უკრაინა VS საფრანგეთი - ახსნის უკრაინა პლეი ოფს ტაბუს?

AutoSharing Option
ამ წყვილზე წინა დღეებშიც ბევრს ვიწერებოდით და ნამდვილად საინტერესო დაპირისპირებაა.

ბევრის აზრით, საფრანგეთი არც ისეთი ფავორიტია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა ის უტყუარი ფაქტია, რომ ბოლო მატჩებში "მამლები" ლაღად გამოიყურებოდნენ, მაგრამ არა უხარვეზოდ.

დიდიე დეშამისთვის ეს, ალბათ, სამწვრთნელო კარიერის უმნიშვნელოვანესი მომენტია. მას ისედაც ალმაცერად უყურებენ და თუ ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა...

"ეს მატჩები მართლაც განსაკუთრებულია, რადგან მეტოქეს ასე მოკლე პერიოდში ორჯერ თითქმის არასდროს ეთამაშები. მე და ჩემი შტაბი ვცდილობთ, მაქსიმალურად უკეთ გადავეწყოთ ამ რეჟიმზე.

მოწინააღმდეგე კარგად შევისწავლეთ. უკრაინა
დაცვაში ბრწყინვალედ ორგანიზებული ნაკრებია, რომლისგანაც მთავარ საფრთხეს ფლანგებიდან უნდა ველოდოთ.

ევგენი კონოპლიანკა და ანდრეი იარმოლენკო მშვენიერი ფეხბურთელები არიან და საინტერესოა, რომ იმის მიხედვით, თუ რომელი ფეხი აქვთ დამრტყმელი, წესით, საპირისპირო ფლანგზე უნდა თამაშობდნენ"
, - განაცხადა დეშამმა.

"მამლები" მთავარ საფრთხეს ფლანგებიდან კი ელიან, მაგრამ თავად მარცხნივ პატრის ევრა და ფრანკ რიბერი ჰყავთ, მარჯვნივ მატიო დებიუში და სამირ ნასრი, შუაში კი ვარსკვლავები...

სტატისტიკა საფრანგეთის მხარესაა. ამ ნაკრებების პირველი ორი შეხვედრა 1999 წელს უგოლოდ დასრულდა, იმის მერე გამართული 5 მატჩიდან კი "მამლებმა" 4 მოიგეს.

უკრაინა აქამდე სამჯერ მოხვდა მუნდიალის პლეი ოფში და სამივეჯერ დამარცხდა - ხორვატიასთან (1998), გერმანიასთან (2002) და საბერძნეთთან (2010). ერთხელ კი სლოვენიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში დაეცა ბრძოლის ველზე.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ 8 საპლეიოფო მატჩიდან უკრაინელებმა ერთის მოგებაც ვერ შეძლეს. თუმცა მიხაილ ფომენკოს ეს სრულებით არ აშინებს.

"ასეთ რაღაცებს მარტო ჟურნალისტები და ფანები აქცევენ ყურადღებას, - ამბობს ფომენკო. - ჩემი გუნდისთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რა იყო. მთავარია, რა იქნება. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ".

შეგახსენებთ, რომ უკრაინელებს თითქმის მთელი გუნდი "ყვითელ ბარათზე ჰყავთ", - 10 ფეხბურთელი.

მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი. ევროპის ზონა. პლეი ოფი. I მატჩი
15 ნოემბერი
უკრაინა-საფრანგეთი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი - ფედეცკი, ხაჩერიდი, კუჩერი, შევჩუკი - როტანი, ტიმოშჩუკი - იარმოლენკო, გუსევი, კონოპლიანკა - ზაზულია.
საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - დებიუში, კოშელნი, აბიდალი, ევრა - პოგბა, მატუიდი - ნასრი, ვალბუენა, რიბერი - ჟირუ.
არბიტრი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

საპასუხო მატჩი:
19 ნოემბერი
საფრანგეთი-უკრაინა 00:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული