შვედი სპეციალისტის შეგირდებმა გუნდურობით კიდევ ერთხელ გაგვაოცეს, მაგრამ მთავარი მაინც მათი მეკარის, ჰანეს ჰალდორსონის საუცხოო თამაში გახლდათ. ამ 193-სანტიმეტრიანი გოლკიპერის ჯადოქრობები ისლანდიელებს ზაგრებშიც ძალიან დასჭირდებათ. თუმცა 29 წლის კარის დარაჯს ივიცა ოლიჩი აქედანვე აშინებს.
"ჩვენ ისლანდიაშიც დავამტკიცეთ, რომ უკეთესი გუნდი ვართ, მაგრამ გატანა ვერაფრით მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, ზაგრებში სხვაგვარად იქნება და
პირველივე წუთიდან უნდა შევუტიოთ და თუ თავდასხმაში 20%-ით იმაზე უკეთ გავირჯებით, ვიდრე პირველ შეხვედრაში, აუცილებლად მოვიპოვებთ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს", - განაცხადა ოლიჩმა.
1998 წლის მუნდიალის მესამეადგილოსნებმა ისედაც გამოტოვეს წინა მსოფლიოს ჩემპიონატი და ბრაზილიაში ვერმოხვედრა ხორვატებისთვის უკვე სრული ფიასკო იქნება, მით უმეტეს, ასეთი კარგი შემადგენლობით.
ამჟამად ფედერაციის პრეზიდენტს და 1998 წლის მუნდიალის ბომბარდირს, დავორ შუკერს გულშემატკივრების ეიმედება.
"მინდა ქომაგებს მოვუწოდო, მოვიდნენ "მაქსიმირზე" და გაავსონ სტადიონი. ყველას ერთი მიზანი გვაქვს და ფანების მხარდაჭერით ფეხბურთელებს საქმე გაუიოლდებათ", - თქვა შუკერმა.
ოპტიმისტური განწყობაა ისლანდიელთა ბანაკშიც. რაგნარ სიგურდსონი ისე აღფრთოვანდა თავისი ქვეყნის ბრძოლისუნარიანობით, რომ პირველი მატჩის შემდეგ აღნიშნა - მე, უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ მოვიგებთ; ვიცი, რომ მოვიგებთო.
ასე რომ, რაგნარი რაგნაროკის მოწყობას უპირებს ხორვატებს და თუ ისლანდია მართლაც მოიპოვებს ბრაზილიის საგზურს, ეს ნამდვილად ისეთი გმირობა იქნება, რომელიც მითებს უნდა დაედოს საფუძველად. შეგახსენებთ, რომ ისლანდიის მთელი მოსახლეობა დაახლოებით სულ რაღაც 320 ათასს შეადგენს.
"ამ ფორმაციის ნაკრებს ზედიზედ ორი მატჩი უგოლოდ არ ჩაუტარებია... განწყობა შესაბამისია, ვიაზრებთ მატჩის მნიშვნელობას და მზად ვართ", - გვითხრა ლაგერბეკის ასისტენტმა ჰეიმირ ჰალგრიმსონმა.
ნიკო კოვაჩს დანაკლისი არ აქვს. აი, სტუმრებს კი დისკვალიფიცირებული ოლაფურ სკულასონის გარდა, კოლბეინ სიგტორსონიც არ ეყოლებათ - 23 წლის ფორვარდი დაშავდა. თუმცა შეტევაში ისლანდიას დიდი არჩევანი აქვს.
ძირითადში, ალბათ, ალფრედ ფინბოგასონი მოხვდება, "ჰერენვენის" თავდამსხმელი ერედივიზიეს საუკეთესო ბომბარდირია.
მუნდიალი 2014. ევროპა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
19 ნოემბერი
ხორვატია-ისლანდია 23:15 (0:0)
სავარაუდო შემადგენლობები
ხორვატია (4-2-3-1): პლეტიკოშა - სრნა, შიმუნიჩი, ჩორლუკა, პრანიჩი - რაკიტიჩი, მოდრიჩი - პერიშიჩი, ედუარდო, ილიჩევიჩი - მანჯუკიჩი.
ისლანდია (4-2-3-1): ჰალდორსონი - იონსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, ოტესენი - გ. სიგურდსონი, გუნარსონი - გუდმუნდსონი, გუდიონსენი, ბიარნასონი - ფინბოგასონი.
არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ისლანდია-ხორვატია 0:0 - ნულოვანი ტემპერატურა და თამაში