2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, მილთონ ჰეიგის შეგირდები კრასნოდარში ‘დათვებად’ წოდებულ რუსეთის ნაკრებს შეერკინებიან. ეს ამ ნაკრებების 22-ე დაპირისპირებაა და ურთიერთშეხვედრებში ქართველები დიდი უპირატესობით ლიდერობენ.
რუსებმა მხოლოდ ერთადერთი მატჩი მოიგეს, შორეულ 1993 წელს სოპოტში (პოლონეთი), მას შემდეგ ერთხელ - 2002 წელს თბილისში ფრეს დასჯერდნენ, დანარჩენ 19 შემთხვევაში კი, გამარჯვება ბორჯღალოსნებს დარჩათ.
განვლილი 21 შეხვედრიდან 11 საქართველოში გაიმართა, 7 რუსეთში,
იქ ‘დათვებმა’ პირველად 2001 წელს გვიმასპინძლეს და 23:25 დამარცხდნენ, 2003 წელს 17:23, ხოლო 2004 წელს 15:27. მას შემდეგ რუსებმა მასპინძელი ქალაქი ორჯერ შეცვალეს, თუმცა შედეგი უცვლელი დარჩა და კრასნოდარს 14-წლიანი შესვენების შემდეგ ვუბრუნდებით.
მეტოქე გასვლით შეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობით 2016 წელს, სოჭში დაგვიმარცხებია - 24:7; ურთიერთ-შეხვედრების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობა 2012 წელს თბილისში დაფიქსირდა - 46:0; სულ მეტოქეს გავუტანეთ 59 ლელო და მივიღეთ 16, ხოლო ქულათა ბალანსი 528:245-ზეა.
ერთი ცვლილება გაფართოებულ რაზმში
ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა.
‘სტად ფრანსეს, ბურჯის, ზურაბ ჟვანიას ნაცვლად, შეკრებაზე ‘ბრივის’ ბურჯ კარლენ ასიეშვილს უხმეს, რომლის ანგარიშზეც 29 კეპი და 3 ლელოა. ასიეშვილმა ნაკრების კვართით ბოლოს შარშან ნოემბერში, უელსის წინააღმდეგ ითამაშა. მწვრთნელებს მისი გამოძახება ესპანეთთან მატჩისთვისაც სურდათ, თუმცა ფრანგული კლუბის თხოვნა გაითვალისწინეს და კახა ერთი კვირით ‘ბრივს’ დაუთმეს.
განსხვავებული პოზიციებით
2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე თამაშს გუნდები განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან. ბორჯღალოსნებმა სამივე შეხვედრა მოიგეს, აქედან ორი ბონუსით - ბელგიასთან 47:0 და გერმანიასთან 64:0, ხოლო 3 მარტს ესპანეთს 23:10 სძლიეს.
‘დათვები’ 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვისაც იბრძოდნენ, მაგრამ ორივე კონკურენტთან დამარცხდნენ და ფლეი ოფში გასვლის შანსიც დაკარგეს. პირველ ტურში მათ ესპანეთი მიიღეს 13:20 წააგეს, 17 თებერვალს ბელგია 48:7 დაამარცხეს, ხოლო გასულ შაბათს რუმინელებს დასკვნით 20 წუთში ვერ გაუძლეს, 15:15-ის შემდეგ 10 უპასუხო ქულა მიიღეს და 15:25 დამარცხდნენ.
ამრიგად, მე-4 ტურის წინ საქართველო სატურნირო ცხრილში 14 ქულით ლიდერობს, მას 5 ქულით ჩამორჩება რუმინეთი, 6-ით ესპანეთი, ხოლო რუსეთს 6 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა. ბელგია 5 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო გერმანია ჯერაც უქულოდაა.
მსოფლიო თასის შესარჩევ ცხრილში, სადაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორი წლის შედეგები ითვლება (საქართველოსთან გამართული მატჩების გამოკლებით), რუმინეთი 7 თამაშიდან 24 ქულით პირველ ადგილზეა, მას 3 ქულით ჩამორჩება ესპანეთი, რომელსაც ერთი შეხვედრა რეზერვში აქვს, ხოლო რუსეთმა 7 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, 15 ქულა აქვს და ლიდერებს ვეღარ დაეწევა.
ამრიგად, ‘დათვებს’ მიზნად რაგბი ევროპაზე მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება დარჩათ და ბორჯღალოსნებთან წარუმატებელი სერიის შეწყვეტას მაქსიმალურად ეცდებიან. მაგრამ ბორჯღალოსნებს რუსებთან მე-20 გამარჯვების მოპოვება და რაგბი ევროპის თასის დაბრუნება სწყურიათ!
10 მარტის თამაში საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი „იმედზე“ და „რაგბი თივიზე“ იქნება.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
ამ ბმულზე არის მოცემული სარეიტინგო ქულების დათვლის პრინციპები.