საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "საუზერნ კინგსისა" და შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩების შესახებ ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ბრიტანელებთან თამაშზე გაამახვილა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი ორი თამაშისთვის კარგად მოვემზადოთ, რადგან ეს შეხვედრები მსოფლიო თასის დაწყებამდე სახლში გამართული ბოლო მატჩები იქნება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვითამაშებთ და იმედი გვაქვს, რომ "დინამო არენა" სავსე იქნება. ყველამ იცის, თუ როგორ გვეხმარება ეს ჩვენ.
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც შოტლანდიასთან შეხვედრაა, რადგან ეს პირველი შემთხვევა გახლავთ, როცა თიერ 1-ის ნაკრები საქართველოში სათამაშოდ ჩამოდის.
ეს
შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მწვრთნელების ან მორაგბეებისთვის, არამედ საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის. ეს მატჩი დაანახებს ყველას, რომ საქართველოს შეუძლია დიდი ნაკრებების მასპინძლობა. ჩემთვის ეს არა მხოლოდ ქართული რაგბის, არამედ ქვეყნის განაცხადი იქნება, რომ ის დიდი გუნდების მისაღებად მზად არის.
ასეთი რამ ჯერ საქართველოში არ მომხდარა და ეს ჩემთვისაც გამოწვევაა. თუ ამ ყველაფერს თავს კარგად გავართმევთ, დარწმუნებული ვარ, შოტლანდიელები დაბრუნდებიან სახლში, ეტყვიან 6 ერსა და მათ პარტნიორებს, თუ რამდენად კარგად უმასპინძლეს ქართველებმა, რამდენად კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული, რამდენად კარგი ატმოსფერო იყო სტადიონზე და როგორ გულშემატკივრობდა 60 000 ადამიანი.
როცა 6 ერის სხვა პარტნიორები ამ ინფორმაციას მიიღებენ, დარწმუნებული ვარ, ისინიც იტყვიან - "ჩვენც ჩავალთ საქართველოში სათამაშოდ". ჩემთვის ეს მინიმალური შედეგი იქნება, რადგან აქ მხოლოდ რაგბი არაა საქმეში, აქ ქვეყანა მასპინძლობს დიდ ნაკრებს. ისინი თავიანთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ჩამოიყვანენ და მხოლოდ რაგბით მათ ვერ დავხვდებით.
ამ ღონისძიებაში რესტორნები, სასტუმროები, მაღაზიის გამყიდველები, მთელი ქვეყანა იქნება ჩართული და ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, როგორც სარაგბო ქვეყნისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის.
ამიტომ არა მხოლოდ მორაგბეები, არამედ მთელი ქვეყანა მოუთმენლად ველოდებით, როდის ჩამოვა შოტლანდია საქართველოში.
ეს გამოცდილება სრულად ახალი იქნება შოტლანდიელი ფანებისთვის. ჩვენ საოცარი ღვინო და სამზარეულო გვაქვს და ულამაზესი ქვეყანა, რომლის მსგავსი ჯერ თქვენ ნანახი არ გექნებათ. ასე რომ, გაატარეთ ზაფხული საქართველოში", - თქვა საუბრის ბოლოს მილტონ ჰეიგმა.
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ჯერ 27 აგვისტოს სამხრეთაფრიკულ "საუზერნ კინგსს" შეხვდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:15 საათზე დაიწყება. ხოლო 31 აგვისტოს "ბორჯღალოსნები" შოტლანდიის ეროვნულ გუნდს "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
დალოცვილი გამყოფოს უფალმა შენს ოჯახთან ერთად მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, სადაც არ უნდა იყო კეთილშობილო ადამიანო, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა, რომ სულში და გულში ჩაგვისახლდი ქართველებს შენს ლამაზ ოჯახთან ერთად, მადლობა პროფესიონალიზმისთვის, მადლობა ქართველობისთვის და ბოლოს მადლობა ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ი ს თ ვ ი ს!!!