ისლანდია VS ხორვატია - იქცევა ნაპერწკალი ცეცხლად?

AutoSharing Option
15 ნოემბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ევროპის ზონაში პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართება.

ისლანდია პლეი ოფების, ალბათ, მაინც ყველაზე მოულოდნელი სტუმარია. გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და სიმპათიას იმსახურებს, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ ყველაზე ძლიერ ჯგუფში ნამდვილად არ ყოფილა - პირველზე გასული შვეიცარიის გარდა, მისი მეტოქეები სლოვენია, ნორვეგია, ალბანეთი და კვიპროსი იყვნენ.

ყველაზე საინტერესო ისლანდიის ნაკრებში ის არის, რომ ერთბაშად რამდენიმე კარგი ახალგაზრდა შემტევი გამოუჩნდა - კოლბეინ სიგტორსონი (23 წლის), ალფრედ ფინბოგასონი (24), რიურიკ გისლასონი (25), იოჰან გუდმუნდსონი (23)...

ამას
დავუმატოთ გამოცდილი და საიმედო ვეტერანი ეიდურ გუდიონსენი, ყველაზე გაპიარებული და ჯერ მხოლოდ 24 წლის გილფი სიგურდსონი, სერია A-ში "ვერონას" ჯადოქრობების ერთ-ერთი მთავარი "ფანტაზისტა" ემილ ჰალფრედსონი და მივიღებთ, რომ ისლანდიელებს მშვენიერი შემტევი გუნდი ჰყავთ, მაგრამ დაცვაში ორგანიზებული თამაშიც წამით არ ავიწყდებათ.

ლარს ლაგერბეკი 9 წელი იყო შვედეთის მთავარი მწვრთნელი და ეროვნული ნაკრები ზედიზედ ხუთჯერ გაიყვანა დიდ ფორუმზე, ხოლო როცა 2010 წლის მუნდიალზე მოხვედრა ვეღარ შეძლო, გადადგა და ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზე დაბრუნებას ისლანდიასთან ერთად ცდილობს. მან კარგად იცის ფინალური ეტაპისკენ მიმავალი გზა, მაგრამ ხორვატებს ფავორიტებად აღიარებს.

"შემართებაზე არ ვნერვიულობ, ჟინი გუნდს არასდროს აკლდა. იმედიანად ვართ, მაგრამ ვითარებას რეალურადაც უნდა შევხედოთ - ხორვატია ფავორიტია. ამინდი გადამწყვეტი ფაქტორი ნამდვილად არ არის.

თუ ცუდი ამინდი იქნება, ორივე ნაკრებისთვის ცუდი იქნება. საუბარია პროფესიონალებზე, რომლებიც ყველა პირობებში თამაშს მიჩვეულნი არიან
" - განაცხადა 65 წლის შვედმა.

წარმატებას მიჩვეულმა ხორვატიამ ბელგიის საოცარ გუნდს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და პირველ ადგილზე გაუშვა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, მართალია, უმოტივაციო მატჩში, მაგრამ მაინც დამარცხდა შოტლანდიასთან, თანაც ძალიან უფერული თამაშით.

იგორ შტიმაციც ადგა, შემელოტებულ თავზე ქუდი დაიხურა და გაუყვა გზას. ნაკრები ასევე ახალგაზრდა ნიკო კოვაჩს ჩააბარეს, რომელმაც საქმეს ხელი დიდი ენთუზიაზმით მოჰკიდა.

თუმცა ასეთ მნიშვნელოვან მატჩებამდე მწვრთნელის შეცვლა ზოგმა არასწორად მიიჩნია.

"ბიჭების თვალებში ნაპერწკალს ვხედავ. მათ სურთ დაამტკიცონ, რომ იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე ეს ბოლო დროს გამოჩნდა. ხორვატიის ნამდვილ სახეს პირველ მატჩში დაინახავთ.

ბევრი ყვითელი ბარათი გვაქვს და ეს არასასიამოვნოა, მაგრამ ამის გამო უკან არ დავიხევთ"
, - თქვა კოვაჩმა, რომელიც რეიკიავიკში ნაპერწკლის ცეცხლად ქცევას აპირებს.

ხორვატების ხუთ მოთამაშეს აქვს ყვითელი ბარათი და შესაძლოა, საპასუხო თამაშის გამოტოვება მოუხდეს, კერძოდ - ნიკო კრანჩარს, ვედრან ჩორლუკას, მარიო მანჯუკიჩს, ივან რაკიტიჩსა და ლუკა მოდრიჩს.

ტრავმირებულია ივან სტრინიჩი, რომლის მინდორზე გასვლა გამოირიცხა, ხოლო ივიცა ოლიჩის თამაში სათუოა. ისლანდიელებს შემადგენლობის მხრივ პრობლემები არ აქვთ.

მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი. ევროპის ზონა. პლეი ოფი. I მატჩი
15 ნოემბერი
ისლანდია-ხორვატია 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
ისლანდია (4-2-3-1): გუნლეიფსონი - საევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, სკულასონი - გ. სიგურდსონი, გუნარსონი - გუდმუნდსონი, გუდიონსენი, ბიარნასონი - სიგტორსონი.
ხორვატია (4-2-3-1): პლეტიკოშა - ჩორლუკა, შიმუნიჩი, ლოვრენი, სრნა - რაკიტიჩი, მოდრიჩი - კრანჩარი, კოვაჩიჩი, პერიშიჩი - მანჯუკიჩი.
არბიტრი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

საპასუხო მატჩი
19 ნოემბერი
ხორვატია-ისლანდია 23:15

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული