30-კაციანი რაზმი - "ბორჯღალოსნებმა" ბელგიის ნაკრებთან მატჩისთვის მზადება დაიწყეს

AutoSharing Option
© თამუნა ყულუმბეგაშვილი

2 მარტს "ბორჯღალოსნები" 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩს ბრიუსელში, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხზე იქნება.

ბელგიელებმა პირველ ტურში გერმანიას უმასპინძლეს და 29:22 სძლიეს, ხოლო 16 თებერვალს რუსეთს ეწვივნენ და 7:64 დამარცხდნენ. შედეგად, ისინი 4 ქულით ბოლოსწინა, მე-5 ადგილზე არიან.

ორი კარგი ტესტი
"ბორჯღალოსნებმა" პირველ ორ მატჩში გამარჯვება მოიპოვეს და თანაც, მთავარი კონკურენტები დაამარცხეს - რუმინეთს კლუჟში 18:9, ხოლო ესპანეთს თბილისში 24:10 სძლიეს. აღსანიშნავია,
რომ ეს გამარჯვებები ჩვენმა გუნდმა გადახალისებული შემადგენლობით და ხუთი დებიუტანტით მოიპოვა, რაც მილტონ ჰეიგის კმაყოფილებას იწვევს:

"ახლა რომ ვუყურებ, ორი ძალიან კარგი ტესტი/გამოცდა გვქონდა, სწორედ ისეთი, როგორიც გვჭირდებოდა. ვნახეთ ახალგაზრდა ბიჭები, ახალი სახეები, რამდენად შეძლებდნენ საჭირო დონეზე თამაშს. ამავდროულად, მივიღეთ ის, რაც გვსურდა - მოვიგეთ ორივე თამაში!"

"რუმინეთთან, მით უმეტეს, სტუმრად მოგება, ყოველთვის რთულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუმინელებმა ჩვენთან თამაშისთვის საფრანგეთიდან ყველა უძლიერეს მორაგბეს უხმეს. ამან დაგვანახა, რომ ჩვენს ახალგაზრდა მოთამაშეებს მაღალ, საერთაშორისო დონეზე თამაშის უნარი შესწევთ".

"ესპანეთს ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში, ძლიერი ქარის ფონზე ვეთამაშეთ. ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, თუმცა რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილებებში მოვიკოჭლებდით და ამ კუთხით ბევრი გვაქვს სამუშაო. აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქარი ბურთს მიმართულებას მკვეთრად უცვლიდა და ასეთ დროს თამაში ძალიან რთულია".

ხუთი დებიუტანტი ორ მატჩში
ჰეიგმა განვლილ ორ მატჩში ხუთი დებიუტანტი გამოსცადა - ბექა საღინაძე, დავით გიგაური და ვანო კარკაძე რუმინეთთან, ხოლო გრიგოლ ქერდიყოშვილი და გიორგი ჯავახია ესპანეთთან:

"დებიუტანტებმა თავი საუცხოოდ წარმოაჩინეს. გუნდში კვლავ არიან გამოძახებული საღინაძე, გიგაური და კარკაძე. კმაყოფილნი ვართ ჯავახიათი და ქერდიყოშვილით. ამ უკანასკნელმა უდიდესი შრომისმოყვარეობა გამოავლინა და როდესაც შანსი მიიღო, ის ძალიან კარგად გამოიყენა. მან სადებიუტო მატჩში ლელო მიითვალა. ესპანეთთან მეორე შეხვედრა ჩაატარა და ლელო გაიტანა გიგაურმა. ორივე მათგანით კმაყოფილი ვარ, მით უმეტეს, რომ ორივე მეორეხაზელია. ზაფხულსა და ნოემბერში ამ პოზიციაზე თითქოს დამაჯერებლად არ გამოვიყურებოდით, ახლა კი თავს კომფორტულად ვგრძნობთ".

"ძალიან კარგი მორაგბეა ჯავახია, თუმცა უკეთეს ფორმაში უნდა ჩადგეს, რადგან მას მესამე ხაზში განვიხილავთ. ის უდავოდ ძლიერი მორაგბეა. 18-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდებით და მას, როგორც ღონიერ, უტეხ მოთამაშედ ვიცნობთ, რომელსაც გუნდისთვის ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია".

ტრავმებიდან დაბრუნდნენ
ნოემბრის ტესტებზე "ბორჯღალოსნებმა" ტრავმების გამო რამდენიმე მორაგბე მოისაკლისეს, რომელთა ნაწილი რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ორ მატჩში დაბრუნდა და ჰეიგი მათი მზადყოფნით კმაყოფილი დარჩა:

"მელიქიძე ზაფხულის ტესტებზე კუნძულებზე გვყავდა და მხოლოდ ნოემბრის ტესტები გამოტოვა. მირიან მოდებაძეს ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და გვიხარია, რეაბილიტაცია რომ დაასრულა. მისი ფიზიკური ფორმითა და მომზადების დონით კმაყოფილი ვარ. ახლა მან ბევრი უნდა ითამაშოს და ჩვეულ ფორმას დაუბრუნდეს".

"იმავეს თქმა შემიძლია გიორგი აფციაურის შესახებ - სამწუხაროდ, ამ ბიჭს უკანასკნელი ორწლინახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი ტრავმა ჰქონდა და ახლა ბრუნდება. ის "ლოკომოტივში" საკმაოდ კარგად გამოიყურება, ასევე მონდომებით ვარჯიშობს და რუმინეთთან და ესპანეთთან მიცემული შანსიც გამოიყენა. არ დაგვავიწყდეს, რომ მას ზურგს 2015 წლის მსოფლიო თასი და 24 სანაკრებო კეპი უმაგრებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მას მებრძოლის ყველა თვისება აქვს,რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია".

"გიორგი ჭყოიძეც ტრავმებიდან დაგვიბრუნდა - ის კიდევ მუშაობს საკუთარ თავზე, რომ საჭირო ფორმაში ჩადგეს და კარგი კვაჭი გახდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კვაჭის პოზიციაზე 8 ნომრიდან გადმოვიდა და ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრს მუშაობს. ამ მიმართულებით მას გრეემ როუნთრიც აქტიურად ეხმარება".

ტრავმა მოიშუშა, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ბელგიასთან სათამაშოდ ემზადება გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე; ასევე - დავით კაჭარავა და გელა აფრასიძე, რომელიც რუმინეთთან მატჩისას დაშავდა:

"დიახ, ისინი დაბრუნდნენ, სრული დატვირთვით ვარჯიშობენ და ბელგიასთან მატჩისთვის ნამდვილად ფასდაუდებელნი იქნებიან. უმნიშვნელოვანესია, რომ კაპიტანი დაგვიბრუნდა! ის ძალიან შრომისმოყვარეა და დაუღალავად ვარჯიშობს. მან ძალიან განიცადა, რუმინეთთან და ესპანეთთან რომ ვერ ითამაშა. საკმაოდ მოტივირებულია და ბელგიასთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება. გამოცდილი მორაგბეების დაბრუნება მნიშვნელოვანია".

სიღრმეები
მეორე მხრივ, ჰეიგი ამბობს, რომ ბოლოდროინდელი ტრამები სამწვრთნელო შტაბს სიღრმეების შექმნაში დაეხმარა, რაც მსოფლიო თასის წინ უმნიშვნელოვანესია:

"გუნდში სიღრმეების შექმნა კონკურენციას ზრდის უშუალოდ ვარჯიშებზეც კი და ყველა უფრო მოტივირებულად ვარჯიშობს. ყველა ცდილობს, რომ სამატჩო რაზმში მოხვდეს, ეს კი თამაშის დონეზე აისახება. სწორედ ამიტომ, ახალი მოთამაშეების ნაწილს ივნისსა და ნოემბერში, ნაწილს კი ახლა მიეცა შანსი და იმ შემთხვევაში, თუ ტრავმები კიდევ გვექნება, ვიცით, ვის უნდა დავუძახოთ".

"არ გვინდა, მსოფლიო თასზე ისე წავიდეთ, რომ ერთ პოზიციაზე ორი ტრავმის შემთხვევაში, სამუშაო გეგმა არ გვქონდეს. გვინდა ყველაფრისთვის მაქსიმალურად მომზადებულები ვიყოთ და გვყავდეს ხალხი, ვისაც ნებისმიერი პოზიციის შევსება შეეძლება. მნიშვნელოვანია, რომ მათ საერთაშორისო, უფროსი სანაკრებო რაგბის გამოცდილება ჰქონდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო თასის წინ ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა".

ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე, რომელიც ნაკრებში ბოლო დროს გამოჩნდა და აგერ, უკვე ზედიზედ ოთხი მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, 19 წლის მგეზავი თედო აბჟანდაძეა:

"ის ჩვენ ძალიან მოგვწონს და საუკეთესო ფორმაში მყოფი, ერთ-ერთ 10 ნომრად განიხილება. მნიშვნელოვანია, რომ მან რაც შეიძლება ბევრ საერთაშორისო მატჩში მიიღოს მონაწილეობა და გამოცდილება დააგროვოს. დიახ, თედომ ორ ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე საუცხოოდ ითამაშა, მაგრამ 20-წლამდელთა ჩემპიონატი კაცთა მსოფლიო თასს ნამდვილად ვერ შეედრება".

მზადება ბელგიისთვის
Sportall.Ge
© გოგიტა ბუხაიძე

ახლა "ბორჯღალოსნები" ინგლისში არიან და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ნაკრებთან ერთობლივ ვარჯიშებს მართავენ. ეს ვარჯიშები იაპონიის მსოფლიო თასისთვის, ასევე, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უახლოესი მატჩისთვის მზადებას ემსახურება, სადაც ორი ტურის შემდეგ საქართველო 8 ქულით პირველ ადგილზეა:

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბელგიელები ბრიუსელში კერკეტი კაკლები არიან და მათთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. როგორც წესი, ამ პერიოდში მათი მოედნის გრუნტი მძიმე, რიგ შემთხვევაში ტალახიანია და იოლი თამაში არ გვექნება. მათ ჰყავთ ზორბა, მძიმე მორკინალები, რომლებსაც თავიანთი თამაშის თავზე მოხვევა უყვართ. ბრიუსელი ჩვენთვის ყოველთვის კარგი გამოცდაა და მოუთმენლად ველით ამ თამაშს".

"შემდეგ შინ დავბრუნდებით და ქუთაისში, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სარაგბო ქალაქში გერმანიას ვეთამაშებით, ბოლოს კი ფინალური მატჩისთვის, რუსეთთან სათამაშოდ კრასნოდარში გავემგზავრებით".

ინგლისური შეკრებისა და ბელგიასთან მატჩისთვის მწვრთნელებმა რამდენიმე გამოცდილ მორაგბეს უხმეს - ზურაბ ჟვანიას და შალვა სუთიაშვილს, ასევე, ოთარ გიორგაძეს, რომელსაც დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა:

"განვმეორდები და ვიტყვი, რომ წინ მსოფლიო თასია და ყველაფერი ამ ტურნირისთვის მოსამზადებლად კეთდება. ვაკვირდებით ახალგაზრდა მორაგბეებს, რისი შანსიც სხვა დროს ნაკლებად გვაქვს; ასევე, გამოცდილ მორაგბეებს, რათა დავრწმუნდეთ, შესწევთ თუ არა იმ დონეზე თამაშის ძალა, რასაც ჩვენ ვითხოვთ. სწორედ ამიტომ, დარჩენილი მატჩები საინტერესო იქნება".

"საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გამოვიძახოთ ზურაბ ჟვანია, რომელსაც დიდი სანაკრებო გამოცდილება აქვს და კლუბშიც საუცხოოდ გამოიყურება. გვიბრუნდებიან შალვა სუთიაშვილი და ოთარ გიორგაძე, რომლებიც ჩვენს თამაშს მეტ აგრესიულობას და ფიზიკურობას შემატებენ".

Sportall.Ge

alt"ბორჯღალოსნები" ინგლისის ნაკრებთან ერთად ერთობლივ წვრთნას გამართავენ

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნემსაძე და ხმალაძე ამ დროისთვის ყველაზე სუსტი წერტილებია ნაკრებში, ნემსაძე სტატიკაში ძალიან კარგია თუმცა, ბურთით გადაადგილებისას ძალიან ნელა მოძრაობს, თან პასის ტექნიკაც არ ქქვს სასურველი. ხმალაძე კი ძველებური ხმალაძისგან ძალიან შორს დგას, გამოცდილია თუმცა ნაკრებში ყველაზე მეტ შეცდომას უშვებს, ხშირად ბურთი უვარდება და ხაზშიც ნაკლებად გააქვს ბურთი რასაც აბჟანდაძე იდექლურად აკეთებს.
დიმა
13:30 26-02-2019
1
ალბათ საღინაძის ყველა თამაში მაქ ნანახი ახალგაზრდულშიც და დიდებშიც მაგრამ ბოლო თამაშებში არ მეგონა თუ კიდევ რამით "გამაკვირვებდა" მაგრამ ძალიან მაგრად მოუმატა..
რიგითი
16:20 26-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული