"ბორჯღალოსნების" მეოთხე მეტოქე მსოფლიოს თასის ჯგუფში ცნობილია

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრებმა კანადას ორი მატჩის ჯამში 70:60 (38:29 სტუმრად, 32:31 შინ) მოუგო და 2019 წლის მსოფლიო თასზე D ჯგუფში, ავსტრალიასთან, უელსთან, საქართველოსა და ფიჯისთან ითამაშებს.

ბორჯღალოსნები სამხრეთ ამერიკელებს გაისად, 29 სექტემბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე, კუმაგაიაში შეხვდებიან.

რევანშის შანსი

ურუგვაისთან აქამდე 5-ჯერ გვითამაშია და მასთან დადებითი ბალანსი გვაქვს - 3:2. პირველად მას 2003 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასზე, 28 ოქტომბერს სიდნეიში შევხვდით და მეტოქემ 24:12 იმარჯვა. 16 წლის შემდეგ ურუგვაის მსოფლიო თასზე ისევ ვეთამაშებით და რევანშის შანსი გვეძლევა.

რევანშის შანსი უმაღლეს
დონეზე, თორემ სხვადასხვა დონეზე სამხრეთელებს სამჯერ მოვუგეთ. მანამდე, 2004 წელს მეტოქეს მონტევიდეოში, საკონტინენტთაშორისო თასისთვის ვეწვიეთ და მასპინძლებმა კვლავ გვაჯობეს - 17:7. მომავალ წელს ურუვაი საპასუხო ვიზიტით უნდა გვწვეოდა, მაგრამ საქართველომდე ვერ ჩამოაღწია.

‘ტეროსს’ (ურუგვაის ნაკრების მეტსახელი) პირველად 2008 წელს, რუმინეთში გამართულ "ირბ-ს (ახლანდელი მსოფლიო რაგბი) ბუქარესტის თასზე“, დაძაბულ ბრძოლაში მოვუგეთ - 20:18.

ის საქართველოს პირველად 2013 წელს ესტუმრა და "თბილისის თასზე“ დღემდე სარეკორდო სხვაობით, 27:3დავამარცხეთ. 2015 წლის "თბილისის თასზე“ ურუგვაის ‘ავჭალაზე’ კიდევ ერთხელ ვძლიეთ, ამჯერად 19:10.

მეტოქის შესახებ


ურუგვაის მიწაზე რაგბი პირველად 1880 წელს ითამაშეს, თუმცა თამაშმა ფეხი გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან მოიკიდა, ხოლო ნაკრებმა პირველი თამაში 1948 წელს, ჩილესთან ჩაატარა.

‘ტეროსმა’ მსოფლიო თასზე პირველად 1999 წელს ითამაშა და პირველსავე მატჩში ესპანეთი 27:15 დაამარცხა, მერე კი შოტლანდიასა (12:43) და სამხრეთ აფრიკასთან (3:39) დამარცხდა.

2003 წლის მსოფლიო თასზე, ბორჯღალოსნებთან მატჩამდე ურუგვაის სამხრეთ აფრიკამ (72:6) და სამოამ (60:13) მოუგო, ხოლო ჩვენთან თამაშის შემდეგ ინგლისმა 111:13 დაამარცხა.

ურუგვაი მსოფლიო თასზე 2015 წელს, რეპეშაჟში რუსეთის ძლევით დაბრუნდა და ოთხივე მატჩი წააგო - უელსთან 9:54, ავსტრალიასთან 3:65, ფიჯისთან 15:47 და ინგლისთან 3:60.

2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ურუგვაიმ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი მოიგო და ჩრდილოეთ ამერიკის მეორე გუნდს ორრაუნდიან ფლეი ოფში შეხვდა. 27 იანვარს ‘ტეროსმა’ კანადას სტუმრად, ვანკუვერში 16 ათასი მაყურებლის წინაშე 38:29 აჯობა, ხოლო წუხელ განმეორებით, დაძაბულ შეხვედრაში 32:31 დაამარცხადა იაპონიის საგზური მოიპოვა.

განმეორებით მატჩში კანადელები ჯარიმით, ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით 15:0 დაწინაურდნენ. ურუვაიმ შესვენებამდე ერთი, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში მეორე ლელო გაქვითა. დასკვნით 15 წუთში გუნდებმა კიდევ ორ-ორი ლელო გაიტანეს, ამჯერად წინ მასპინძლები გადიოდნენ, მათ გარდასახვებიც გამოიყენეს და მსოფლიო თასზე მეოთხედ ითამაშებენ.

დღეისათვის ურუგვაი მსოფლიო რეიტინგში 66,48 ქულით მე-18 ადგილზეა, თუმცა გათვალისწინებული არაა ბოლო მატჩის შედეგი და ორშაბათს სამხრეთელები ერთი ადგილით დაწინაურდებიან (აშშ-ს 66,87 ქულა აქვს).

ამრიგად, გაირკვა 2019 წლის 16 მონაწილე. ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ, ინგლისმა, ირლანდიამ, სამხრეთ აფრიკამ, უელსმა, საფრანგეთმა, შოტლანდიამ, არგენტინამ, იტალიამ, იაპონიამ და საქართველომ, ეს უფლება 2015 წელს ნაჩვენები შედეგების მიხედვით მოიპოვეს; შესარჩევი ეტაპი გადალახეს და "გ“ ჯგუფში ითამაშებენ აშშ (ამერიკა1) და ტონგა (ოკეანეთი2), ხოლო "დ“ ჯგუფში ფიჯი (ოკეანეთი1) და ურუგვაი (ამერიკა2).

გასარკვევი დარჩა A და B ჯგუფის ორ-ორი მონაწილე. ამ ადგილებს გაინაწილებენ ევროპისა და აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულები, კიდევ ერთი ადგილისთვის ევროპის მეორე გუნდი და სამოა იბრძოლებენ, ხოლო მეოცე, ბოლო მონაწილე საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში გაირკვევა, სადაც ერთ-ერთი გუნდი ურუგვაისთან დამარცხებული კანადა იქნება.

მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კანადა ისე თამაშობდა, ნამდვილად არ იმსახურებდა მოგებას. ურუგვაის კი საკმაოდ აქვს მომატებული და ყურადღების მოდუნება შეიძლება
0

სიახლეები პოპულარული