დიდი 10: რეგულარული დასრულდა, პლეი-ოფები 21 აპრილს იწყება

AutoSharing Option
2017/2018 წლების რეგულარული გათამაშება ხუთი პარალელური შეხვედრით დასრულდა. გადამწყვეტ ტურში ირკვეოდა როგორ დაწყვილდებოდნენ გუნდები ფლეი ოფში და რომელ ქალაქში გაიმართებოდა შესარჩევი ფინალი.

მანამდე უკვე ცნობილი იყო, რომ ფლეი ოფში ორი თბილისური (‘ლოკომოტივი’ და ‘ლელო-სარასენსი’) და ოთხიც რეგიონის (ქუთაისის ‘აია’, გორის ‘ჯიქი’, ‘ბათუმი’ და რუსთავის ‘ხარები’) გუნდი ითამაშებდა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრას გორმა უმასპინძლა. ‘ჯიქი’ და ‘ბათუმი’ ერთმანეთში არკვევდნენ ვინ დაიკავებდა მესამე ადგილს და შესაბამისად, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მეექვსე გუნდს მიიღებდა. თამაში სტუმართა აქტიურობით დაიწყო, ტაიმის შუაში ბურთი მარცხენა ფლანგზე ჩათამაშდა,
ბექა ტორაძემ მბოჭავი ცალი ხელით მოიგერია და მეორეთი ლელო გაიტანა. ‘ჯიქმა’ ტაიმის ბოლოს უპასუხა, მამუკა ნინიძემ კარის წინ ფეხით ითამაშა და რევაზ ჯინჯიხაძე ბურთს პირით ხაზთან დაეწია, ხოლო ნინიძემ გარდასახა - 7:5.

მეორე ტაიმის დასაწყისში დევი დევსურაშვილმა გორელთა მეორე ლელო გაიტანა. ამ დროს ზღვისპირელები 13 კაცით თამაშობდნენ - ბექა მამრიკიშვილისა და სანდრო ქოიავას სინბინების გამო. შემადგენლობასთან ერთად თამაშიც გათანაბრდა და 56- წუთზე ხვიჩა ბუჯიაშვილმა ლამაზი კომბინაცია ლელოთი დაასრულა, ხოლო ბახვა კობახიძემ გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მიწურულს მან ჯარიმაც გაიტანა და გორში ‘ბათუმმა’ 15:12 იმარჯვა.

რადგან მასპინძლებმა ბონუს-ქულა აიღეს, ‘ჯიქს’ და ‘ბათუმს’ სატურნირო ცხრილში 58-58 ქულა მოუგროვდათ. პირველ წრეში ‘ჯიქს’ ბათუმში 22:12 ჰქონდა მოგებული და ურთიერთშეხვედრების ხარჯზე მან მესამე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო ‘ბათუმი’ მეოთხეზე დარჩა.

ფლეი ოფში გორში რუსთავის ‘ხარები’ ჩავა, რომელიც ლიდერ ქუთაისის ‘აიას’ მედგრად დაუხვდა და 26-ე წუთისთვის ორი ლელოთი 12:0 დაწინაურდა, მაგრამ ქულები სტუმრებსაც ჭირდებოდათ და ერთი ლელო შესვენებამდე გაქვითეს, ორი კი მეორე ტაიმის პირველ ნახევარში გაიტანეს და 21:12 დაწინაურდნენ. ‘ხარებმა’ ორჯერ დაიყვანა ჩამორჩენა 2 ქულამდე, მაგრამ ‘აიამ’ ორივეჯერ შეძლო საპასუხო ლელოს გატანა და საბოლოოდ 33:24 იმარჯვა.

რუსთაველთაგან ლელოები დათო თაბუკაშვილმა, ლაშა გოგიაშვილმა, ბიძინა ჯიმშიტაშვილმა და გიორგი ნარიმანიძემ გაიტანეს. ‘აიადან’ თავი გიორგი ტორაძემ, თორნიკე მანაგაძემ, თემურ ირემაძემ, შოთა არეშიძემ და მიხეილ ბაბუნაშვილმა გამოიჩინეს.

ამ მარცხის შემდეგ ‘ხარები’ მე-6 ადგილს ვერ ასცდა, მაგრამ ქუთაისელებს ბონუსი რომ არ ააღებინა, რგულარული გათამაშების გამარჯვებული თბილისის ‘ლოკომოტივი’ გახდა. რკინიგზელებმა ‘არმიას’ 12 ლელო გაუტანეს, აქედან 6(!) გიორგი შკინინმა და 78:17 გაიმარჯვეს. ბონუსის აღების შემდეგ, თბილისელებს ‘აიას’ მსგავსად 70 ქულა გაუხდათ და მას პირველი ადგილი დამატებითი მაჩვენებლებით ჩამოართვეს. შედეგად, შესარჩევ ფინალში, რომელიც ორი კვირის შემდეგ გაიმართება, ‘აიას’ ‘ლოკომოტივთან’ ქუთაისის ნაცვლად თბილისში მოუწევს თამაში. რაც შეეხება შკინინს, ის საუკეთესო მელელოვეთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურდა. ახლა მის ანგარიშზე 22 ლელოა და ძნლად სავარაუდოა ზურაბ ძნელაძე (17 ლელო) დაეწიოს.

რაც შეეხება ‘ბათუმს’, ის ფლეი ოფის პირველ ეტაპზე თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ დაუხვდება. მარნეულის ‘არმაზი’ თბილისელებთან მატჩის დებიუტში ნიკა წიკლაურისა და გოჩა ჩანადირის ლელოებით დაწინაურდა, გივი ცინცაძემ კი ორივე გარდასახა - 14:0. შესვენებამდე მერაბ კვირიკაშვილმა და სანდრო თოდუამ საპასუხო ლელოები გაიტანეს, ხოლო ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახვების გარდა ჯარიმაც გაიტანა და ‘ლელო-სარასენსი’ 17:14 დაწინაურდა. მეორე ტაიმში ერთადერთი ლელო გავიდა, ის არმაზელი საბა ბერაძის ანგარიშზეა და მარნეულელებმა 19:17 იმარჯვეს.

ამავე ტურის კიდევ ერთ შხვედრაში თბილისის ‘აკადემიამ’ დიდი 10-იდან დაქვითებულ ‘ბაგრატს’ ქუთაისში 40:7 სძლია.

ამრიგად, ფლეი ოფის პირველ ეტაპზე, 21 და 22 აპრილს, ‘ჯიქი’ გორში ‘ხარებს’ მიიღებს, ხოლო ‘ბათუმი’ ‘ლელო-სარასენსს’ უმასპინძლებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული