"ბორჯღალოსანთა" შემადგენლობა გერმანიასთან მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
© გოგიტა ბუხაიძე

"ბორჯღალოსანთა" სამწვრთნელო შტაბმა 17 თებერვალს ოფენბახში, 2018 წლის რაგბი ევროპის მეორე ტურში გერმანიასთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ერთი კვირის წინ ქუთაისში ბელგიასთან (47:0) ნათამაშებ შემადგენლობასთან შედარებით სასტარტოში 5 ცვლილებაა. ორი მორაგბე მარქაფიდან დაწინაურდა, სამი წელს პირველად მოირგებს ნაკრების კვართს.

ხაზში ორი ცვლილებაა. რეზი ჯინჭველაშვილის ნაცვლად მგეზავი ლაშა ხმალაძე იქნება, ხოლო ფრთაზე გიორგი ფრუიძის ადგილს ანზორ სიჭინავა დაიკავებს. სიჭინავა "ბორჯღალოსანთა" კვართით მესამედ ითამაშებს და ძირითადში პირველადაა. ფრუიძის გარდა, თადარიგში არიან ვასილ ლობჟანიძე და ლაშა მალაღურაძე.

შერკინების პირველ ხაზში
ზურაბ ჟვანიას
ნაცვლად 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მიხეილ ნარიაშვილი ბრუნდება, ხოლო ჟვანიამ მარქაფაში გადაინაცვლა. მარქაფაში არიან კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი და ანტონ ფეიქრიშვილი, რომელთაც ბელგიასთან არ უთამაშიათ.

უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი - გიორგი ნემსაძე, რომელიც გუნდს ოფენბახშიც უკაპიტნებს და ნოდარ ჭეიშვილი. მესამე ხაზში ორი ცვლილებაა. ძირითადში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ლომიძემ, "ბორჯღალოსნებს" უბრუნდება ვიქტორ კოლელიშვილი, ხოლო მიხეილ გაჩეჩილაძე მარქაფიდან დაწინაურდა და სასტარტოში პირველად ითამაშებს.

მარქაფაში გადაინაცვლა ოთარ გიორგაძემ, ხოლო გიორგი ცუცქირიძე "ბორჯღალოსანთა" კვართს წელს პირველად მოირგებს.

ისტორია
საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა ჩვენი დროით 17:30 საათზე იწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" და "რაგბი თი-ვი" აწარმოებენ.

გერმანიასთან "ბორჯღალოსნებს" 6-ჯერ უთამაშიათ და მეტოქე ექვსივეჯერ დაამარცხეს. მეტოქეს გავუტანეთ 45 ლელო და მივიღეთ 3, ხოლო გატანილ-გაშვებულ ქულათა ბალანსია 302:32.

მეტოქეს პირველად 1995 წელს "დინამოზე" ვეთამაშეთ და ყველაზე მცირე სხვაობა მაშინ დაფიქსირდა - 14:3.

ამ საუკუნეში კი, როცა გერმანიამ ერთა თასის რაგბი ევროპის ელიტაში მოიკიდა ფეხი, მას 5-ჯერ ვძლიეთ და 2009 წლიდან მოყოლებული, ამ შაბათს მეექვსედ შევერკინებით.

მეტოქეს სტუმრად 2-ჯერ, ჰაიდელბერგსა (38:5) და ჰოიზენშტამში (64:8) მოვუგეთ, ოფენბახში კი პირველად ვერკინებით. სარეკორდო სხვაობით 2010 წელს, "ეროვნულზე" (ამჟამად "დინამო არენა") ვძლიეთ - 77:3, ხოლო შარშან რუსთავში 50:6 დავამარცხეთ.

"ახალ ხანაში" გერმანიის წინააღმდეგ 5-ჯერვე უთამაშია მხოლოდ ლაშა მალაღურაძეს, 4-4 კეპი კი მიუთვლიათ სანდრო თოდუას, დავით კაჭარავასა და გიორგი ნემსაძეს. ხვალინდელ მატჩს სამი ძირითადში იწყებს, ხოლო მალაღურაძე მარქაფაშია.

გერმანიასთან მოპოვებული ქულებით უდავო ლიდერია მერაბ კვირიკაშვილი - 46 ქულა სამ თამაშში (2ლ 18გ).

მეტოქე 4-ჯერ დაულელოვებია "ბორჯღალოსანთა" კაპიტან გიორგი ნემსაძეს, 3-3 ჯერ კი - ბექა გორგაძეს, ირაკლი მაჩხანელს, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი თხილაიშვილს.

Sportall.Ge

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული