ცნობილი გახდა, ვის შეხვდება "ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაცვლად

AutoSharing Option
თბილისში 31 აგვისტოს, "დინამო არენაზე", შოტლანდიის ეროვნული ნაკრებთან ისტორიულ ტესტამდე ოთხი დღით ადრე, ჩვენს დედაქალაქს სამხრეთაფრიკული ფრანჩაიზი "საუზერნ კინგსი" ეწვევა და "ბორჯღალოსნებთან" მატჩს გამართავს.

2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე მილტონ ჰეიგის შეგირდებს სამი ტესტ-მატჩი უნდა გაემართათ.

შოტლანდიასთან შინ და გასვლაზე გასამართ შეხვედრებამდე (31 აგვისტოს თბილისში და 6 სექტემბერს ედინბურგში, "მარიფილდზე") საქართველოს რუსეთის ნაკრებთან უნდა ეთამაშა, მაგრამ უპასუხისმგებლო მეტოქემ "მსოფლიო რაგბის" მიერ დანიშნული შეხვედრა აბსურდული მიზეზით გააუქმა და "ბორჯღალოსნების" გაწერილი მზადების პროცესი საფრთხის წინაშე დააყენა.

რაგბის კავშირმა ალტერნატიული მეტოქის
ძიება დაიწყო და სხვადასხვა ვარიანტიდან გინეს პრო 14-ის სამხრეთაფრიკული გუნდი, "საუზერნ კინგსი" შეარჩია, რომელსაც "ბორჯღალოსნები" 27 აგვისტოს "მიხეილ მესხზე", 19:15 საათზე ეთამაშება.

"მას შემდეგ, რაც რუსეთმა "მსოფლიო რაგბის" მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი შეხვედრა აბსურდული მიზეზით ჩაგვიშალა, ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა დავიწყეთ, მათ შორის, უპირველესად ნაკრებების, მაგრამ იმ გუნდებს, რომლებიც მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, გრაფიკი დიდი ხნის გაწერილი ჰქონდათ, ხოლო რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია და სხვა ნაკრებები სასურველ ფორმაში არ იქნებოდნენ. სწორედ ამიტომ კლუბებზე გადავერთეთ და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი ლეგიონერები.

ფრანგული კლუბებისგან მივიღეთ პასუხი, რომ ამ პერიოდში ჩემპიონატი ეწყებოდათ და ვერ ჩამოვიდოდნენ, ხოლო გლაზგოელებმა გვითხრეს, რომ ჯერ სასურველ ფორმაში არ იქნებოდნენ.

ვარიანტებად დაგვრჩა "ძებრე" და "საუზერნ კინგსი", რომელთაგან მეორე პირველივე ჯერზე დაგვთანხმდა. შევათანხმეთ ტექნიკური დეტალები და მინდა გულშემატკივარს ვახარო, რომ 27 აგვისტოს სწრაფი, განსხვავებული სტილით მოთამაშე, მაღალი სარაგბო უნარების მქონე გუნდს თბილისში იხილავს და "ბორჯღალოსნების" მომზადების დონესაც შეამოწმებს" - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

ქომაგს, რომელსაც საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთები უკვე შეძენილი აქვს, მისი მეშვეობით "საუზერნ კინგსთან" მატჩზე დასწრება შეეძლება, ხოლო ვისაც ბილეთი ჯერ არ შეუძენია, ამის შესაძლებლობა ექნება აქ www.TKT.ge/Rugby

მეტოქის შესახებ

"საუზერნ კინგსი" 2009 წელს პორტ ელიზაბეტში დაარსდა და კლუბის ხელმძღვანელობამ პირველივე დღიდან მიზნად ზე-რაგბიში ჩართვა დაისახა. გუნდმა თავისი სადებიუტო შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფ "ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების" წინააღმდეგ გამართა და 8:20 დამარცხდა.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში სამხრეთაფრიკელები ამხანაგური მატჩებით გამოცდილებას აგროვებდნენ, 2013 წლიდან კი სანუკვარი ოცნება ახდა და "საუზერნ კინგსი" ზე-რაგბიში ჩაერთო. "მეფეებმა" პირველ სეზონში სამი თამაში მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, მაგრამ დივიზიონში ბოლო ადგილზე გავიდნენ, მერე პლეი-ოფში "ლაიონსთან" ორი მატჩის ჯამში 42:44 დამარცხდნენ და მომდევნო ორი სეზონი ზე-რაგბიში აღარ უთამაშიათ.

სამხრეთ ნახევარსფეროს უძლიერეს საკლუბო ტურნირში "საუზერნ კინგსი" 2016 წელს დაბრუნდა და იქ ორი სეზონი გაატარა. 2017 წელს გუნდმა 6 თამაში მოიგო და 18 გუნდს შორის მე-11 ადგილი დაიკავა. მან ორ სამხრეთაფრიკულ ფრანჩაიზს - "ჩითასსა" და "ბულსს" გაასწრო, თუმცა ზე-რაგბისთან დამშვიდობება მაინც მოუწია და 2017 წლიდან ყოფილ კელტების ლიგას, პრო 12-ს "ჩითასთან" ერთად შეუერთდა, რის შემდეგაც ტურნირი პრო 14-ად გადაკეთდა.

გუნდის საშინაო არენა "ნელსონ მანდელა ბეი" 48 459 მაყურებელს იტევს. "საუზერნ კინგსმა" პრო 14-ის განვლილ ორ სეზონში სულ სამი მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. სამხრეთაფრიკული ფრანჩაიზი შედეგების გამოსწორებას მომავალ სეზონში გეგმავს, მისთვის მოსამზადებლად კი საქართველოს ეწვევა და "ბორჯღალოსნებს" შოტლანდიასთან გასამართ ორმატჩიანი სერიისთვის და რაც მთავარია, 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადებაში დაეხმარება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
რუსებთან თამაშს ნამდვილად სჯობს. არვიცი მაგრამ, უკეთესი გუნდი იქნება წესით...
შოთა
17:36 31-07-2019
0
რუსეთს ათასჯერ ჯობია კინგზი! გაშლილ რაგბის ვიხილავთ, მაგარია.
0

სიახლეები პოპულარული