- მხოლოდ ღმერთმა იცის.
- მაგრამ მასთან გასაუბრება ცოტა ძნელია...
- თქვენ ახლა ელაპარაკებით მას.
- აი, ასეთი საუბარი შედგა ერთ-ერთ შვედურ ტელე-შოუში ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ჟურნალისტს შორის პორტუგალიასთან პირველი მატჩის წინ. იბრამ საკუთარ თავს სიცილით ღმერთი უწოდა. იქამდე კი მან ისიც თქვა, მსოფლიოს ჩემპიონატს მე უფრო ვჭირდები, ვიდრე რონალდოო.
ხუმრობაც კარგია და ჯანსაღი, საფუძვლიანი ამბიციაც, მაგრამ ეს ყველაფერი ზლატანმა ახლა მინდორზე უნდა დაამტკიცოს, თორემ პირველ მატჩში იგი საკმაოდ პასიური იყო; კრიშტიანომ კი გასაკეთებელი გააკეთა,
თავად იბრაჰიმოვიჩს მომენტი არ ჰქონია.
ეს ყველაფერი მარტო ზლატანის ბრალი არ არის. შვედები ზედმეტად სიღრმიდან თამაშობდნენ და პირველ წუთებს თუ არ ჩავთვლით, სულ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ. მათმა თავკაცმა ერიკ ჰამრენმა თქვა კიდეც - იბრაჰიმოვიჩის მეტად გამოყენება თუ გვინდა, უფრო დიდხანს უნდა გავიჩეროთ ბურთი, პასებით და კომბინაციურად ვითამაშოთ და არა უბრალო გრძელი გადაცემებითო.
ამ შემთხვევაშიც კარგია სიტყვები, მაგრამ ეს ახლა პატივცემულმა ჰამრენმა საქმედ უნდა აქცევინოს თავის შეგირდებს და სკანდინავიელები წინა ხაზზე ასეთი პრიმიტიულები აღარ უნდა იყვნენ.
პრინციპში, სხვა გზა მაინც აღარ არის, შვედეთი უკან ვერ დაიხევს, უნდა გარისკოს და შეუტიოს.
პორტუგალიასაც რა გააჩერებს დაცვაში და რა ათამაშებს ანგარიშის შენახვაზე; თანაც, კრიშტიანოს აუცილებლად ენდომება საკონტროლო გასროლა... სწორედ ამ ყველაფრის გამო ველოდებით ბევრად უფრო სანახაობრივ მატჩს, ვიდრე პირველი იყო.
სოლნაში "ფრენდს არენა" თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ, 2012-ის 14 ნოემბერს გაიხსნა და შვედეთმა ინგლისს 4:2 მოუგო, ზლატანმა კი ის ლამაზი და ხმაურიანი პოკერი შემოგვთავაზა, თავისი საოცარი მაკრატელითურთ.
14 აგვისტოს იმავე სტადიონზე შვედებმა უკვე ნორვეგიელებს სძლიეს 4:2 და ამჯერად იბრა ჰეთ-თრიქით გამოირჩა...
მოკლედ, ეს ის სტადიონია, სადაც იგი თავს მშვენივრად გრძნობს და მეტოქეებს მეგობრულად სულაც არ ექცევა ხოლმე. ერთი სიტყვით, ჯერი იბრაკადაბრაზეა. ვნახოთ, ამჯერად რა იცის ღმერთმა.
"ცუდად არ გვითამაშია. ვიბრძოდით, თავს კარგად ვიცავდით. ერთი შეცდომა დავუშვით და ერთი გოლი გავუშვით. პორტუგალიას მშვენიერი, ძლიერი ნაკრები ჰყავს. ახლა საკუთარ კედლებში გვიწევს მატჩი და ეს დიდი უპირატესობაა.
მოდით სტადიონზე, დაგვიჭირეთ მხარი და ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას", - განაცხადა ზლატანმა.
"ვეთანხმები რონალდოს. მიუხედავად უპირატესობისა, შეტევაში, ბოლო ფაზაში სიმწვავე ნამდვილად გვაკლდა. უფრო მეტი შანსი უნდა შეგვექმნა და მეტი გაგვეტანა", - თქვა პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ბენტომ.
მუნდიალი 2014. ევროპა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
19 ნოემბერი
შვედეთი-პორტუგალია 23:45 (0:1)
სავარაუდო შემადგენლობები
შვედეთი (4-4-2): ისაკსონი - ლუსტიგი, ანტონსონი, ნილსონი, ოლსონი - კაჩანიკლიჩი, ელმი, ს. ლარსონი, კალსტრიომი - იბრაჰიმოვიჩი, ელმანდერი.
პორტუგალია (4-3-3): პატრისიო - პერეირა, ბ. ალვეში, პეპე, კოენტრაო - მოუტინიო, ველოზო, მეირელეში - ნანი, პოშტიგა, რონალდო.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პორტუგალია-შვედეთი: რონალდო VS იბრა 1:0 [VIDEO]