ფაბიო კანავარო: როცა მუნდიალს იგებ, ლეგენდა ხდები

AutoSharing Option
ფაბიო კანავარო უნიკალური მცველია, რომელსაც წილად ხვდა პატივი, "ოქროს ბურთი" დაესაკუთრებინა და ეს მას მერე მოხდა, რაც მისი კაპიტნობით და საოცრად შთამბეჭდავი თამაშით, იტალიის ნაკრებმა 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

ახლახან "სკუადრა აძურას" ყოფილი ლიდერი ბრაზილიას ეწვია, სადაც უნდა გაიმართოს კიდეც მომავალი მუნდიალი და Fifa.com-მაც ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა... ჩვენ 40 წლის ფაბიოსთან ამ ვრცელი ინტერვიუს ოდნავ შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ

- რა აზრი გებადებათ, როდესაც ბრაზილიაზე ფიქრობთ?
- როდესაც ბრაზილიაზე საუბრობ, ავტომატურად საუბრობ ფეხბურთზეც. ეს ერთ-ერთი ისეთი ქვეყანაა, სადაც
ფეხბურთი ჩვეულებრივ სპორტის სახეობაზე მეტია - სპექტაკლი და ცხოვრების აზრია. მე ამაყი ვარ იმით, რომ იტალიელი ვარ, მაგრამ ჩვენთან ფეხბურთის ხედვა ოდნავ სხვაგვარია. მეამაყება ისიც, რომ ბრაზილიელებმა 5 მსოფლიოს ჩემპიონატიდან ორი ჩვენთან პაექრობისას მოიგეს. ეს ბევრს ნიშნავს. ბრაზილია თავადაა ფეხბურთი.

- რა არის იტალიის ნაკრების მთავარი ძალა, როდესაც "სკუადრა აძურა" მინდორზე გადის?
- ჩვენ ტექნიკურად ძალიან ძლიერები ვართ, მაგრამ ყველაზე მეტად გულით, შემართებით თამაშს გამოვარჩევდი. ჩვენ ყველაფერს ვწირავთ მოგებისთვის და ამისკენ ვისწრაფვით; რადაც უნდა დაგვიჯდეს, მოგებას ვცდილობთ. თუ საჭიროა, სანახაობრივად არამიმზიდველ თამაშსაც ვაჩვენებთ. ჩვენთვის გამარჯვება ყველაფერია - ესაა იტალიის საიდუმლო. ასევე, გვაქვს სირთულეების დაძლევის უნარი. ეს ყოველთვის გვქონდა და ვთვლი, რომ ესეც საამაყოა.

- ბევრი საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიცვალა იტალიის ნაკრები ჩეზარე პრანდელის მოსვლის შემდეგ და უფრო სანახაობრივი გახდა მისი თამაში. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- იტალიური ფეხბურთი მართლაც შეიცვალა, მაგრამ არა მხოლოდ პრანდელის გამო. თუ გადახედავთ ბოლო ათწლეულებს, დაინახავთ, რომ ძალიან სანახაობრივ და შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ "მილანიც", სხვა გუნდებიც და მათ შორის, 2006 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი იტალიის ნაკრები.

მაგალითისთვის: ზოგიერთ თამაშს ოთხი თავდამსხმელით და ორი ნახევარმცველით ვამთავრებდით ხოლმე, რომელთაგან ერთ-ერთი ანდრეა პირლო იყო, შეტევაზე ორიენტირებული ნახევარმცველი. ასევე, შემტევი განაპირა მცველები ფაბიო გროსო და ჯანლუკა ძამბროტა გვყავდა. თუმცა ხალხს მაინც რატომღაც სულ 1930-იანი წლების იტალია ახსოვს, რომელიც "კატენაჩოს" ანიჭებდა უპირატესობას. დღესდღეობით, ჩვენ კვლავ ვიცით, როგორ დავიცვათ თავი, მაგრამ წინაც აქტიურად და კარგად ვთამაშობთ და ბურთი ხშირად "გვიჭირავს".

- როგორც მათ მეგობარს და თანამემამულეს, გიკვირთ, რომ ანდრეა პირლო და ჯანლუიჯი ბუფონი ამ ასაკშიც ისევ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნაკრებში?
- არა, საერთოდ არ მიკვირს. ჩვენთვის, იტალიელი მოთამაშეებისთვის თავდაუზოგავი შრომა და ამისთვის ბევრ რამეზე უარის თქმა ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს ჩვენს ხასიათშია. პროფესიონალები ვართ, როგორც მინდორზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, 24 საათის განმავლობაში. აი, შედეგიც.

- თქვენი კარიერის გამოსარჩევი მომენტები საფრანგეთთან დაპირისპირებებს უკავშირდება. როგორ გაიხსენებთ იმ მატჩებს?
- ჩემს თაობას დიდი პაექრობა ჰქონდა ფრანგებთან, რადგან მათ ყოველთვის მნიშვნელოვან მატჩებში ვხვდებოდით. ზოგჯერ ვმარცხდებოდით, მაგრამ უმთავრესმა მატჩმა, 2006 წლის მუნდიალის ფინალმა ჩვენთვის დიდებულად ჩაიარა. ჯერ კიდევ ვერ ვინელებ იმას, რაც როტერდამში 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში დაგვემართა.

მაშინ ბოლომდე იტალიელებივით ვერ ვითამაშეთ. უფრო უხეშები არა, მაგრამ უფრო ხისტები და ცბიერები უნდა ვყოფილიყავით. 30 წამში წავაგეთ თითქმის მოგებული ფინალი. მაშინ ფრანგებს საოცარი თაობა ჰყავდათ - ზინედინ ზიდანი, ტიერი ანრი, დიდიე დეშამი, დავიდ ტრეზეგე... მათთან დაპირისპირება ყოველთვის რთული იყო, მაგრამ სასიამოვნო.

- ესპანეთის ნაკრებმა ბოლო წლებში ძალიან მოუმატა. რა არის ამის მიზეზი, თქვენი აზრით?
- მქონდა ბედნიერება, ესპანეთში მეცხოვრა და ვისიამოვნე მათი მიდგომით ფეხბურთისადმი. ისინი მატჩებისთვის ყოველგვარი ზეწოლისა და წნეხის გარეშე ემზადებიან, გარემოა განსხვავებული. ცხადია, მოგებას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს მათთვის გართობაა, იქ სხვანაირი დამოკიდებულებაა.

ესპანელებს, ბრწყინვალე თაობის გამოჩენის გარდა, იღბლიანმა პერიოდმაც მოუწიათ და გუნდურად წარმატების მიღწევა დაიწყეს. ინდივიდუალურად ესპანეთს ყოველთვის კარგი ფებურთელები ჰყავდა, მაგრამ სულ რაღაც აკლდებოდა, პატარა ნაბიჯი და არ ჩანდა გამარჯვებულის მენტალიტეტი. ბოლო წლებში, ფაქტობრივად, ყველაფერი მოიგეს და ესპანელების ძლევა ახლა ძალიან რთული იქნება.

- 2006 წელს, როდესაც თქვენ ესპანეთში გადახვედით, უკვე ატყობდით, რომ იმ თაობას შეეძლო ასეთი წარმატებების მიღწევა?
- დიახ, შეიმჩნეოდა, რომ ამ შეუდარებელ ფეხბურთელებს შეეძლოთ დიდი წარმატებების მიღწევა და ამის უკან მრავალწლიანი მუშაობა იდგა, ძირითადად, ფსიქოლოგიურ მხარეზე. მოგვიანებით, იკერ კასილიასს ვეხუმრებოდი - 2008 წელს ევროპის ჩემპიონები გახდით, მაგრამ ნახავთ, რამდენად რთულია მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება და მუნდიალზე გამარჯვება რამდენად შეცვლის თქვენს ცხოვრებას-მეთქი.

როგორია, გახდე უფრო ძლიერი, ცივსისხლიანი და შემართული-მეთქი... ისინიც ადგნენ და მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს და თითქმის დაუმარცხებელ გუნდად იქცნენ. დიახ, ესპანეთი ულაპარაკოდ ერთ-ერთი ფავორიტია, ნაკრები, რომლის დამარცხებაც ყველას უნდა. გუნდი გამოცდილი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, ახალგაზრდებთან კარგი შეზავებით.

- თუმცა ამ ესპანეთმა უშანსოდ წააგო კონფედერაციის თასის ფინალი ბრაზილიასთან. ამაზე რას იტყვით?
- მსგავსი რაღაცები გარდაუვალია, მართლაც დაუმარცხებელი არავინაა. როგორც კი იფიქრებ, რომ უძლეველი ხარ, მაშინ გაჯობებს მეტოქე. თუ გამარჯვების წყურვილს დაკარგავ, შეიძლება საქმე ძალიან ცუდად წავიდეს. ეს წყურვილი კი არც ისე ადვილი შესანარჩუნებელია. თუმცა ვისაც ერთხელ მაინც განუცდია ასეთი დიდი გამარჯვება, ყოფილა მინდორზე თანაგუნდელებთან ერთად და გაუხარებია თავისი ქვეყანა, იმას ენდომება, რომ ეს კიდევ და კიდევ გააკეთოს.

- როგორ შეაფასებთ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის წარუმატებელ გამოსვლას?
- 2010 წელი იტალიისთვის უიღბლო და უცნაური იყო. სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდა ფეხბურთელები გაემგზავრნენ, რამდენიმე გამოცდილ ლიდერთან ერთად. თუმცა შემდეგ გატუზომ მუხლი იტკინა, ბუფონმა მხარი და ბოლოს პირლოც დაშავდა... იმ მატჩების ხერხემლის გარეშე ჩატარება მოგვიხდა და ამან გამოიწვია კიდეც წარუმატებლობა. ამიტომაა აუცილებელი მტკიცე ხასიათის ფეხბურთელები, ლიდერები. მე ფინალს დავუბრუნდი, როგორც წინა გამარჯვებული ნაკრების კაპიტანი, რადგან თასი ახალი ტრიუმფატორისთვის გადამეცა. ეს ბრწყინვალე და თან სევდიანი მომენტი გახლდათ, ლამაზი მომენტი.

- პირადად თქვენთვის რამდენს ნიშნავს მსოფლიოს ჩემპიონობა?
- ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც ვინმე იგებს ჩემპიონთა ლიგას ან რომელიმე საერთაშორისო შეჯიბრებას, თავი, შესაძლოა, კარგ ფეხბურთელად განიხილოს, ტოპ-კლასის მოთამაშედაც კი; თუმცა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატს იგებ, ლეგენდა ხდები. აი, ამ დონეზე იცვლება შენი ცხოვრება.

- 2010 წლის მუნდიალის შემდეგ თქვენ სათამაშოდ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადახვედით. როგორი იყო იქ და რა გამოცდილება მიიღეთ?
- "ალ აჰლიში" ახალი თავგადასავლისთვის გადავედი. ერთი წლის მერე მუხლის ტრავმამ შემაწუხა და კლუბის პრეზიდენტთან ერთად გადავწყვიტე, რომ გუნდში ჩემი ფუნქცია უნდა შეცვლილიყო. ჩემი მომავალი მწვრთნელობაა, ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს. ვოცნებობ, რომ ერთ დღეს კარგი მწვრთნელი გავხდე, იმდენად კარგი, რომ ეროვნული ნაკრები ჩავიბარო და ერთი ან მეტი ტიტულის მოგება შევძლო.

- სათამაშო კარიერის მანძილზე დიდი პატივისცემა დაიმსახურეთ ლიდერის თვისებების გამო. ეს თვისებები მაშინაც თუ გადგებათ, როდესაც უკვე სამწვრთნელო შტაბის წევრი ხართ?
- ფეხბურთელს შედარებით ეგოისტურად შეუძლია მატჩებისთვის მომზადება, ისე, რომ სხვებზე ბევრი არც ინერვიულოს და სხვებს არ მიაქციოს დიდი ყურადღება. მწვრთნელობა განსხვავებულია, ყველას შესაბამისი მიდგომა უნდა მოუძებნოს და მოტივაცია მისცეს.

ეს როლი ძალიან მომწონს. ჯერ კიდევ ბევრს ვსწავლობ, ჩემი იდეები და ხედვა მაქვს და ის ფაქტი, რომ ესპანეთში მომიხდა თამაში და განსხვავებული სტილი შევისწავლე, ძალიან მეხმარება, ჩემს ცოდნას ამრავალფეროვნებს. თანაშემწის რანგში მოქმედ კონტრაქტს ვადა ივნისში გასდის და ამის შემდეგ მსურს, უკვე მთავარი მწვრთნელობა ვცადო. მინდა უცხოეთში ვიმუშაო, რადგან ახალი ხალხის გაცნობითა და განსხვავებული კულტურის შეცნობით სიამოვნებას ვიღებ.

- რომელმა მწვრთნელმა მოახდინა თქვენზე, როგორც ფეხბურთელზე ყველაზე დიდი გავლენა?
- მარჩელო ლიპიმ და ფაბიო კაპელომ. შემთხვევითი არ არის, რომ მათ ხელში ყველაზე წარმატებული პერიოდები მქონდა. ასევე, მიმუშავია ისეთ სპეციალისტებთან, როგორებიც არიგო საკი და ჯოვანი ტრაპატონი არიან... ვეცდები, მათგან აღებული საუკეთესო გამოვიყენო და გადავცე ჩემს მომავალ ფეხბურთელებს.

როდესაც გიმართლებს და უმაღლესი დონის მოთამაშეების გაწვრთნა გიწევს, ისიც უნდა იცოდე, თუ როგორ გამოავლენინო თითოეულ მათგანს საუკეთესო თვისებები. ჩემი მწვრთნელები ამ საქმეში ძალიან კარგები იყვნენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, იყო პატიოსანი, პირდაპირი და თანმიმდევრული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი მცველი!
del piero 10
12:45 30-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული