"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

AutoSharing Option
გაზეთი "კვირის პალიტრა" საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს, მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნების" გამოსვლასთან ერთად, ნაკრების ახალი მწვრთნელის შერჩევასა და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.
სვანიძე იაპონიაში ტურნირის ბოლომდე გაჩერდება და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ ჩამოვა საქართველოში.

გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

- როგორ აფასებთ საქართველოს ნაკრების გამოსვლას მსოფლიო თასზე?
- მართალია, ფიჯის ნაკრებთან ფავორიტებად არ ვითვლებოდით, მაგრამ უკეთ თამაში შეგვეძლო. სამწუხაროდ, შედეგი ლოგიკურია, რადგან მეორე ტაიმში დავუშვით საბედისწერო შეცდომა და ფიჯის ბურთი დავუთმეთ...

მთავარი ამოცანა, რაც ნაკრებს დავუსახეთ, თამაშის ხარისხის გაუმჯობესება იყო. დღეს
საქართველო არ არის იმ დონის ნაკრები, რომელსაც შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე შედეგი დაგეგმოს და პრაგმატული თამაშით მიაღწიოს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, 80 წუთის განმავლობაში ვიყოთ თამაშში, რაც ვერ შევძელით. მხოლოდ ფრაგმენტულად ვითამაშეთ ის რაგბი, რისკენაც მივდივართ.

- დერეფანში რატომ ვითამაშეთ ასე ცუდად? აუტების მოწოდებისას უამრავი შეცდომა დავუშვით...
- მწვრთნელებთან ჩვენც გვაქვს კითხვები. არა მგონია, დერეფნის ასე უპირობოდ დათმობას ობიექტური მიზეზი ჰქონდეს. ასეთ დონეზე თამაშისას არ შეიძლება თამაშის რომელიმე კომპონენტი უბრძოლველად დაუთმო მოწინააღმდეგეს.

- თუმცა ამ თემაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ...
- ჩვენ ზუსტად ვხედავთ მწვრთნელებთან ურთიერთობის იმ ჩარჩოს, რომლიდანაც გასვლა დაუშვებელია. სელექცია, სამწვრთნელო პროცესი და გუნდის ტაქტიკა მწვრთნელების პრეროგატივაა. მილტონ ჰეიგს კონტრაქტი 4 წლით, 2015 წლის ბოლოს გაუგრძელდა. მან წარმატებით დაასრულა 2015 წელს ინგლისში გამართული ჩემპიონატი და უფრო დიდი წარმატებით დაიწყო ახალი მოსამზადებელი პერიოდი. მაგრამ 2018 წელს გამოჩნდა სერიოზული ხარვეზები ნაკრების თამაშში. ეს ეხებოდა შერკინებასაც, რამაც რაგბის კავშირი აიძულა, მთავარი მწვრთნელისთვის მიზეზების ახსნა მოეთხოვა.

- რასაც სამწვრთნელო შტაბიდან ორი მწვრთნელის გაშვება მოჰყვა...

- შერკინებას სათავეში ჩაუდგა ძალიან ავტორიტეტული და გამოცდილი მწვრთნელი. უკუსვლის პროცესი გაჩერდა და გასულ წელს, სამოასთან წაგებული პირველი ტაიმის შემოტრიალებით, ნაკრებმა დაიბრუნა სახე და განაგრძო მსოფლიო თასისთვის მზადება. მზადების დასკვნით ეტაპზე ნაკრებს დაემატნენ მთავარი მწვრთნელის მოთხოვნით მოწვეული სპეციალისტები და გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის კონკრეტულ მეტოქეებთან თამაშებისთვის მომზადების სტადიაზე გადავიდა. საბოლოო დასკვნას მხოლოდ მას შემდეგ გავაკეთებთ, როცა რაგბის კავშირი მოისმენს მთავარი მწვრთნელის ანგარიშსა და მის ანალიზს. თქვენ გასახდელში მწვრთნელების რეაქციაზე მკითხეთ: ბოლო მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგი ცრემლს ვერ იკავებდა... მესმის მისი და მინდა, ამ ჩემპიონატზე მიღებული შედეგის მიუხედავად, მადლობა გადავუხადო. პირადად მე ახალგაზრდებს უფრო მეტ ნდობას გამოვუცხადებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა. ჩვენ ჯერ მოულოდნელი, აგრესიული და თავზე ხელაღებული შეტევით თამაშს უნდა მივეჩვიოთ და წაგების შიში დავივიწყოთ. მხოლოდ ამის შემდეგ მოვა თამაშის გაუმჯობესება.


მკითხველის კომენტარები / 21 /
რა კარგია ბატონო გოჩა წასულ კაცზე ყველაფრის დაბრალება, ან რა მოიგო ამ ჰეიგმა ისეთი რო ჩვენ ქომაგებს დაგვიმალეთ და მერე ამის ტყვეობაში დარჩა...კარგით რა, გეყოთ ვაჟკაცობა და არ წამოაყენოთ თქვენი თავი მომავალ არჩევნებში თუ ცოტა მაინც შეგტკივათ გული ქართულ რაგბზე.ჯგუფიდან გასვლას არავინ არ გთხოვდათ, ჩვენ ვიცით ვინ ვინ არის რაგბში, მაგრამ შერკინებაში ასეთ ფიასკოს არავინ არ ელოდა , ნუ დერეფანი ხო საერთოდ რა სახსენებელია აქ...მოკლედ აიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა და გაყევით მელიტონას უკან თქვენი სასტავით(იაპონიას არ ვგულისხმობ რათქმა უნდა).
Maximus
16:44 25-10-2019
4
ბატონო გოჩა, რაც გინდათ ის დაგვიძახეთ მაგრამ ფაქტი ერთია: ჩვენ, ე.წ. "უვიცი" ქომაგები უკეთესად ვხედავდით რაც ხდებოდა ბოლო წლებში ნაკრებში, ვიდრე თქვენ და თქვენი გუნდი. შედეგად, ჩვენდა სამწუხაროდ ახდა ის პროგნოზი რომელიც ჯერ შარშანწინ (გასვლით ტესტებზე იაპონია-ფიჯისთან ფიასკოს შემდგომ) და მერე შარშან (იტალიასთან 10 წლეულის მატჩის შემდეგ) გავაკეთეთ - მხოლოდ ერთი მოგება მსოფლიო თასზე. ამას დამატებული რაგბის კავშირის უუნარობა ქართული ფრანჩიზის შექმნის საქმეში, ეროვნული პირველობის ვერგაძლიერება და სამწვრთნელო შტაბის მიერ ნაკრებს გარეთ დატოვებულ სასარგებლო მოთამაშეებზე (ჟვანია, ასეიშვილი, კვირიკაშვილი) "სირაქლემის პოზის" მიღება! თუნდაც ეს ყველაფერი საკმარისია საიმისოდ, რათა გეყოთ გონიერება-ვაჟკაცობა-ნამუსი-პასუხისმგებლობა და მოახლოებულ არჩევნებზე არ წამოაყენოთ თქვენი კანდიდატურა. ასე უფრო უკეთესს იზამთ ქართული რაგბისთვის, ხოლო ახალ ხელმძღვანელობას რაც შეეხება, ვინც არ უნდა მოვიდეს, აუცილებლად უნდა დადოს ზემოჩამოთვლილი (და კიდევ სხვა) პრობლემების გადაწყვეტის გეგმა და დაუყოვნებლივ შეუდგეს მათ გადაწყვეტას! მე პირადად გია ნიჟარაძის დაბრუნებას ვისურვებდი, მაგრამ ნაკლებად რეალური მგონია და ამიტომ ეს სარაგბო თემმა თავად უნდა გადაწყვიტოს
Fani
16:12 25-10-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული