"ბათუმი" მე-6 ტურში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ თბილისის "აკადემიას" უმასპინძლებს. ფაქტობრივად, ეს ბოლო რეპეტიციაა ბათუმელებისთვის. "აკადემია" მებრძოლი, კარგი გუნდია და მასპინძლებს მართლაც სერიოზულ გამოცდას ჩაუტარებს. მით უფრო, რომ თბილისურ გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში ერთი თამაშიც არ აქვს მოგებული. თუმცა, აკადემიელებმა ხუთი ქულის დაგროვება მაინც შეძლეს. ანუ ხუთი წაგებული მატჩიდან ხუთივეში თითო საპრემიო ქულა
წინა ტურში "ბათუმის" დაპირისპირება სტუმრად, თბილისის "ლოკომოტივთან" "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების გამო ჩაიშალა. არადა, ეს შეხვედრა ნამდვილად ნათლად წარმოაჩენდა "ბათუმელთა" ნაკლოვანებებს, რომლებიც ევროტურნირების დაწყებამდე იქნებოდა გამოსასწორებელი.
* * *
ჩემპიონატის ლიდერი ქუთაისის "აია" სტუმრად ითამაშებს მარნეულის "არმაზთან", რომელმაც წარუმატებელი სტარტის შემდეგ ზედიზედ ორი თამაში მოიგო და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორა. "აია" ჯერ კიდევ დაუმარცხებელია და საინტერესო იქნება, შეძლებს თუ არა "არმაზი", ქუთათურებს პირველი მარცხი აგემოს.
* * *
არანაკლებ მწვავე ბრძოლაა მოსალოდნელი რუსთავში, სადაც "ხარები" თბილისის "ლელოს" უმასპინძლებს. რუსთაველთა მოულოდნელ შესანიშნავ სტარტზე აღარ შევჩერდებით. იმედია, გასულ ტურში ქუთაისის "ბაგრატთან" მშრალი ანგარიშით განცდილი მარცხი "ხარებისთვის" დროებითი ჩავარდნა იყო.
"ლელო" კი, რა შემადგენლობითაც უნდა თამაშობდეს, მუდამ ამბიციური გუნდია. ბოლოს და ბოლოს, მის უკანა ხაზში ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ირჯებიან, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა ნებისმიერ მეტოქესთან თამაშისას.
* * *
წინა ტურში, როგორც უკვე ვთქვით, არ უთამაშია "ლოკომოტივსაც". რამდენად წაადგებათ ეს რკინიგზელებს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ გორის "ჯიქთან" სტუმრად დაპირისპირებისას, ცხადია, მხოლოდ თამაშში გამოჩნდება. ბრძოლა განსაკუთრებით მწვავე შერკინებაში იქნება. ვინც აქ შეძლებს უპირატესობის მოპოვებას, სავარაუდოდ, გამარჯვებაც მას დარჩება.
* * *
აუტსაიდერი ქუთისის "ბაგრატი" შინ მიიღებს უშუალო კონკურენტ "არმიას". სატურნირო ცხრილის "ფსკერზე" ვითარება უკიდურესად "ბაგრატის" "ხარებთან" გამარჯვების შემდეგ დაიძაბა. თუ ქუთათურები ამ მატჩსაც მოიგებენ, მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებენ. აქამდე ერთი მოგება აქვს "არმიასაც", რომელიც ასევე ეცდება, სახიფათო ზონას თავი დააღწიოს.
დიდი 10. VI ტური
პარასკევი, 6 ოქტომბერი
ბათუმი-აკადემია 16:45
შაბათი, 7 ოქტომბერი
ბაგრატი-არმია 15:45
ხარები-ლელო 18:00
კვირა, 8 ოქტომბერი
ჯიქი-ლოკომოტივი 15:45
არმაზი-აია 18:00.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"