მაისაშვილი: ასეთმა თამაშებმა უნდა მოიტანოს გამოცდილება და მეტოქის წნეხში მოქცევას მოვახერხებთ

AutoSharing Option
"შემოდგომის ერთა თასის" პირველ რაუნდში, "თვიქენჰემზე" ინგლისთან გამართული მატჩის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა. გუნდმა ხარისხობრივად უკეთესი თამაში აჩვენა, ვიდრე სამი კვირით ადრე "მარიფილდზე", შოტლანდიასთან, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. ბურთის ფლობა 55%-45%-ზე იყო, "ექვსი ერის" მოქმედი ჩემპიონის სასარგებლოდ. გუნდი უკეთ გამოიყურებოდა დაცვაში და 100-ზე მეტი ბოჭვიდან მხოლოდ 11 გაფუჭდა. უკეთესი იყო სათამაშო დისციპლინაც.

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა კვირა და ორშაბათი მოთამაშეთა აღდგენასთან ერთად მატჩის ანალიზს დაუთმო და მაისაშვილმა ცივ გონებაზე, დადებითი და უარყოფითი მხარეები შეაფასა:

"ინგლისთან ბურთს უფრო მეტხანს ვაკონტროლებდით, ვიდრე შოტლანდიასთან, თუმცა
ეს შედეგზე არ აისახა და ამით, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. ჩვენს მთავარ პრობლემად თამაშის მართვა რჩება, რაც ასეთი დონის მეტოქესთან გასაგებიცაა. რამდენჯერმე გვქონდა კარგი მომენტი და სწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ქულების აღება შეგვეძლო, მაგრამ მომენტი ვერ დავიჭირეთ. პრობლემად რჩება სტატიკური ფაზები. ჯარიმიდან ბურთი აუტში სამჯერ ვერ გადავიტანეთ, აქედან ორჯერ 22-ში, რაც ნერვიულობის და გამოუცდელობის ბრალია. ასეთ დონის მოწინააღმდეგესთან ქულის აღების შანსი ბევრი არ გვაქვს და მაქსიმალურად უნდა ვისწავლოთ მათი გამოყენება. ინგლისთან შანსები საკმარისად გვქონდა, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოხერხდა.

უპირატესობის ხაზი რამდენჯერმე კარგად გადავკვეთეთ, მაგრამ ამას არ მოჰყვა გაგრძელება. ძლიერ გუნდებთან გვაკლია ის სითამამე, რაც ჩვენი და შედარებით დაბალი დონის გუნდებთან გვაქვს. სწორედ ასეთმა თამაშებმა უნდა მოიტანოს გამოცდილება, რის შემდეგაც მეტოქის წნეხში მოქცევას მოვახერხებთ.

შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ ოდნავ უკეთესი სურათი გვქონდა მოლში, თუმცა ეს კომპონენტი პრობლემად რჩება. ამ კვირაში სავარჯიშოდ უფრო მეტი დრო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, მომდევნო თამაშებში კიდევ უფრო კარგად ვითამაშებთ. ეს აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში ყველა მეტოქე დიდ პრობლემებს შეგვიქმნის. ინგლისმა თავისი 22-ივე დერეფანი სუფთად წაიღო და მნიშვნელოვანია მეტოქეს ხელი შევუშალოთ.

დაცვაში რამდენიმე ურთულესი შეტევა მოვიგერიეთ, მათ შორის, 5-მეტრიანი შერკინებიდან და ჩვენს 22-ში. გავძელით ფიზიკურად და მენტალურად და ეს დასაფასებელია. პროგრესი გვაქვს დისციპლინის კუთხითაც. ამ თამაშიდან კარგი გაკვეთილი მივიღეთ და ეს გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება. იმედს ვიტოვებ, რომ როგორც ამ თამაშში გამოსწორდა გარკვეული კომპონენტები, ასევე იქნება მომდევნო შეხვედრაშიც".

მეტი ვარჯიში = უკეთეს ხარისხს

შოტლანდიის მსგავსად, "ბორჯღალოსნებს" მოლში პრობლემები შეუქმნა ინგლისმაც. ამ კვირაში გუნდს გამოცდილი მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე შეუერთდა, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ტოპ 14-ში სათამაშო პრაქტიკაც მიიღო. მისი დამატება იმედს იძლევა, რომ გაუმჯობესდება თამაშის ხარისხი როგორც მოლში, ასევე დარეფანში.

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც გუნდის თამაშის ხარისხზე აისახება. "ბორჯღალოსნები" კვირაზე მეტია ერთად არიან და დეტალების დასახვეწად მეტი დრო ექნებათ:

"მიქაუტაძის დამატება ბევრი კუთხით გაგვაძლიერებს, მაგრამ მოლში არსებულ პრობლემას მარტო ის ვერ გადაგვიჭრის. ეს კომპლექსური საკითხია და ყველამ ერთად უნდა გამოვასწოროთ. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დაცვას მინიმალურ ყურადღებას ვუთმობდით, რადგან ვიცოდით შეტევაში დომინანტები ვიქნებოდით, აქ კი საქმე სხვაგვარადაა და ნებისმიერი შეცდომა ძვირად ფასობს.

შოტლანდიასთან მატჩის კვირაში მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდა, ინგლისთან შეხვედრის კვირაში ორი, ახლა კი სამი ასეთი დღე გვექნება. რაგბიში ძალიან ბევრი დეტალია და ყველაფრის დახვეწას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ როდესაც გუნდი რამდენიმე კვირა გადაბმულად ერთადაა, ამ დეტალებზე მუშაობას იმდენი დრო აღარ სჭირდება. ჩვენ თამაშიდან თამაშზე უნდა შევძლოთ კარგი მომენტების გადატანა და მცირედის დამატება, რასაც მოთმინება და სკრუპულოზური მუშაობა სჭირდება. ესაა პროცესი, რომლითაც მოთამაშეები და მწვრთნელები ვიზრდებით".

უელსისგან მეტ სიურპრიზს ველით

"შემოდგომის ერთა თასის" მეორე რაუნდში "ბორჯღალოსნები" უელსს ჰლანეჰლიში, "პარკ ი სკარლეტსზე" 21 ნოემბერს ეთამაშება.

ჩვენი გუნდი ჯერჯერობით ინგლისში რჩება და უელსში ხუთშაბათს გაემგზავრება. "ვარდებთან" მატჩის შემდეგ ორი დღე აღდგენას და ინტელექტუალურ სამუშაოებს დაეთმო, დღეიდან კი მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები განახლდება.

მაისაშვილი ფიქრობს, რომ "დრაკონების" შეტევები უფრო მრავალფეროვანი იქნება და გუნდსაც საინტერესო გამოცდილება ელის:

"უელსი შეტევაში მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მართალია, 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ შემადგენლობა იგივე დარჩა, მაგრამ ახლა სხვაგვარად გამოიყურება. მისმა შედეგებმა შეცდომაში არ უნდა შგვიყვანოს. მას შეტევაში ინგლისზე მეტი ოფცია აქვს, სტატიკურ ფაზებში სიურპრიზებს უნდა ველოდოთ და დაცვაში მეტი ფიქრი გვმართებს. აქაც უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ბალანსი შეტევასა და დაცვაში.

თამაშის გეგმა შემუშავებული გვაქვს. ბიჭებთან გვქონდა ინდივიდუალური და გუნდური ანალიზი. ვეცდებით, დავხვეწოთ სტატიკური ფაზები და შეტევაში თამაში. მნიშვნელოვანია, ჩვენ რას გავაკეთებთ და როგორ გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს".

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
უელსი ჩვენგან უნდა ელოდეს სიურპრიზს და არა პირიქით. გადით და ითამაშეთ რაგბი რა მნიშვნელობა აქვს ვის ეთამაშებით? მაშინ სულ ნუ გახვალთ
niko
20:00 17-11-2020
4
შოტლანდიასთან მატჩის კვირაში მხოლოდ ერთი სრულფასოვანი ვარჯიში გვქონდაო, ინგლისთან ორი, ახლა კი სამი'

თუ ასეა, მაშინ ირლადიასთან ოთხი გვექნება და მოვუგებთ კიდეც.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული