ისტორიული ფაქტი: შოტლანდია თბილისში "ბორჯღალოსნებთან" ტესტ-მატჩს გამართავს!

AutoSharing Option
შოტლანდია არის ტიერ 1-ის პირველი გუნდი, რომელიც საქართველოში ჩამოვა და "ბორჯღალოსნებთან" ტესტ-მატჩს თბილისში გამართავს!

ეს 2019 წლის მსოფლიო თასის წინ მოხდება და გუნდები მას იაპონიაში გასამართი ტურნირისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილავენ. სერია ორი მატჩისგან შედგება. სქოთებს თბილისში, "დინამო არენაზე" 24 აგვისტოს ვუმასპინძლებთ, ხოლო 6 ან 7 სექტემბერს, იგივე მეტოქეს შოტლანდიის მთავარ სარაგბო არენაზე, "მარიფილდზე" შევერკინებით.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელებმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ჯერ კიდევ 2016 წელს გამოთქვეს, როდესაც "ბორჯღალოსნებს" ქილმარნოქში უმასპინძლეს და სიტყვა შეასრულეს!

პირობის შესრულებასა და მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა რაგბის
კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ:


"2019 წლის მსოფლიო თასამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და საქართველოს ნაკრები მოსამზადებელ კამპანიაშია ჩართული. მოსამზადებელი ეტაპის ბოლოს "ბორჯღალოსნები" ორ მატჩს გამართავენ შოტლანდიის ნაკრებთან, რაც ჩვენს სამზადისს სრულყოფს. ეს მატჩები სამწვრთნელო შტაბს სელექციის პროცესშიც დაეხმარება და კიდევ ერთ შანსს მისცემს იაპონიისთვის ოპტიმალური გუნდის შესარჩევად.

შოტლანდიასთან მატჩს ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველი დონის სარაგბო ქვეყანა საქართველოში ჩამოვა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შოტლანდიის რაგბის კავშირს, რადგანაც 2016 წელს მათთან გამართული ტესტის შემდეგ დადებული პირობა შეასრულეს და მსოფლიო თასის წინ საქართველოში ჩამოვლენ".

ტიერ 1-ის ნაკრების პირველი ვიზიტით კმაყოფილია მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე:

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო პირველი დონის სარაგბო ქვეყანას მასპინძლობს და ამ შესაძლებლობით უზომოდ კმაყოფილები ვართ. ორი მოსამზადებელი მატჩის გამართვა ისეთი ტოპ-გუნდის წინააღმდეგ, როგორიც შოტლანდიაა, ვფიქრობ, ჩვენთვის დიდი გამოცდილება იქნება და ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი პოზიტიურ გავლენას იქონიებს ორივე მხარეზე".

რაგბი უჩვეულო დროს

თბილისური მატჩი უჩვეულო დროს, ზაფხულის ბოლოს გაიმართება. ქართული რაგბის გულშემატკივრებს საყვარელი გუნდის ხილვის საშუალება აქამდე წელიწადში მხოლოდ ორჯერ, თებერვალ-მარტსა და ნოემბერში ჰქონდათ.

გამონაკლისი 2018 წელია, რადგან 31 მაისს "ფრანგი ბარბაროსები" უნდა მივიღოთ, თუმცა ტიერ 1-ის გუნდის პირველად მასპინძლობა განსაკუთრებული მოვლენაა და ქომაგსაც ზაფხულის არდადეგების განსხვავებულად დაგეგმვა მოუწევს.

ამ შესაძლებლობით კმაყოფილია მილტონ ჰეიგი:

"2019 წლის მსოფლიო თასის წინ ორი ასეთი მატჩის გამართვა ჩვენი გუნდისათვის ისტორიული მოვლენაა. ისტორიას ქმნის ისიც, რომ შოტლანდია საქართველოში პირველად ჩამოვა და უფრო მეტიც - ის იქნება პირველი ტიერ ერთის გუნდი, რომელიც ქართულ მიწაზე საერთაშორისო მატჩს გამართავს.

ეს არის ბოლო წლებში საქართველოსა და შოტლანდიის ურთიერთობების დამაგვირგვინებელი მტკიცებულება. "ბორჯღალოსნებს" წილად ხვდათ პრივილეგია, ეთამაშონ ასეთი დონის ნაკრებს საკუთარი ოჯახის, მეგობრებისა და გულშემატკივრების წინაშე.

ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ მომავალი მსოფლიო თასისთვის კიდევ უფრო უკეთ მოვემზადოთ, ვიდრე 2015 წელს. ეს მატჩები ამ მზადების უდიდესი ნაწილია. ეს სწორედ ის ფაქტია, რაზეც წარსულში ვერც კი ვიოცნებებდით, ახლა კი მთელი გუნდი, მოთამაშეები და ქართულ რაგბიში ჩართული თითოეული ადამიანი ამ შესაძლებლობით აღფრთოვანებულია".

მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე "ბორჯღალოსნებთან" მატჩს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გრეგ თაუნსენდი:

"2019 წლის მსოფლიო თასამდე 18 თვე რჩება და ჩვენი მზადებაც გეგმის მიხედვით მიდის. საქართველოს წინააღმდეგ გასამართი მოსამზადებელი მატჩები კიდევ ერთ შანსს მოგვცემს, შევაფასოთ, თუ როგორ ფორმაში არიან მორაგბეები და გუნდში მოსახვედრად, მოთამაშეებს თავის გამოსავლენად მეტ შესაძლებლობას მისცემს. საქართველოს ნაკრები მზარდი გუნდია, ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა და წინსვლას განაგრძობს. მათ წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის კარგი გამოწვევა და დიდი პატივია".

საქართველო შოტლანდიას პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, ახალ ზელანდიაში ეთამაშა და ლელო არ გაუშვა, თუმცა გამარჯვება მეტოქეს დარჩა - 15:6. ორი წლის წინ სქოთებს ქილმარნოქში ორი ლელო გავუტანეთ, მაგრამ გამარჯვება ამ შემთხვევაშიც მასპინძლებს დარჩათ - 43:16.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
მაგარია, მაგრამ არანაირი ზედმეტი აღტკინება და დემობილიზაცია! ჯერ იტალიელები უნდა გავაკრათ ბეჭებზე წელს ნოემბერში! სად დანიშნეს შეხვედრა, ჯერ არ ვიცით?
ქუთაისელი
10 მაისი 2018 14:21
0
იქ ინგლისმა იკადრა სპარინგპარტნიორობა...აქ სკოტები...იმედია ნელნელა ისე წავა საქმე რო წელიწადში ერთი კი არა მინ.4 თამაში გვქონდეს ბობოლებთან..
მიროსან
10 მაისი 2018 06:29
0
გილოცავთ ყველას! მადლობა რაგბისტებს, საოცარი მოვლენაა ამ მოკლე დროში.
რეზო
10 მაისი 2018 02:30
0
სუპერ
ქომაგი
09 მაისი 2018 21:21
4
ეს ნამდვილად დიდებული ამბავია ქართული რაგბისთვის. დარწმუნებული ვარ ამის მერე უფრო ხშირად გვექნება ასეთი ტესტები თბილისში, როგორც წესი პირველი ჭირს ხოლმე. ჯერ ნელნელა გავშინაურდებით ბობოლებს შორის, მერე ერთი ორს მარცხსაც ვაგემებთ და ვინძლო თვითონვე მიგვიწვიონ 6 ერზე. ცოტა ოცნებებში წავედი, მაგრამ იქნებ ახდეს კიდეც :)
irakli81
09 მაისი 2018 20:26
4
ასეა, სავსებით გეთანხმებით, ჩვენ ჯერ არცერთი ბობოლა არ დაგვიმარცხებია და 6 ერს ვითხოვთ, ნახეთ იტალაიმ რამდენი და რა ღირსეულად იბრძოლა რომ ევროპის 6-ე გუნდი გამხდარიყო, ჩვენც მაგ გზას ვადგავართ, რაც მეტს გვეთამაშებიან, მოგების მეტი შანსი გვექნება და გამარჯვებაც აღარ იქნება შორს, შესაბამისად ჩვენი ამბიციაც საფუძვლიანი გახდება. თითებში სისხლი მეყინება რომ მახსენდება ამ შემოდგომას რა თამაში გველოდება, რომც არ მოვიგოთ ტრაგედია არ იქნება, თუ ასევე სწორად ვიარეთ იმ გზაზე რასაც ვადგევართ დღეს თუ არა ხვალ მოვუგებთ, 1-ლი დონის ქვეყნებთან ჩატარებული ყველა თამაში გამოგვადგება ამ საქმეში. სწორი გზით მოვდივართ და არ უნდა გადავუხვიოთ, ევროთასების გათამაშებებში უნდა ჩაერთონ ჩვენი გუნდები, ეს უკვე ჰაერივით გვჭირდება, თუ გვინდა რომ წინსვლა არ შეჩერდეს!
bs
10 მაისი 2018 09:22
0
ჯიგრები არიან სქოთები, რომ პირველებმა მათ გადადგეს ეს ნაბიჯი და საქართველოში ჩამოდიან ჩვენებთან სათამაშოდ! ესეთი დონის ორი თამაშის ჩატარება მსოფლიო თასის წინ, ჩვენთვის უდიდესი საჩუქარია. მოკლედ, მადლობის მეტი შოტლანდიელებისთვის არაფერი მეთქმის და სულმოუთქმელად ველი 2019 წლის 24 აგვისტოს!
ლევანი
09 მაისი 2018 19:35
4

სიახლეები პოპულარული