სიაშია "მანჩესტერ სიტის" 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი ფერნანდინიოც, ვინც "პენტაკამპეონების" რიგებში ბოლოს 2012 წლის მარტში, ბოსნიასთან ამხანაგურ შეხვედრაში გამოჩნდა. "სიტის" ვებ-გვერდმა მას მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.
- ფერნანდინიო, გილოცავთ ნაკრებში დაბრუნებას. როგორ გრძნობთ თავს?
- მადლობა. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი შევიტყვე, აშკარად უფრო ბედნიერი ვარ.
- როგორ შეიტყვეთ?
- ვარჯიშის შემდეგ შინ დავბრუნდი თუ არა,
- "სიტისთან" კონტრაქტის გაფორმების წინ ამას, ალბათ, იმედოვნებდით კიდეც...
- დიახ, ვიცოდი, რომ თუკი პრემიერლიგაში კარგად ვითამაშებდი, ნაკრებში შანსს აუცილებლად მივიღებდი. ასეც მოხდა.
- თანაგუნდელებმა მოგილოცეს?
- დიახ, თანაგუნდელებისგან იმ საღამოსვე მივიღე მილოცვები. გულშემატკივრებმაც მომწერეს "ტვიტერზე". ბუნებრივია, თითოეულს ცალკე მადლობას ვერ ვეტყოდი, თუმცა ყველას მადლობელი ვარ.
- სიაში "ჩელსის" ოთხი მოთამაშეა. მათთან თუ გაქვთ კონტაქტი?
- დიახ, მათაც გამომიგზავნეს შეტყობინებები და მითხრეს, რომ მე ეს ჩემი შრომით დავიმსახურე. შესაძლოა, მომავალი თამაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს ჩემს კარიერაში. ბრაზილიის ნაკრებში ხომ უზარმაზარი კონკურენციაა. მაქსიმუმს გავაკეთებ, რადგან სხვა შანსი შეიძლება აღარც მქონდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"