გეხსომებათ, აურელიო დე ლაურენტისმა ფანებს სიურპრიზი მოუწყო და ახალი ფეხბურთელი ლომის ნიღბით წარუდგინა. 29 წლის მოთამაშე ამ ამბავსაც იხსენებს, კლუბზეც საუბრობს და მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზეც. შვეიცარიის სიმპათიური ნაკრებისგან, რომელიც მიჯრით მესამე მუნდიალის ფინალურ სტადიაზე გადის, ბრაზილიაში გარკვეული სიურპრიზის შემოთავაზება გასაკვირი სულაც არ იქნება
- შვეიცარია 1950-იანი წლების მერე პირველად გავიდა ზედიზედ სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.
- შედარება შეუძლებელია, რადგან იმ პერიოდის შემდეგ ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. თუმცა მუნდიალზე ზედიზედ სამჯერ გასვლა აშკარა წარმატებაა და აქედან გამომდინარე, ორივე ნაკრები დაფასებას იმსახურებს.
- 2009 წელს შვეიცარიის 19-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო და ახლა ეროვნული გუნდი 23-წლამდელთა რამდენიმე მოთამაშითაა დაკომპლექტებული. რამ გამოიწვია ასეთი ნიჭიერი თაობის გამოჩენა?
- ქვეყანაში ახალგაზრდულ ფეხბურთს ყოველთვის დიდი ყურადღებით ეკიდებოდნენ. ამ დონეზე არიან კარგი მწვრთნელები და ტალანტები მაღალი კლასის მოთამაშეებად ყალიბდებიან. 2009 წელი შვეიცარიის ახალგაზრდული გუნდისთვის მართლაც განსაკუთრებული იყო და მიხარია, რომ იქიდან რამდენიმე მოთამაშე ეროვნულ ნაკრებში მოხვდა.
- ამჟამად ყველაზე ნიჭიერ შვეიცარიელ ფეხბურთელად ვის დაასახელებდით?
- გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც უცხოეთში წარმატებით თამაშობენ. ჯერდან შაჩირი კარგად პროგრესირებს "ბაიერნში". ასევე - გრანიტ ჯაკა "გლადბახში" და კრისტიან როდრიგესი "ვოლფსბურგში". ეს მოთამაშეები უმაღლეს დონეზე ასპარეზობენ და ცხადია, არიან სხვებიც. ასე რომ, მარტო ერთის გამორჩევას სამართლიანად არ მივიჩნევ.
- რამდენად შორს წასვლა შეუძლია შვეიცარიას მსოფლიოს ჩემპიონატზე?
- შესარჩევი ეტაპი კარგად ჩავატარეთ და განთესილებს შორის მოვხვდით, რაც უკვე წარმატებაა. თუმცა გვსურს, ჩვენი ფეხბურთი და შესაძლებლობები ფინალურ ეტაპზეც ვაჩვენოთ. თავდაპირველი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, დანარჩენი მერე გამოჩნდება.
- თქვენი მშობლები თურქები არიან და თურქეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც გითამაშიათ, მაგრამ საბოლოოდ შვეიცარია აირჩიეთ. რამ გადაგაწყვეტინათ ეს?
- თურქეთის 21-წლამდელთა ნაკრებში მხოლოდ ერთი მატჩი ჩავატარე და ამის შემდეგ კონტაქტი შეწყდა. აი, შვეიცარიამ კი ძალიან მოინდომა და მაშინდელ მწვრთნელთან, იაკობ კუნთან საინტერესო გასაუბრებაც მქონდა, მან ეროვნულ ნაკრებში ჩემი პერსპექტივები დამანახა, რაც მომეწონა და დღესდღეობით ნამდვილად არ ვნანობ, რომ შვეიცარია ავირჩიე.
- საკლუბო ფეხბურთზე თუ გადავინაცვლებთ, რას იტყვით "ნაპოლიზე"?
- სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ იყო რამდენიმე მარცხი სერია "ა"-სა და ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც, სამწუხაროდ, ჯგუფიდან ვერ გავედით, მიუხედავად 12 ქულის მოგროვებისა. ახლა სერია "ა"-ში უნდა გავაგრძელოთ მაქსიმალურად წარმატებული ბრძოლა.
- "ნაპოლიდან" ედინსონ კავანი, ესეკილ ლავეცი და მწვრთნელი ვალტერ მაცარი წავიდნენ, მაგრამ გუნდი ისევ მაღალ დონეზე აგრძელებს თამაშს. ეს როგორ მოხერხდა?
- რასაკვირველია, ედინსონ კავანის კალიბრის ფეხბურთელების წასვლა შეუძლებელია, არ დაგეტყოს. მნიშვნელოვანი იყო, ღირსეული შემცვლელი გვეპოვა და ვფიქრობ, გონსალო იგუაინის სახით ეს მოვახერხეთ. "ნაპოლის" ძალა გუნდურობასა და შემართებაშია. ფეხბურთი აქ ცხოვრებაა, არა მხოლოდ კლუბისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის. ეს საოცარია!
- რა სხვაობაა ოტმარ ჰიტცფელდსა და რაფაელ ბენიტესს შორის? სტილი, მეთოდები და ასე შემდეგ...
- შედარება რთულია, რადგან სანაკრებო და საკლუბო სპეციფიკა განსხვავდება. ვფიქრობ, ჰიცფელდსა და ბენიტესს შორის არის რამდენიმე მსგავსება - ორივე უაღრესად გამოცდილია, ფეხბურთელებთან შესანიშნავად შეუძლიათ კომუნიკაცია, ორივე ძალიან ჰუმანურია. ისინი წარმატებაზე ორიენტირებული სპეციალისტები არიან და იციან, როგორ მიაღწიონ მას.
- რომელი კლუბები იყვნენ თქვენით დაინტერესებულნი, სანამ "ნაპოლიში" გადახვიდოდით?
- ეს ჩემს აგენტს უნდა ჰკითხოთ. ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ, მთლიანად თამაშზე ვარ კონცენტრირებული.
- "ნაპოლიში" თქვენს პრეზენტაციაზე რას იტყვით? ვისი იდეა იყო თქვენი ლომის ნიღბით შემოსვა?
- ეს იდეა იქვე გაჩნდა, პრეზენტაციამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ლომის ნიღაბი დავინახეთ. ზოგადად, თავშეკავებული ადამიანი ვარ, მაგრამ იდეა მომეწონა და მიხარია, რომ ფანებმაც გაიხარეს. ეს განსაკუთრებული მომენტი გახლდათ, არ დამავიწყდება მათი რეაქცია, როდესაც ნიღაბი მოვიხსენი.
- ვინ იყო თქვენი კუმირი ფეხბურთში?
- პატარაობისას ჩემი კუმირი რონალდო იყო. ბრაზილიელის ტექნიკით, სისწრაფითა და მოედნის ხედვით აღფრთოვანებული ვიყავი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"