უხვქულიანი რკენა ქუთაისში

AutoSharing Option
აჩიკო გეგენავას ფოტო

ქუთაისში დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვქულიანი თამაში გაიმართა. გუნდებმა ჯამში 8 ლელო გაიტანეს და 68 ქულა მოაგროვეს, გამარჯვება კი თბილისის "არმიას" დარჩა.

სტუმრებმა "ბაგრატს" 5 ლელო გაუტანეს, დიმიტრი კალანდაძემ დუბლი შეასრულა, სოლომონ ქარუხნიშვილმა, დავით მესხმა და თედო დევიძემ თითო-თითო მიითვალეს. მეორე ტაიმის დასაწყისში "არმია" ლელოებით 5:1 იგებდა და ბონუს-ქულის აღების კანდიდატი იყო, თუმცა ქუთაისელებმა ორი ლელოთი ჩამორჩენა შამცირეს და ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით ნუგეშის პრემია თავად ჩაიწერეს - 31:37.

პირველმა ტაიმმა სტუმართა დომინირებით ჩაიარა. ისინი სამჯერ
იყვნენ ახლოს ლელოს გატანასთან, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზებში შეცდომებს უშვებდნენ. "ბაგრატი" უმეტესად თავს იცავდა და საკუთარ ბედს კონტრშეტევაზე ეძებდა, რამაც შედეგი მოიტანა. სწორედ ასეთ კონტრშეტევას მოყვა ჯარიმა მატჩის დებიუტში და ზვიად ოდიშარიამ ანგარიში გახსნა. "არმიამ" 5-წუთიან მონაკვეთში კარის წინ 20-25 მეტრში სამჯერ მოიპოვა ჯარიმის შესრულების უფლება, შავლეგ მახარაშვილმა ორი გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

31-ე წუთზე შეხვედრის პირველი ლელო გავიდა. დავით მესხმა ბურთი თავისი ნახევრიდან წამოიღო და ცენტრი გადალახა, რაქიდან იერიში მარცხენა ფლანგზე გაიშალა, მეორეხაზელმა სოლომონ ქარუხნიშვილმა სივრცე რომ შენიშნა ხაზი გაჭრა, წონისთვის შეუსაბამო სიჩქარე აკრიფა, მანევრით ბოლო მცველიც სახტად დატოვა და 35-მეტრიანი გარბენი ლელოთი დაასრულა, ხოლო მახარაშვილი გარდასახვიდან არ შეცდა - 3:13.

ბაგრატი დასკვნით წუთებში დაბრუნდა და ჯერ ოდიშარიას ორი ჯარიმით შეამცირა ჩამორჩენა, ხოლო ზედ შესვენების წინ მეტოქის მორიგი უყურადღებობით ისარგებლა, სერგი კვერნაძემ თავისუფალი ბურთი აიტაცა და 75-მეტრიანი კონტრშეტევა ლელოთი დაასრულა. ოდიშარიამ გარდასახა და ტაიმი "ბაგრატმა" 16:13 მოიგო.

შესვენების შემდეგ "არმია" მოედანზე მობილიზებული გამოვიდა და 20 წუთში გატანილი 4 ლელოთი, მატჩის ბედი გადაწყვიტა: 44-ე წუთზე დიმიტრი კალანდაძემ გრძელი გადაცემა შეირგო, მბოჭავს დაუსხლტა და ბურთი ალამთან დაამიწა; 3 წუთში საკუთარი 22-იდან კონტრშეტევა მახარაშვილმა წამოიწყო და ბურთი ფეხით წინ გაგზავნა, უსწრაფესმა კალანდაძემ ყველას აჯობა, ერთხელ ფეხით თავადაც ითამაშა და იმავე ალამთან დუბლი შეასრულა. მახარაშვილმა ფლანგიდან შესრულებული ორი დარტყმიდან ერთი გამოიყენა.

53-ე წუთზე "არმიამ" მოლის აგორების იმიტაცია შექმნა, ლევან ჭავჭავაძემ ბურთი მესხს ამოუგდო და ბოჭვის მიუხედავად ის ლელოს მიწვდა. ტაიმის შუაში "ბაგრატმა" საკუთარ ნახევარზე დაკარგა ბურთი, მახარაშვილმა მარჯვენა ფლანგზე უპირატესობა გამოიყენა და თედო დევიძემ ლელო გაიტანა. მახარაშვილის პირველი გარდასახვა ზუსტი იყო, მეორე ძელმა აისხლიტა - 37:16.

"ბაგრატის" სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ გუნდი არ გატყდა, ნიკოლოზ ხურციძემ ხაზი გაჭრა და მისი ლელო ბაკურ გოშაძემ გარდასახა. ქუთაისელებმა მეტოქეს შტურმი მოუწყეს, "არმია" 5-წუთიან მონაკვეთში ლელოს სამჯერ გადაურჩა, თუმცა ლევან ჩიქოვანმა სწრაფად გათამაშებული ჯარიმის შემდეგ საწადელს მიაღწია. მასპინძელთა სამწუხაროდ, გარდასახვა არაზუსტი იყო და სხვაობა 9 ქულა დარჩა, რის გამოც ბოლო წუთზე ოდიშარიამ ჯარიმა კარში დაარტყა, გაიტანა და საკუთარ გუნდს ბონუს-ქულა მოუტანა, ხოლო "არმიამ" სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა - 37:31.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული