დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" დებიუტანტი პატარძეულის "ვეფხვები" ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა

AutoSharing Option
მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ‘ლელო-სარასენსმა’ პატარძეულის ‘ვეფხვებს’ გამარჯვების ლელო გაუტანა და დიდი 10-ის დებიუტანტს ზეიმი არ დააცალა.

28:25 - ასე დასრულდა დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“ გამართული მატჩი და მასპინძლებმა ზედიზედ მეორედ იმარჯვეს 3 ქულის სხვაობით, ხოლო ‘ვეფხვებმა’ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უძლიერესებში ხელწამოსაკრავი გუნდი არავისთვის იქნება და დიდ 10-ში პირველი ქულა ჩაიწერა.

თამაში მაღალ ტემპში წარიმართა და კარგი საყურებელი გამოდგა. ამაში დიდი წვლილი სწორედ კახელებს მიუძღვით, რომლებმაც საკუთარი ძალების ირწმუნეს, ნაადრევად მიღებული 2 ლელოს მიუხედავად ფარ-ხმალი არ დაყარეს და
მცირედი მარცხისთვის ბონუსიც ალალად დაიმსახურეს.

სტუმრების მთავარ პრობლემას დერეფანში არაზუსტი თამაში წარმოადგენდა, რასაც პირველი ლელოც მოყვა. მე-7 წუთზე პატარძეულელები საკუთარ 22-ში შეცდნენ, მერაბ კვირიკაშვილი ორ მცველს შორის გაძვრა, შებოჭილმა ბურთი ბექა მამუკაშვილს ამოუგდო და მისი ლელო გარდასახა. მე-14 წუთზე რევაზ ჯინჯიხაძემ კარის წინ გაჭრა ხაზი და ლელომდე 20 მეტრი ირბინა, ხოლო კვირიკაშვილის დარტყმა ამჯერადაც ზუსტი იყო - 14:0.

‘ვეფხვებმა’ 2 წუთში 70-მეტრიანი შეტევით და ლამაზი ლელოთი უპასუხა. იერიში გიორგი ბებიაშვილმა წამოიწყო, რომელმაც ხაზი გაჭრა და ბურთი საკუთარი 22-იდან მეტოქის 22-მდე ჩაიტანა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ ხაზი ერთხელაც გაიჭრა და ბექა არველაძის ლელო ლაშა გურგენიძემ გარდასახა. სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ, 22-ე წუთზე დერეფნიდან კიდევ ერთი კარგი შეტევა წამოიწყეს, მორკინალებმა ყველა ჯერზე შეძლეს უპირატესობის ხაზის გადალახვა ზედ ლელოსთან მურაზ გიორგაძის მიძალება 5 ქულის მომტანი აღმოჩნდა, ხოლო გურგენიძემ წონასწორობა აღადგინა - 14:14.

29-ე წუთზე ‘ვეფხვები’ წინ გაიჭრა: გურგენიძემ ფეხით გადაკიდებული ბურთი თავის 22-თან აიღო, მოკლეზე გადაიკიდა და სიჩქარე აკრიფა, მას კარგად მიყვნენ თანაგუნდელები, ბურთიც საპირისპირო ფრთამდე ჩათამაშდა და რეზი ბროძელმა პატარძეულელები წინ გაიყვანა. ‘ლელო-სარასენსი’ მოვლენების ასეთ განვითარებას არ შეეგუა, მაღალ ტემპში შეუტია, კვირიკაშვილმა მოშიშვლებულ ზურგში ბურთი ფეხით შაცურა და მას ჯინჯიხაძე მიყვა, ხოლო მეკომ გარდასახვით ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 21:19.

მეორე ტაიმი სტუმრების იერიშებით დაიწყო და გურგენიძეს ჯერ არეკნი გაუცუდდა, მაგრამ მერე ჯარიმა გაიტანა. 53-ე წუთზე ლაშამ თითქმის 40 მეტრიდან არეკნიც ზუსტად შეასრულა და ‘ვეფხვები’ 25:21 დაწინაურდა. ეს ანგარიში დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდა, კახელები ლელოს საგულდაგულოდ იცავდნენ, მაგრამ 78-ე წუთზე ‘ლელო-სარასენსმა’ 5-მეტრიანი დერეფის შემდეგ მოლი დააყენა, მოკლე ფრთაზე თორნიკე ახობაძემ შეუტია და მისი ლელო ირაკლი ყიასაშვილმა ურთულესი პოზიციიდან გარდასახა და მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 28:25.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა მაინტერესებს გადავქექე ყველაფერი და ვერსად ვნახე ახალი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენი გუნდი თუ თამაშობს ევროაზე რომელიმე თუ მიიღეს დაფინანსება ან რა სტადიაზეა.. არსად არაფერი არ არის და იქნება ჟურნალისტებმა რამე გამოქექოთ!!
mitro
12 სექტემბერი 2018 16:51
0
მაგრები ხართ ვეფხვებო
912
12 სექტემბერი 2018 16:05
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული