დიდი 10. VIII ტურის წინ: "ბორჯღალოსნები" დაბრუნდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა.

გათამაშებას შვიდი თამაშიდან შვიდი მოგებით დამაჯერებლად ლიდერობს ქუთაისის "აია".

მერვე ტურს სწორედ ქუთათურები გახსნიან. დღეს "აია" "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" "არმიას" დაუპირისპირდება, რომელიც სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარშია. არმიელებმა აქამდე მხოლოდ ორი მატჩი მოიგეს და აუტსაიდერთა შორის არიან. თუმცა, ჩამორჩენა დიდი არაა - თუ "არმია" თამაშს გამოასწორებს, პლეი-ოფში მოხვედრისთვისაც შეუძლია იბრძოლოს.

"აიასთან" ამის გაკეთება "არმიას" გაუჭირდება. ქუთაისური გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და უკან დახევას არავის წინაშე არ აპირებს.

ტურის ცენტრალური მატჩი კი გორში გაიმართება, სადაც
ქვეყნის ჩემპიონი "ჯიქი" შინ მიიღებს თბილისის "ლელოს". ამ უკანასკნელმა ნაკრებში მივლინებული მოთამაშეების არყოფნაში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი "ბათუმის" დამარცხება შეძლო. ამჯერად კი სრული შემადგენლობით ეწვევა გორს. "ბორჯღალოსნები" საფრანგეთში გამართული სამდღიანი შეკრებიდან დაბრუნდნენ.

"ჯიქმა" წარუმატებელი სტარტის შემდეგ საკუთარ თამაშს მიაგნო და ნელ-ნელა მიიწევს წინ, სატურნირო ცხრილის მწვერვალისკენ. "ჯიქსა" და "ლელოს" შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. ამიტომ თამაში ძალზე საინტერესო და უაღრესად დაძაბული უნდა გამოვიდეს.

კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება შედგება რუსთავში, სადაც "ხარები" ევროსარბიელზე მოასპარეზე "ბათუმს" უმასპინძლებს. ნაკრების წევრები "ბათუმსაც" დაუბრუნდნენ და რუსთაველებს უმძიმესი მატჩი ელით.

ქუთაისში "ბაგრატი" ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს. წესით, ამ მატჩის შედეგის გამოცნობა რთული არ უნდა იყოს, მაგრამ ბაგრატელებს სიურპრიზებისკენ მიდრეკილება აქვთ და გამორიცხული არაფერია. მით უფრო, რომ "ლოკომოტივი" სტაბილური თამაშით ვერ დაიკვეხნის.

ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯერ არ მოუგია, თბილისის "აკადემიაა". მერვე ტურში აკადემიელებს შანსი ეძლევათ, ეს ცუდი სტატისტიკა დაარღვიონ. მეტოქე მარნეულის "არმაზია", რომელსაც საკადრო პრობლემები აქვს. გასულ ტურში "ლოკომოტივთან" არმაზელებს განაცხადში მხოლოდ 18 მორაგბე ჰყავდათ. მართალია, მათ ნაკრებში მივლინებული მორაგბეები - გიორგი კვესელაძე და რეზო ჯინჭველაშვილი დაუბრუნდნენ, მაგრამ ისინი უკანახაზელები არიან.

"არმაზის" პრობლემა კი მორკინალებია, რომლებიც ტრავმირებულნი არიან.

VIII ტური
3 ნოემბერი
არმია-აია

4 ნოემბერი
ჯიქი-ლელო
ბაგრატი-ლოკომოტივი

5 ნოემბერი
არმაზი-აკადემია
ხარები-ბათუმი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული