2 დებიუტანტით - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ბელგიასთან მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
10 თებერვალს ქუთაისში, "აია არენაზე" ბელგიასთან გასამართ მატჩში მოედანზე 11 ისეთი "ბორჯღალოსანი" გავა, რომელთაც 10-ზე ნაკლები სანაკრებო კეპი აქვთ.

მათგან ორი დებიუტანტია - მიხეილ გაჩეჩილაძე და გურამ შენგელია მარქაფაში არიან და თამაშში მოგვიანებით ჩაერთვებიან.

მარქაფაში მყოფ კიდევ ოთხ მოთამაშეს ჯამში 11 კეპი უგროვდება - თორნიკე მატარაძე (5), გიორგი მელიქიძე (3), გიორგი ჭყოიძე (2) და ანზორ სიჭინავა (1):

სიჭინავას სანაკრებო დებიუტი 2016 წლის ნოემბერში იაპონიასთან ჰქონდა და მას შემდეგ "ბორჯღალოსნების" კვართით აღარ უთამაშია; ჭყოიძეს დებიუტი შარშან, სწორედ ბელგიასთან ჰქონდა, მერე გერმანიასთან
ითამაშა და ნაკრებს 1-წლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება; ბრიუსელში მესამე კეპი მოიხვეჭა და მას შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს გიორგი მელიქიძე; ხოლო თორნიკე მატარაძე "ბორჯღალოსნებში" შარშან გამოჩნდა და ივნისის ტესტებზეც ითამაშა.

10 გამოცდილი და 5 ახალბედა
თამაშს გამოცდილი ბურჯები და კვაჭი იწყებენ: ზურაბ ჟვანია, შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა. აღსანიშნავია, რომ ჟვანიამ სასტარტოში თამაში ბოლოს 2016 წლის ივნისში დაიწყო. მას შემდეგ ოთხჯერ შეცვლაზე შევიდა და ახლა კვლავ ძირითადში ბრუნდება.

ქუთაისში გუნდს გამოცდილი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე უკაპიტნებს, რომელსაც შედარებით ახალბედა ნოდარ ჭეიშვილი (7 კეპი) შეუწყვილდება. ჭეიშვილმა ნაკრების კვართი ბოლოს შარშან, ივნისში კანადის წინააღმდეგ მოირგო.

მესამე ხაზში გამოცდილ ლაშა ლომიძესა და კოკი თხილაიშვილთან ერთად ოთარ გიორგაძე (7 კეპი) დადგება. ქუთაისის "აიას" აღზრდილმა, "კლერმონის" მორაგბემ ნოემბრის ტესტები ტრავმის გამო გამოტოვა.

"ბორჯღალოსანთა" მაისურით სასტარტო შემადგენლობაში თამაშს პირველად იწყებს გელა აფრასიძე, რომელიც აქამდე სამივეჯერ შეცვლაზე შევიდა. მგეზავი ასევე შედარებით გამოუცდელი რეზი ჯინჭველაშვილია.

ცენტრში დავით კაჭარავას კიდევ ერთი ახალგაზრდა გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, რომელმაც ნაკრების კვართი ნოემბრის ტესტებზე ორჯერ მოირგო.

ფრთებზე ითამაშებენ გამოცდილი სანდრო თოდუა და გიორგი ფრუიძე, რომელიც ნაკრებში ერთწლიანი შესვენების შედეგ ბრუნდება. შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად გამოჩნდა ბექა წიკლაური. სასტარტო შემადგენლობაში მან ბოლოს 2 წლის წინ, გერმანიის წინააღმდეგ ითამაშა.

ღია ვარჯიშის შემდეგ
დღეს დილით "შევარდენზე" გამართული ღია ვარჯიშის შემდეგ მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ ქუთაისში დამაჯერებელი გამარჯვების მოლოდინშია:

"2013 წელს ბელგიასთან ბრიუსელში რთული თამაში გვქონდა. ახლა ვფიქრობთ, რომ ასე არ იქნება. ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები, შერკინებაში დიდი ბიჭები გვყავს და ამ უპირატესობას კარგად გამოვიყენებთ. ტრავმის გამო მერაბ შარიქაძეს ვასვენებთ, თუმცა ეს პრობლემას არ შეგვიქმნის. "ბორჯღალოსნებს" პირველად უკაპიტნებს გიორგი ნემსაძე, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილებას კარგად გამოიყენებს.

რაც მე საქართველოს მწვრთნელი ვარ, პირველად ვითამაშებთ ქუთაისში, საიდანაც ნაკრებში ძალიან ბევრი მოთამაშე გვყავს. ვფიქრობ, გულშემატკივრისგან დიდი მხარდაჭერა გვექნება".

"ბორჯღალოსნებს" პირველად უკაპიტნებს "ბრისტოლის" მეორეხაზელი, ქუთაისში დაბადებული გიორგი ნემსაძე, რომელიც ჩვენი ნაკრების 30-ე კაპიტანი გახდება:

"მნიშვნელოვანია, რომ სანაკრებო რაგბი რეგიონებში გავიტანოთ. ამჯერად ქუთაისში ვთამაშობთ, მომავალში ბათუმსა და სხვა ქალაქებშიც უნდა ვითამაშოთ.

ბელგია სულ ცდილობს, რომ ხელდახელ ითამაშოს. ვეცდებით, მათ ჩვენი სტილი მოვახვიოთ და ტოლს არც გახსნილ თამაშში დავუდებთ. ფავორიტები ვართ, თუმცა მაქსიმალური მობილიზებით ვემზადებით და ვეცდებით, ის შედეგი დავაფიქსიროთ, რასაც ჩვენგან მაყურებელი ელის.

ნაკრებს პირველად ვუკაპიტნებ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით, ისეთი ავტორიტეტული მოთამაშეების შემდეგ, როგორებიც მამუკა გორგოძე და მერაბ შარიქაძე არიან. ბიჭებს ვთხოვე, რომ ყველანაირად დამეხმარონ და ყველანი ერთად ვიყოთ კაპიტნები".

გიორგი კვესელაძე დარწმუნებულია, რომ ნაკრებს ქუთაისში დიდი მხარდაჭერა ექნება:

"ნაყოფიერი შეკრება გვქონდა და მომავალ თამაშს დიდი იმედებით ვხვდებით. გავიარეთ ბელგიის ძლიერი და სუსტი მხარეები და კარგი თამაშის მოლოდინში ვართ. გულშემატკივრის თანადგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. მოვუწოდებ ქუთაისელ მაყურებელს, რომ მოვიდნენ სტადიონზე და ერთად მოვიგოთ ეს თამაში".

Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოვდივართ თამაშზე... დიდი ზეიმი იქნება ხვალ ქუთაისში, აია არენაზე!
ფანი
11:39 09-02-2018
0
მოვალთ,მოვალთ აბა რას ვიზამთ 80 წუთი და მეტიც არ გავჩერდებით ისე გიგულშემატკივრებთ,ქუთაისს მოენატრა დიდი რაგბი.
ბექა
10:25 09-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული