"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა შოტლანდიასთან - მაისაშვილი კარგ თამაშს ელის

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 23 ოქტომბერს „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

შერკინება
23-კაციან რაზმში ერთი დებიუტანტია – "ბორდოს" 28 წლის მარჯვენა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი, რომელსაც მარცხენა ბურჯადაც შეუძლია თამაში. ის სასტარტო შემადგენლობაშია და მიხეილ ნარიაშვილს შეუწყვილდება, ხოლო კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეა, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ "ბორჯღალოსნების" კვართით არ უთამაშია.

მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი და გრიგორ ქერდიყოშვილი დადგებიან, მესამე ხაზში კი თამაშს ოთარ გიორგაძე, ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე იწყებენ. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მორკინალების კეპების ჯამი 209-ს
შეადგენს. აქედან 30-ზე მეტი კეპი მხოლოდ ნარიაშვილს და ბრეგვაძეს აქვთ მოხვეჭილი.

ხაზი
უფრო მეტი, 248 კეპია ხაზის შვიდი მოთამაშის ანგარიშზე. აქედან ორს – აკაკი ტაბუცაძეს და დემე თაფლაძეს ნაკრებში მხოლოდ ორ-ორჯერ უთამაშიათ.

9-10 ნომრებზე თამაშს ნაცადი წყვილი, ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე იწყებენ. ცენტრში ბრუნდება გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ის დემე თაფლაძეს შეუწყვილდება.

ფრთაზე გამოცდილ სანდრო თოდუასა და ახალგაზრდა ტაბუცაძეს ვიხილავთ, რომელმაც ორ თამაშში 5 ლელოს გატანა მოახერხა. ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება.

მარქაფა
გამოცდილი და შედარებით ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავია მარქაფაშიც. კვაჭის პოზიციაზე შეცვლაზეა შალვა მამუკაშვილი, ხოლო გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე ბურჯებს შეცვლიან.

2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან დებიუტის შემდეგ მეორე სანაკრებო მატჩს ჩაატარებს მეორეხაზელი გიორგი ჯავახია, ხოლო მესამე ხაზში გამოცდილი გიორგი თხილაიშვილია.

9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზეა გელა აფრასიძე, ხაზს კი გიორგი კვესელაძე და თამაზ მჭედლიძე გააძლიერებენ.

ოპტიმალური შემადგენლობა ტრავმების ფონზე

ტრავმების გამო "ბორჯღალოსნებს" რამდენიმე მორაგბე დააკლდება – ბექა გიგაშვილი, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, რომელმაც რეაბილიტაციის პროცესი ახლახან დაასრულა და "ბაიონს" შეუერთდა, გიორგი ცუცქირიძე, ვანო კარკაძე და ლაშა ხმალაძე.

დანაკლისისა და შემადგენლობის შესახებ ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:

„თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. ბექა გიგაშვილმა ფინალი ტრავმირებული ფეხით ითამაშა, თუმცა მე არ ვაპირებ ჩემი მორაგბეების რისკის ქვეშ დაყენებას. მას ფეხი ახლაც აწუხებს. დებიუტი ექნება ლექსო ყაულაშვილს, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამ მოკლე პერიოდში, გუნდის მზადების პროცესში კარგად ჩაერთო. ვარჯიშზე ფეხი დაიზიანა ლაშა ხმალაძემ. ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა ამ თამაშს გამოტოვებს“.

„გვყავს მობილური და სწრაფი მესამე ხაზი. შეცვლაზეა გიორგი ჯავახია, რომელიც ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშებს. ის კარგ ფიზიკურ ფორმაშია. მთლიანობაში, მარქაფაში ისეთი მორაგბეები არიან, რომლებმაც გუნდში ენერგია უნდა შემოიტანონ. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა, ვთვლი, რომ ოპტიმალურად მოვახერხეთ შეტევისა და დაცვის სქემების გავლა და თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა“.

როგორც იცით, კოვიდ-პანდემიის გამო გადაიდო 1-ელ ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთთან გასამართი მატჩი, რამაც "ბორჯღალოსნებს" „შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადებაში პრობლემები შეუქმნა:

„ამ ეტაპზე შოტლანდიასთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი და რუსეთთან მატჩის გადადებას შემადგენლობის შერჩევაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია. რუსეთთან შეხვედრა განიხილებოდა მოსამზადებელ ეტაპად „რვა ერისთვის“. ვგეგმავდით, რომ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ განგვეხორციელებინა ცვლილებები. ასევე ცუდია ის, რომ შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ იძულებულნი ვართ ლეგიონერები კლუბებში გავუშვათ. ფაქტობრივად, ორკვირიანი შეკრება წყალში ჩაგვივარდა. დანარჩენი მორაგბეები საქართველოში ვბრუნდებით და მზადებას ადგილზე გავაგრძელებთ, ინგლისთან თამაშამდე კი, სრულფასოვნად მოსამზადებლად არასრული ერთი კვირა გვექნება“.

23 ოქტომბერი. 22:30 საათი (საქ. დრო)

ტესტ-მატჩი. ედინბურგი. მარიფილდი

შოტლანდია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
ზურა ჟვანია უნდა იყოს ნაკრებში და ამ მაისაშვილმაც ჰეიგის გზა განაგრძო, მოკლედ ვერ იტანენ ზურა ჟვანიას და ეგაა.
ხვიჩა
26 ოქტომბერი 2020 19:43
0
მართლაც ძალიან ცუდ დროს გვიწევს ეს ტურნირები,მაგრამ ეს დაავადება რომ არ გამოჩენილიყო,ეს შანსი,ალბათ არც მოგვეცემოდა.ვფიქრობ ლევან მაისაშვილი გააგრძელებს თავის გეზს და ეცდება,აქტიური,ხელდახელ,სწრაფი რაგბი ათამაშოს ნაკრებს.რამდენად გამოგვივა და რამდენის საშუალებას მოგვცემენ უძლიერესი მოწინააღმდეგეები,ეს სხვა საკითხია,მაგრამ გეზი არ უნდა შევცვალოთ.ვფიქრობ რუსებთან გასამართი თამაშის გაუქმება,მომზადებას ხელს საგრძნობლად შეუშლის,თუმცა რაც არის,ეს არის.მთავარია ბიჭებმა დაბლიდან არ შეხედონ მეტრებს,იბრძოლონ როგორც შეუძლიათ და აჩვენონ რაც შეუძლიათ.ბოლომდე მეომარ გუნდს,აუცილებლად სცემენ პატივს მეტოქეებიც და გულშემატკივრებიც.8 ერის ბოლო თამაშისათვის კი,იმედია,სრულ მზადყოფნაში შევხვდებით და გამარჯვებაზეც გავიწევთ.წარმატებას და რაც მთავარია,კარგ თამაშს ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს,სკოტებთანაც და შემდეგ,8 ერზეც.ეს სანახევროდ ახალი ნაკრებია,რომელმაც ხელახლა უნდა დაიმკვიდროს თავი და მოიპოვოს პატივისცემა
სოსო
22 ოქტომბერი 2020 14:28
0
ქართული რაგბის და ნაკრების მხურვალე ფანი ვარ, თუმცა ცოტა არ იყოს შიშით ველი ამ და სხვა კარსმომდგარ თამაშებს. ცუდ დროს დაემთხვა ჩვენთვის ასეთი კარგი შანსის მიღება, ბევრი მიზეზის გამო (არეულობები რაგბის კავშირში, ბევრი გამოცდილი მოთამაშის ნაკრებიდან წასვლა, კოვიდის გამო ჩაშლილი წინა პირველობა და ძლივს დაწყებული ახალი ჩემპიონატი, ლეგიონერთა შემცირებული რაოდენობა და მათი ნაწილის ტრავმები და სხვ.). მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ბიჭები თავს არ დაზოგავენ და მათ მხურვალედ ვუქომაგებ - დანარჩენი ვნახოთ: იმედია, რაგბის ბობოლებთან ღირსეულად ვიბრძოლებთ და არ გავნადგურდებით.
სიმართლე
22 ოქტომბერი 2020 03:07
2
შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა!!!
mirosan
22 ოქტომბერი 2020 15:51
1
ჟვანიას თავის გუნდოს განაცხადშიც ვერ ხვდება დიდი ხანია, მე უფრო მაკვირცებს რატო არ სინჯავენ ალხაზიშვილს, ბიჭი ტოპ 14-ში რეგულარულად თამაშობს, მართალია შეცვლაზე, მაგრამ მაინც...
მაინტერესებს ქერდიყოშვილის თამაში, ტრამვებმა ძაან გააწამა ეს ბიჭი , თორე უკვე სხვა სიმაღლეზე იქნებოდა, მსმენია მის პოტენციალზე და პროფესიონალიზმზე.. იქნებ დაწეროთ ცუცქირიძის ტრამვაზე , რამდენად სერიოზულია და რამდენი გაუცდება.
სხვა მხრივ შემადგენლობას არა უშავს ამ რეალობააი. წარმატებები ბიჭებს და 20 ქულაზე მეტით არ უნდა წავაგოთ :)
iolasha
22 ოქტომბერი 2020 01:31
2
ჟვანიას რატომ არავინ ახსენებს?! მაისაშვილთანაც პრობლემა აქვს?
შოთა
22 ოქტომბერი 2020 00:54
1
როგორც სჩანს, სამწუხაროა.
გიორგი
22 ოქტომბერი 2020 01:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული