ამ მატჩის შედეგი სულ მთლად მოულოდნელიც არ ყოფილა. სპეციალისტების უმრავლესობას და "მერიფილდზე" შეკრებილ ქომაგებს "ნარშავების" გამარჯვების სჯეროდათ და მოუთმენლად ელოდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "სკოტებმა" დაცვაში "აუღებელი ციხე-სიმაგრე" ააგეს. პირველ ტაიმში მეტოქის სამი შეცდომიდან სამივე გამოიყენეს და 21:8 დაწინაურდნენ.
მასპინძელთა შორის, როგორც ყოველთვის, გამორჩეული იყო ფულბეკი სტიურატ ჰოგი, რომელმაც ორი ლელო მიითვალა და ორივე
შესვენების შემდეგ ირლანდიამ თავისი თამაში იპოვა და 62-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურდა - 22:21. "სამყურებისთვის" თამაში სწორედ აქ დასრულდა. "სკოტები" დარჩენილ 18 წუთში მაქსიმალურად ყურადღებით, უშეცდომოდ გაისარჯნენ და მეტოქეს ორი საჯარიმო გამოსტყუეს, რომელიც გუნდის ლიდერმა გრეგ ლაიდლოუმ ქულებად აქცია - 27:22.
"როცა მეტოქე ერთი ქულით დაწინაურდა, ვიფიქრე, თამაში ნოემბრის ტესტებზე ავსტრალიასთან წაგებული მატჩის სცენარით ვითარდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ბიჭებმა ისწავლეს ძალის მოკრება, უფრო დაიხვეწნენ და შეხვედრის ბოლოსკენ მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს.
პირველ ტაიმში ჩვენ ვდომინირებდით, მეორეში - მეტოქე, მაგრამ მატჩის ბოლოს კონცენტრირება შევძელით. ავსტრალიასთან და არგენტინასთან დაძაბულ მატჩებს უკვალოდ არ ჩაუვლია. გუნდი აშკარად გაიზარდა და მივაღწიეთ იმას, რისკენაც ამდენი ხანია ბეჯითი შრომით მივდივართ" - თქვა შოტლანდიის ნაკრების ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა.
ინგლისის ნაკრებმა, რომელიც ამ ტურნირის ასევე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, გაჭირვებით მოუგო შინ, "თვიქნემზე" საფრანგეთის ეროვნულ გუნდს - 19:16.
ეს გასაკვირი არცაა, რადგან "ლე ბლოს" ლონდონში 2005 წლის შემდეგ არ მოუგია. თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ გი ნოვე შესანიშნავ გუნდს აყალიბებს, რაც ფრანგებს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის რენომეს დაბრუნების საწინდარია.
როგორც მოსალოდნელი იყო, უელსის ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა იტალიის ეროვნული გუნდი - 33:7. აღსანიშნავია, რომ "სკუადრა აძურამ" პირველი ტაიმი 7:3 მოიგო, მაგრამ უფრო მეტისთვის არც ძალა ეყო და არც ოსტატობა.
ექვსი ერი. I ტური
შოტლანდია-ირლანდია 27:22
შოტლანდია: 3ლ - ჰოგი (2), დანბარი. 3გ,2ს - ლაიდლოუ
ირლანდია: 3ლ - ირლზი, ჰენდერსონი, ჯეკსონი. 2გ,ს - ჯეკსონი
ინგლისი-საფრანგეთი 19:16
ინგლისი: ლ - ტეო. 4ს - ფარელი (3), დეილი. გ - ფარელი.
სინბინი: მეი
საფრანგეთი: ლ - სლიმანი. 3ს,გ - ლოპესი
იტალია-უელსი 7:33
იტალია: ლ - გორი. გ - კანა
სინბინი: ლოვოტი
უელსი: 3ლ - დევისი, ვილიამსი, ნორსი. 3გ,4ს - ჰალპფენი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. უელსი 1 1 0 0 +26 4 0
2. შოტლანდია 1 1 0 0 +5 4 0
3. ინგლისი 1 1 0 0 +3 4 0
4. საფრანგეთი 1 0 0 1 -3 1 1
5. ირლანდია 1 0 0 1 -5 1 1
6. იტალია 1 0 0 1 -26 0 0
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"