"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა

AutoSharing Option
თბილისის ‘არმიამ’ 2019 წელს ჩატარებული ექვსი მატჩიდან ოთხი მოიგო, ჯამში გამარჯვებები ხუთამდე გაზარდა და მინიმუმ მე-16 ტურის ბოლომდე, ცხრილის ფსკერს თავი დააღწია.

დიდ 10-ში დასარჩენად მებრძოლი არმიელები თბილისის ‘ლელო-სარასენსს’ „ავჭალაზე“ მასპინძლობდნენ. ნომინალურმა სტუმრებმა, რომელთა მიზანი საფლეიოფო ექვსეულში დამკვიდრებაა, პირველი ტაიმი 10:6 მოიგეს, თუმცა ‘არმიამ’ მეორე ნახევრის 30 წუთში 23 უპასუხო ქულა მოიხვეჭა და ახლა კონკურენტების შედეგს ელოდება.

თამაში ‘ლელო-სარასენსის’ შეტევებით დაიწყო და მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმით გახსნა ანგარიში. მას მე-16 და მე-20 წუთებზე ბახვა კობახიძემ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა. ტაიმი მაინც
სტუმრებმა მოიგეს. 27-ე წუთზე სანდრო მამამთავრიშვილმა დერეფანში მოიგო ბურთი და ის შერკინების შემკვრელად გიორგი ჭყოიძეს გაატანა, რომელმაც დაახლოებით 10 მეტრი იარა და ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, რაქიდან კვლავ მამამთავრიშვილმა შეუტია და მისი ლელო კვირიკაშვილმა გარდასახა, რომელსაც შესვენებამდე ორი ჯარიმა გაუფუჭდა.

აღსანიშნავია, რომ ტაიმის დასრულებამდე ‘ლელო-სარასენსს’ კიდევ სამჯერ შეეძლო ლელოს გატანა, მათ ტემპს უმატეს და ფრთებზე უპირატესობების შექმნა შეძლეს, თუმცა ორჯერ თავად შეცდნენ, ერთხელ კი ‘არმიამ’ ბოლო მომენტში მოახერხა თავის დაცვა.

მეორე ტაიმი კობახიძის ზუსტი დარტყმით დაიწყო და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, 50-ე წუთზე კი, ‘არმია’ წინ გაიჭრა. მათ ცენტრიდან წამოიწყეს ხელდახელ შეტევა, გოდერძი ჭინჭარაულმა ხაზი გაჭრა, იერიში სანდრო მერკვილიშვილმა გააგრძელა და ლელო დავით ლაზარიშვილმა გაიტანა. კობახიძემ ზუსტი გარდასახვის შემდეგ 57-ე წუთზე ჯარიმა ცენტრიდან, რთული პოზიციიდან გაიტანა - 19:10.

მალე ხაზი ალექსანდრე ნახუცრიშვილმა გაჭრა, მარცხენა ფრთაზე ნიკა ცირეკიძეს პასი არ დაუგვიანა და თბილისელთა შუამარბმა ლელომდე ირბინა. კობახიძემ ამ გარდასახვას რამდენიმე წუთში კვლავ ჯარიმა მიაყოლა. ‘ლელო-სარასენსმა’ 75-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანა, თავი აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა, თუმცა მეტი ქულის აღება ვეღარ მოახერხა და ‘არმია’ 29:15 მოგებით, მე-9 ადგილამდე აღზევდა.

ხვალ ექვსეულისთვის მებრძოლი ‘არმაზი’ რუსთავის ‘ხარებს’ მასპინძლობს, ხოლო ‘აია’ ‘ჯიქს’ დაუხვდება. ზეგ ‘ვეფხვები’ ‘აკადემიას’ ეთამაშება, ხოლო ‘ლოკომოტივი’ ‘ბათუმს’ შეხვდება.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული