაზარი სამუშაო შეასრულა.

მართალია, გოლები მე და რუნიმ გავიტანეთ, მაგრამ გამარჯვებაში თავისი განსაკუთრებული წვლილი თითოეულმა ინგლისელმა შეიტანა. ნაკრებში დებიუტის დღიდან სულ მუდამ გვაკრიტიკებენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავამტკიცეთ, რომ არასდროს ვნებდებით და ჩვენს მიზანს ყოველთვის ვაღწევთ. ინგლისის ნაკრები თანაბრად არის დაბალანსებული ასაკოვანი, გამოცდილი და ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეებით. ბრაზილიაში ნამდვილად შეგვიძლია ბევრის გაოცება".

არეულობები თამაშის შემდგომ
"უემბლიზე" 2:0 წაგებამ პოლონეთის ნაკრების გულშემატკივარი ეტყობა ზომაზე მეტად აღაშფოთა. შესაძლოა, ეს, უბრალოდ, საბაბი იყო იმისთვის, რომ თამაშის დასრულების შემდეგ სტუმრებს გვარიანად აერიათ. პოლიციას რიგი დარღვევების გამო 35 მათგანის დაკავება დასჭირდა. სამართალდამცავთა საცეცებში მოჰყვა ერთი ინგლისელიც.

გეტყვით, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ კონტინენტის წარმომადგენლებს ფიფას წესებით დადგენილი მინიმალური 9 ათასი ბილეთის ნაცვლად 18 ათასი გამოუყო. პოლონელებმა კვოტა სრულად აითვისეს.

35 დაკავებულიდან 15 მალევე გათავისუფლდა. აქედან 8 პირს გაფრთხილება მიეცა, 3 - დაჯარიმდა, ოთხის წინააღმდეგ კი სამართალდარღვევის ოქმიც კი არ შედგენილა.

16 ადამიანი ხულიგნობის მუხლით არის დაკავებული, 16-დან ექვსს ბრალი ედება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, ხუთს - ჩხუბის ან ჩხუბის პროვოცირებისთვის, ორს - ნარკოტიკული ნივთიერების შენახვაში. ისინი საკნებში კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებენ. ყველაზე სერიოზულად საქმე მავან მარცინ ლუკომსკის აქვს, ვინც თამაშის მიწურულს მოედანზე გადაიჭრა. ლუკომსკის საქმეს სასამართლო 6 ნოემბერს განიხილავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მუნდიალი 2014. შესარჩევი ეტაპი. ევროპა: რუსეთი, ბოსნია, ინგლისი და ესპანეთი მუნდიალზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული