"თუ საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს ექიმის დახმარება დასჭირდებათ, მათ 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე ერთადერთი ქალი ექიმი მოემსახურებათ. ნუცა შამათავა "ბორჯღალოსნებთან" 12 თვეა მუშაობს. მან საქართველოს რაგბის კავშირთან ურთიერთობა 2015 წელს დაამყარა, როდესაც ის სამედიცინო კლინიკის დირექტორად დაინიშნა, რეაბილიტაციის მიმართულებით.
ამ 4 წლის განმავლობაში შამათავამ გაიარა "მსოფლიო რაგბის" ყველა აუცილებელი კურსი და ამბობს, რომ
კვირა დაიწყება ყველა იმ 23 მოთამაშის შემოწმებით, რომლებიც ურუგვაისთან სათამაშოდ გავლენ, მერე კი მათ სტრაპების გაკეთებაში დაეხმარება.
"როდესაც გუნდის ექიმი ხარ, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა უნდა გქონდეს, რადგან ისინი უნდა გენდობოდნენ. ეს მთავარია ექიმისა და მოთამაშის ურთიერთობაში. თანამშრომლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ყველანი ერთად ვზრუნავთ მოთამაშეთა კეთილდღეობისთვის".
კლინიკის დირექტორიდან გუნდის ექიმად მისი გარდაქმნა 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც "უმცროს ბორჯღალოსნებთან" 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მუშაობდა. ტურნირის მასპინძელ გუნდში ექვსი ისეთი მოთამაშე იყო, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასზე გაემგზავრნენ და მათგან ხუთი ურუგვაისთან 23-კაციან განაცხადში მოხვდა. გასაკვირი არაა, რომ ასეთი ნაცნობობა შამათავას კაცთა გუნდში დამკვიდრებაში და თავისი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში დაეხმარა.
"ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო, თუმცა ჩემი ქვეყნისთვის ქალი ექიმის ყოლა უცნაურია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრებში ქალი ექიმი მუშაობდა. თავდაპირველად ეს მოთამაშეებისთვისაც უცნაური იყო. ახლა ყველაფერი რიგზეა. არა მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის, არამედ მთელი სარაგბო სამყაროსთვისაც უცნაურია ქალი ექიმი. მე ერთადერთი ქალი გუნდის ექიმი ვარ 2019 წლის მსოფლიო თასზე".
ბევრისათვის ასეთ დიდ ტურნირზე, სამშობლოდან 8 ათასი კილომეტრის დაშორებით მუშაობა რთული იქნებოდა, მაგრამ არა შამათავასთვის, რომლისთვისაც წელს პირველი მსოფლიო თასია:
"იაპონია საინტერესოა უდიდესი კულტურითა და ისტორიით. ძალიან საინტერესოა მათი სისტემების მუშაობის ხილვა. მათ ძალიან თბილად, ოჯახის წევრებივით მიგვიღეს".
ასეთმა მასპინძლობამ და შესაძლებლობამ, ემუშავა ქართული რაგბის უდიდეს მორაგბეებთან, შამათავასთვის იაპონიაში გატარებული დღეები დაუვიწყარი გახადა:
"საქართველოს ნაკრებში მუშაობა ჩემი კარიერის უმაღლესი მწვერვალია. შემადგენლობაში ძალიან ბევრი ცნობილი მოთამაშეა და ამაყი ვარ, რადგან მათი ექიმი ვარ. ვამაყობ, რომ 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე გამგზავრების შესაძლებლობა მომეცა".
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით