ინგლისთან საუკეთესო ვერსიით უნდა წარვდგეთ - მაისაშვილის და შარიქაძის ონლაინპრესკონფერენცია

AutoSharing Option
"შემოდგომის ერთა თასის" დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ონლაინპრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს ნაკრები ინგლისში სრული შემადგენლობით გუშინ შეიკრიბა, ჩააბარა კოვიდ-ტესტები და მათ პასუხებამდე, ანუ ოთხშაბათს შუადღემდე, კონტაქტური ვარჯიშები აკრძალული აქვთ. მაისაშვილის თქმით, ამ პერიოდს ის გუნდისთვის სათამაშო ტაქტიკისა და სქემების გაცნობას დაუთმობს:

"ძალიან კარგ პირობებში ვართ, მაგრამ ოთხშაბათს შუადღემდე ტესტების პასუხები არ გვექნება და შესაბამისად, კონტაქტური ვარჯიშები აკრძალული გვაქვს. მიუხედავად ამისა, დროს არ ვკარგავთ
და მანამდე გუნდს ვაცნობთ ტაქტიკას, რისი გაკეთება გვინდა შეტევასა და დაცვაში, დერეფანში და ა.შ. თამაშამდე ორი სრულფასოვანი და ერთიც კაპიტნის ვარჯიში გვექნება".

"ყველა მოთამაშემ უნდა იცოდეს თავისი გუნდის სათამაშო გეგმა და ტაქტიკა. ამ პერიოდს მწვრთნელები სწორედ ამ მიმართულებით იყენებენ და გვახსენებენ ან გვაცნობენ ამ გეგმას. შოტლანდიასთან მატჩამდე ერთად მხოლოდ ერთი კვირა ვიყავით, რის შემდეგაც ლეგიონერები კლუბების სათამაშო სისტემაზე გადაერთნენ და ახლა უბრუნდებიან იმ სქემას, რითიც გვსურს ინგლისის წინააღმდეგ ვითამაშოთ" - დაამატა მერაბ შარიქაძემ.

"ინგლისთან საუკეთესო ვერსიით უნდა წარვდგეთ"

"შემოდგომის ერთა თასის" პირველ მატჩს "ბორჯღალოსნები" 14 ნოემბერს, 2020 წლის "ექვსი ერის" გამარჯვებულ და 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტ ინგლისის წინააღმდეგ, ლეგენდარულ "თვიქენჰემზე" გამართავს.

მეტოქის ავსტრალიელმა დამრიგებელმა ედი ჯოუნსმა განაცხადა, რომ ქართველი ფორვარდების ძალის გათვალისწინებით, ჩვენ წინააღმდეგ ერთით მეტი, 9 მორკინალით აპირებს თამაშს. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მსოფლიო თასის წინ იაპონიის ნაკრები სწორედ ერთით მეტი ფორვარდით გვეთამაშა, რაც კარგად ახსოვს გუნდის კაპიტანს:

"ასეთი შემთხვევა 2015 წლის მსოფლიო თასის წინ გვქონდა, როდესაც იაპონიას ვეთამაშეთ. მაშინ მათ ერთ გარემარბად შერკინების მოთამაშე ეყენათ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, დიდად არაფერი შეცვლილა. არის შემთხვევები, მოედანზე ისეთი გარემარბი შეგხვდება, რომელიც ფიზიკური მონაცემებით არაფრით ჩამოუვარდება მორკინალს. შეიძლება თვითონ იმ გუნდისთვის ასეთი გადაადგილება რამეს ცვლის, მაგრამ არა მოწინააღმდეგისთვის. ექვსი ერის გამარჯვებულთან თამაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ყველა იმ თაობის მორაგბისთვის, რომელთაც ნაკრებში უთამაშიათ; ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავდაუზოგავად ზრუნავენ ქართული რაგბის განვითარებისთვის და გვსურს, რომ ინგლისელთა წინააღმდეგ ჩვენი საუკეთესო ვერსიით წარვდგეთ, საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ".

თავის მხრივ, მაისაშვილიც მიიჩნევს, რომ ასეთი გადაადგილება ბევრს არაფერს ცვლის:

"არა მგონია, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. ჩვენ ვიცით, რას შემოგვთავაზებს ინგლისის ნაკრები. ისინი გამოირჩევიან აგრესიული დაცვით, ფიზიკურობით, პრაგმატული თამაშით და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ფორვარდით ითამაშებენ. ჩვენ უნდა შევძლოთ მათი შეტევების განეიტრალება და ბალანსის დაცვა შეტევასა და დაცვას შორის".

"ჩვენ მოგვიწევს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც ასევე ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს. ამ ტურნირზე ჩვენი მიზანია, რომ თამაშიდან თამაშამდე განვვითარდეთ და გავიზარდოთ".

ინგლისთან ალანია გამოირიცხა

გასულ კვირაში საფრანგეთში გამართული ტურის შემდეგ მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ მხრის ტრავმა მიიღო და მე-3 წუთზე შეცვალეს, თუმცა დაზიანება სერიოზული არაა. თავში მიიღო დარტყმა მიხეილ ალანიამ, რომელსაც, პროტოკოლის მიხედვით, ამ კვირაში დასვენება მოუწევს:

"სამედიცინო ჯგუფმა უკვე ჩაატარა მათი მონიტორინგი და ხვალ-ზეგ დეტალური პასუხი გვექნება. საშიში ტრავმები არაა, თუმცა საყურადღებოა. სავარაუდოდ, ალანია ამ კვირაში ვერ ითამაშებს, რადგან თავის ტრავმა აქვს“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეეეეჰ.
0
ორი ვარჯიშით ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ!ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგაა
სოსო
21:36 09-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული