დიდი 10. "ხარებმა" "ჯიქი" დაამარცხა

AutoSharing Option
ფოტო - გოგიტა ბუხაიძე

რუსთავის ‘ხარებმა’ დიდი 10-ის მესამე ტურში გორის ‘ჯიქი’ 30:6 დაამარცხა, 4 უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუსიც ჩაიწერა და მინიმუმ ხვალამდე სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

რუსთაველებისთვის ეს ზედიზედ მეორე მოგებაა. ერთი კვირის წინ ‘ხარებმა’ ‘ბათუმი’ სტუმრად დაამარცხა და მეტოქეს სატურნირო ცხრილში ურთიერთშეხვედრების ხარჯზე გაასწრო.

მასპინძლებმა პირველი 20 წუთი მაღალ დონეზე ჩაატარეს და პირველსავე წუთზე დაწინაურდნენ. გორელებმა ცენტრალურ ხაზთან ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ აიღეს, დათო თაბუკაშვილმა ბოლო მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და ლელომდე ირბინა. მას კარის წინიდან გარდასახვაც უნდა გაეტანა,
მაგრამ დაუფარეს. სამაგიეროდ, მე-13 და მე-16 წუთებზე ის ჯარიმიდან არ შეცდა და ანგარიში 11:0 გახდა.

მეორე ჯარიმის დროს ნიკა სუხაშვილი სინბინითაც დაისაჯა, თუმცა კაცნაკლულმა ‘ჯიქმა’ მოახერხა უპირატესობის მოპოვება და რამდენიმე ჯარიმა გამოიმუშავა. ირაკლი სვანიძეს პირველი დარტყმა გაუცუდდა, შემდეგ ორ ჯერზე ზუსტი იყო და სხვაობა 5 ქულამდე დავიდა.

დასკვნით წუთებში ‘ხარებმა’ შეძლო მეტოქის ნახევარზე დაბრუნება, 35-ე წუთზე თაბუკაშვილი მცველს ერთი-ერთზე გაექცა და მეორე ლელო გაიტანა. სულ ბოლოს ‘ჯიქს’ მატჩში დაბრუნების შანსი ჰქონდა, მაგრამ ლელოში შესულ სუხაშვილს ბურთი ხელიდან გააგდებინეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ხარებს’ ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა ‘ჯიქმა’ ბურთის ამოტანა ვერ მოახერხა. რუსთაველებმა 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორეს და ირაკლი ნატრიაშვილის ლელო თაბუკაშვილმა გარდასახა. მომდევნო ნახევარი საათი გუნდებმა უქულოდ ითამაშეს, ბოლოს ‘ხარებმა’ რამდენჯერმე შეძლო ხაზის გარღვევა და გაწითლებულ დროზე კობა ბუჯიაშვილმა მეოთხე ლელო გაიტანა, ხოლო ზურა ქავთარაძემ გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 30:6.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული