თბილისის "ლელო-სარასენსმა" ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე დაწინაურდა. დიდი 10-ის მე-6 ტურში ლევან მაისაშვილის შეგირდებმა რუსთავში "ხარებს" 25:22 სძლიეს.
მასპინძლებს სეზონის სტარტზე 4-მატჩიანი გამარჯვებების სერია დაუგროვდათ, თუმცა გასულ ტურში აუტსაიდერ "ბაგრატთან" ქუთაისში დამარცხდნენ და რეაბილიტაცია სურდათ. დაძაბული ბრძოლის პირველი ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა და შეხვედრის მიწურულს შეეძლოთ, რომ ეს შეხვედრა არ წაეგოთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას და შესრულებისას შეცდნენ.
"ხარებმა" მატჩის დებიუტში ჯარიმის კარში დარტყმაზე უარი თქვა და არც ინანა: მოლი
მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლებმა ჯარიმა გაითამაშეს და სამი პასის შემდეგ ლელო ქანდაურაშვილმა გაიტანა, ხოლო ხუციშვილის გარდასახვა კვლავ ზუსტი იყო. სტუმრებმა ლელოთი მალე უპასუხეს, თენგო პერანიძემ რაქიდან ბურთი აიტაცა, მცველი ცრუმოძრაობაზე დაიჭირა და ოვალი ლელოში დაამიწა. გარდასახვა მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა და ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა.
მალე მეკოს ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 63-ე წუთზე სალელოვე კონტრშეტევა წამოიწყო: "ხარებმა" მეტოქის ლელოდან 7-8 მეტრში ბურთი დაკარგა, კვირიკაშვილმა უპირატესობა შექმნა და მარცხნივ აკაკი ტაბუცაძეს გადაცემა არ დაუგვიანა. "ლელო-სარასენსის" გარემარბმა სიჩქარე სწრაფად განავითარა, მას ვეღარავინ დაეწია და 90-მეტრიანი კონტრშეტევა ლელოთი დასრულდა. კვირიკაშვილმა ზუსტ გარდასახვას რამდენიმე წუთში ჯარიმა მიაყოლა და სტუმართა უპირატესობა კომფორტული გახდა.
მალე "ლელო-სარასენსი" კაცნაკლული დარჩა, რეფერიმ ბექა საღინაძე შუბური ბოჭვისთვის წითელი ბარათით გააძევა. "ხარებმა" დიდი მონდომებით შეუტია, ფაზები აკინძა და ბექა ბებიაშვილმა ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა უკანასკნელ წუთზე რუსთაველებმა გასატან პოზიციაზე ჯარიმა გამოიმუშავეს და ანგარიშის გათანაბრების შანსი გაუჩნდათ, მაგრამ ფრეს ლელოზე თამაში არჩიეს, ჯარიმიდან ბურთი აუტში ვერ გადაიტანეს და 22:25 მარცხისთვის მხოლოდ ნუგეშის ქულას გამორჩნენ.
rugby.ge