შარიქაძის ტრავმა და მომავალი თაობის იმედი - "ბორჯღალოსნებმა" ნაგოიაში ღია ვარჯიში გამართეს

AutoSharing Option
ფოტო: Hagiwara Yasuo

მსოფლიო თასის დაწყებამდე ერთი დღით ადრე "ბორჯღალოსნებმა" ნაგოიაში ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც დაცვის მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა - დავით კაჭარავამ და გურამ გოგიჩაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

2019 წლის მსოფლიო თასი ხვალ, ჩვენი დროით 14:45 საათზე, მასპინძელ იაპონიისა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრით იხსნება. საქართველო პირველ შეხვედრას 23 სექტემბერს, თბილისის დროით 14:15 საათზე უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

Sportall.Ge

შარიქაძის ბედს ექიმები გადაწყვეტენ

ლევან მაისაშვილს პირველი კითხვა მერაბ შარიქაძეზე დაუსვეს, რომელმაც "საუზერნ კინგსთან" გასახურებელ მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო და ვარჯიში
ახლახან განაახლა. ითამაშებს თუ ვერა შარიქაძე უელსის ნაკრების წინააღმდეგ?

"მოცემული მომენტისთვის ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. მას აქვს მცირედი პრობლემები და ჯერჯერობით ექიმებისგან პასუხი არ მიგვიღია. სწორედ მათ უნდა გვითხრან - შეძლებს თუ ვერა შარიქაძე უელსის წინააღმდეგ თამაშს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მათ პასუხს დაველოდოთ".

ტრავმების გამო დანაკლისია უელსის ბანაკშიც. რამდენიმე დღის წინ ჩვენმა მომავალმა მეტოქემ შეტევის მწვრთნელი რობ ჰოუვლიც დაკარგა, რომელიც აზარტულ თამაშებში ამხილეს:

"უელსი უმაღლესი დონის გუნდია. ყველა მისი მოთამაშე პროფესიონალია და არ ვფიქრობ, რომ მათთვის რომელიმე მორაგბის გამოკლება ცუდი თამაშის წინაპირობა გახდება.

ჰოუვლი შესანიშნავი მწვრთნელია, მე მას პირადად ვიცნობ. ის ძალიან გამოცდილი სპეციალისტია და ასეთი მწვრთნელის დაკარგვა იოლი საქმე არაა. უელსელებისთვის ეს ცუდია, მათზე წნეხი გაიზარდა, თუმცა გავმეორდები და ვიტყვი, რომ ისინი პროფესიონალები არიან".

Sportall.Ge

"გამოცდილება პასუხისმგებლობასაც მაკისრებს"

დავით კაჭარავა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მორაგბეა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. მამუკა გორგოძის მსგავსად, ის მეოთხე მსოფლიო თასზე ითამაშებს.

შოტლანდიასთან "მერიფილდზე" გამართული გასახურებელი შეხვედრა მისთვის 116-ე იყო ნაკრების კვართით და ისტორიაში ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩების რაოდენობით, მან მერაბ კვირიკაშვილს გადაასწრო:

"ნაკრების შემადგენლობაში დიდი ხანია ვთამაშობ. ეს უდიდესი სიამოვნებაა და ვერასდროს შევძლებ რაგბისთვის იმის დაბრუნებას, რაც ამ თამაშმა მომცა. დიდი გამოცდილება მაქვს და ეს გამოცდილება დიდ პასუხისმგებლობასაც მაკისრებს", - ამბობს კაჭარავა და მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრების ხაზი მუდმივად პროგრესირებს:

"ჩვენი უკანა ხაზის მოთამაშეები საგრძნობლად შეიცვალნენ. წინა წლებში დიდ იმედს ვამყარებდით მორკინალებზე, თუმცა ყველა მსოფლიო თასზე ვცდილობდით შერკინებისა და ხაზის თამაშის დაბალანსებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამის გაკეთება, რადგან სხვა შემთხვევაში ქართული რაგბი არ შეიცვლება და პროგრესი ვერ გაგრძელდება. ვფიქრობ, 2007 წლის შემდეგ ჩვენი ხაზი ყოველ მსოფლიო თასზე უკეთესი იყო და განვითარება გრძელდება".

34 წლის კაჭარავასთვის წლევანდელი მსოფლიო თასი ბოლო იქნება. მსოფლიო თასის შემდეგ გუნდს დატოვებს მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგიც. მიუხედავად ამისა, "კაჭის" მომავალი თაობის ეიმედება და დარწმუნებულია, რომ ისინი ქართულ რაგბის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანენ:

"მილტონმა ქართული რაგბისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ მწვრთნელებიც მოთამაშეებივით არიან - ისინი მოდიან და მიდიან. ასეთია ცხოვრება. მსოფლიო თასის შემდეგ ქართული რაგბისთვის ახალი ერა დაიწყება. მე მჯერა მომავალი თაობის. ახალგაზრდა მორაგბეები ჩვენზე უკეთესები არიან. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დაამარცხა ისეთი გუნდები, როგორებიც შოტლანდია და არგენტინა არიან, ასეთი რამ კი ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, მათ ყველაფერი შეუძლიათ".

კაჭარავას გული წყდება, რომ ტრავმის გამო მათთან ერთად იაპონიაში ვერ გაემგზავრა მერაბ კვირიკაშვილი:

"მწვრთნელებისთვის კვირიკაშვილის შემცვლელის მოძებნა რთული იქნება, რადგან მასზე მეტი ქართული რაგბისთვის არავის გაუკეთებია. ის ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ დაშავდა და მწვრთნელებს სხვა არჩევანის გაკეთება მოუწიათ".

Sportall.Ge

"ასეთ უნარებს ყველა მორაგბე უნდა ფლობდეს"

21 წლის გურამ გოგიჩაშვილი ერთ-ერთი იმ ახალგაზრდა მორაგბეთაგანია, რომელზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევასაც რაგბის ექსპერტები გვირჩევენ. ის ტოპ 14-ის პარიზულ კლუბში, "რასინგ 92"-ში გასული სეზონის წინ გადავიდა, უმოკლეს დროში დაიმკვიდრა ადგილი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში და მეტსახელად "მებრძოლი მანქანა" შეარქვეს.

სპეციალისტებს განსაკუთრებით მოსწონთ მისი ხელის ტექნიკა და ბურთით თამაშის უნარი:

"ამაში განსაკუთრებული არაფერია. ესაა ნორმალური უნარები, რომელსაც რაგბის ყველა მოთამაშე უნდა ფლობდეს".

"რასინგ 92"-ის სპორტული დირექტორი, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე იანიკი ნიანგა ფიქრობს, რომ მას აქვს პოტენციალი, გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ბურჯი. გოგიჩაშვილისთვის ასეთი შეფასება დამატებითი მოტივაციაა:

"ასეთი კომპლიმენტისთვის ნიანგას მადლობელი ვარ. რა თქმა უნდა, ყველა მორაგბის ოცნებაა, რომ იყოს მსოფლიოში საუკეთესო და ეს ჩემი ოცნებაცაა. ამის გამო არანაირ წნეხს არ განვიცდი. ეს დამატებითი მოტივაციაა და ყველა ვარჯიშზე საკუთარ თავს ვაიძულებ, რომ უფრო და უფრო მეტი ვიმუშაო".

გოგიჩაშვილს ნაკრების კვართით აქამდე მხოლოდ 6-ჯერ უთამაშია, ახლა კი საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიო თასზე უნდა წარმოაჩინოს:

"ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. საქართველო ფორვარდებით განთქმულია და ჩემთვის უდიდესი პატივია ამ შერკინების ნაწილად ყოფნა. მატჩის წინ გამოცდილი მორაგბეები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ, რაც ძალიან გვეხმარება".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენ გენაცვალეთ,წარმატებები ბიჭებო.ვიცი,რომ ჩემპიონატზე გაცილებით უკეთესები იქნებით,ვიდრე შოტლანდიასთან.ჩვენ თქვენთან ვართ და ღმერთი თქვენსკენ
სოსო
17:51 19-09-2019
0
წარმატებები ბიჭებს.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული