ჩვენი ისტორია ბრძოლაა გადარჩენისთვის - ბექა გორგაძის ინტერვიუ Rugbypass-თან

AutoSharing Option
„შემოდგომის ერთა თასზე“ ბორჯღალოსნების გამოსვლას სარაგბო სამყარო დიდი ინტერესით აკვირდება. რაგბის სპეციალისტები და სხვადასხვა სარაგბო გამოცემები საქართველოს თამაშს და პროგრესს დადებითად აფასებენ. ქართული რაგბის განვითარების ეტაპებზე და სამომავლო ხედვებზე, ბორჯღალოსნებისა და ‘ბორდოს’ შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე Rugbypass ესაუბრა.

Rugbypass : „კავკასიაში ახლა რთული დროება დგას. ძალიან დიდია Covid-19-ით ინფიცირებულთა ყოველდღიური რიცხვი, პოლიტიკური დაძაბულობაა არჩევნების შემდეგ და ამ ყველაფრის ფონზე, სამშობლოდან მრავალი მილის დაშორებით, ბექა გორგაძე და მისი მეგობრები „შემოდგომის ერთა თასზე“ იბრძვიან.

თუ საქართველო გაყოფილია პოლიტიკური შეხედულებებით, რაგბი ერის გაერთიანების
საშუალებაა. საქართველო ერთ-ერთია იმ შვიდ ქვეყანას შორის, სადაც რაგბი ლამის სპორტის ეროვნული სახეობაა. მათთვის ეს თამაში განსაკუთრებულად ძვირფასია.

„ძალისმიერი სპორტის სახეობები, ისეთები, როგორიც ჭიდაობა და ძიუდოა სისხლში გვაქვს. ჩვენი ისტორია სულ ომია, ბრძოლა გადარჩენისთვის დიდ ქვეყნებს შორის. ბრძოლა სისხლში გვაქვს“ – ამბობს გორგაძე:

„განსაკუთრებული მომენტია რუსეთთან თამაში. ამ დროს ყველას სურს სტადიონზე მოხვედრა. თბილისში სხვა დროსაც გვითამაშია 50 ათასი მაყურებლის წინაშე, რუმინეთთან. ვიბრძვით იმისთვის, რომ ქვეყანა გავახაროთ, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები ჩვენით ამაყები იყვნენ. ახლა რთული პერიოდია, იყო არჩევნები, პანდემიური სიტუაცია სულ უფრო რთულდება და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით გვინდა ქომაგს ეს სიხარული მივანიჭოთ“.

საქართველოში ოცნებობენ, რომ ხშირად ჰქონდეთ მაღალი დონის თამაშები. გუნდი გადაიზარდა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის, სადაც ის ფაქტობრივად უცვლელი ჩემპიონია.

ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასზე“ მას შემდეგ მოხვდნენ, რაც პანდემიური სიტუაციის გაუარესების გამო, ამ უფლებაზე იაპონიამ უარი თქვა. ქართველ მორაგბეთა დიდ ნაწილს თებერვლის შემდეგ არ ეთამაშა, ზოგიერთს გასულ წელს გამართული მსოფლიო თასის შემდეგ.

მიუხედავად სირთულებისაა, საქართველომ შანსით ისარგებლა. მათ 40 ქულით დათმეს შეხვედრები შოტლანდიასთან და ინგლისთან, მეორესთან უქულოდ და ქულა კვლავ ვერ აიღეს ქარიან ჰლანეჰლიში, სადაც უელსმა 18:0 მოიგო, მაგრამ ისინი კონკურენტუნარიანები იყვნენ. საქართველო გავს გუნდს, რომელიც ამ დონეზე ფეხზე დგება და ამუშავებს ახალ კომბინაციებს, რაც მათი მიზანი იყო.

„არასდროს გვქონია შესაძლებლობა, დროის მცირე მონაკვეთში მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან მიჯრით ამდენი თამაში ჩაგვეტარებინა. ჩვენი მიზანია, კვირიდან კვირამდე ვაჩვენოთ, რომ პროგრესი გვაქვს. ვფიქრობ, უელსთან ლელოს გატანა დავიმსახურეთ. შეხვედრის ნულზე დასრულება რა თქმა უნდა უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ ეს ჩვენი ბრალია. შეტევაში პრობლემები გვაქვს, რადგან ერთად დიდი ხანია არ გვითამაშია, მაგრამ ეს მხოლოდ დეტალებია. ამაზე ბევრს ვმუშაობთ და აქცენტს სწორედ შეტევაზე ვაკეთებთ“.

„გუნდში რამდენიმე თაობის მორაგბეები ვართ, გამოცდილები, ახალბედები და ახალგაზრდები. ჩვენ ასეთი ახალგაზრდული ნაკრები აქამდე არასდროს გვყოლია. შევთამაშდებით და ვიმედოვნებ, რომ სწრაფი პროგრესი გვექნება“ – ამბობს გორგაძე, შესანიშნავი რვა ნომერი, ამ პოზიციისთვის საჭირო ყველა მონაცემით და შესანიშნავი ფიზიკური კონდიციით.

უელსთან მატჩში მან 11-ჯერ წაიღო ბურთი და ჯამში 74 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 13 ბოჭვა შეასრულა. ის სწრაფად იქცევა ქართველ ტოტემად.

როდესაც ქართველ მორაგბეებს წარმოვიდგენთ, თვალწინ ბრიტანელებს გვიდგება უზარმაზარი დათვი, რომელიც სანახევროდ ვეტერან სპეცრაზმელს გავს. 24 წლის გორგაძე თანამედროვე სპორტსმენის ახალი ქართული კულტურის სათავეშია, შესანიშნავი შეტევითი მონაცემებით.

ბორჯღალოსნების ყოფილმა თავკაცმა მილთონ ჰეიგმა, ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენის კუთხით დიდი სამუშაო გაწია. შარშან მას გრემ როუნთრი ეხმარებოდა. ახლა გუნდის შენებაში დევიდ ჰემფრიზი, სებასტიან ბრუნო და ნილ დოკი მონაწილეობენ.

ჰლანეჰლიში სასტარტო შემადგენლობაში მყოფი უკანახაზელებიდან ოთხის ასაკი 23 წელი და ნაკლები იყო. ნახევარმცველები – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე შესანიშნავი მოთამაშეები არიან, რომლებიც ოსტატობას ‘ბრივში’ ხვეწენ. გელა აფრასიძე, კიდევ ერთი 9 ნომერი ‘მონპელიეში’ თამაშობს. იქვე არიან აკაკი ტაბუცაძე, სანდრო სვანიძე და გიორგი კვესელაძე, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ დიდ 10-ზე უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში თამაში.

„როდესაც რაგბზე მივედი, თავიდან მხოლოდ ოთხი ბავშვი ვვარჯიშობდით. ახლა იმავე წრეში 400 ბავშვია. რაგბი სულ უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ. მას შემდეგ რაგბით ბევრი ბავშვი დაინტერესდა და ეს ქმნის კონკურენციას. ჩემს თაობამდე ისეც ხდებოდა, რომ ზოგჯერ 20-წლამდელთა ალაფაზეც ვერ ვხვდებოდით. 2015 წელს „ალაფა“ მოვიგეთ და მსოფლიო ჩემპიონატზე აღვზევდით“ – იხსენებს გორგაძე და განაგრძობს:

„ორი წლის შემდეგ ბიჭებმა დაამარცხეს არგენტინა და ირლანდია. კიდევ ერთი წლის შემდეგ, უკვე სამ გუნდს მოუგეს – ირლანდიას, იაპონიას და შოტლანდიას. აი სად ვხედავთ პროგრესს. ჩვენ გვჭირდება მაღალი დონის თამაშები ახალგაზრდულ დონეზე“.

გორგაძე კონტინენტის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ‘ბორდოში’ თამაშობს. ის მხოლოდ 18 წლის იყო, როდესაც სახლი დატოვა, საფრანგეთში ჩავიდა და ისე, რომ ფრანგულად ერთი სიტყვაც არ იცოდა, კონტრაქტი ‘მონ-დე-მარსანთან’ გააფორმა:

„დედას ჩემი მარტო გაშვება არ უნდოდა, მაგრამ 12 წლის აღარ ვიყავი“ – იცინის ის – „საზღვარი რომ გადავკვეთე გავიფიქრე, სად ვარ, რას ვაკეთებ? რამდენიმე უძილო ღამე მქონდა, მაგრამ გავიცანი ჩემი თანაგუნდელები და მივხვდი, რომ უბრალოდ სამყაროს სხვა წერტილში ვიყავი. ყველგან შეიძლება ადაპტირება და მეგობრების პოვნა“.

„თავს ძალა დავატანე და დავიწყე ფრანგული ენის სწავლა. ბევრი გაკვეთილი არ მქონდა, მაგრამ თავს ძალას ვატანდი და ვსაუბრობდი გაუთავებლად, ვსწავლობდი რამდენიც შემეძლო. ‘მონ-დე-მარსანში’ ოთხი წელი გავატარე და ეს იყო შესანიშნავი გამოცდილება. სწორედ აქ გავაკეთე უდიდესი ნახტომი. საფრანგეთში მეექვსე წელია ვარ და ეს ჩემი მეორე სახლია. საფრანგეთში ბევრი ქართველი თამაშობს და ჩემს გარშემო ძალიან ბევრი მეგობარია“.

კვირას საქართველო დუბლინში ედი ფარელის ირლანდიას ეთამაშება და კიდევ ერთ ფასდაუდებელ გამოცდილებას მიიღებს. ისინი უკმაყოფილონი არიან საკუთარი მდგომარეობით – ძალიან კარგი შედეგით მეორე დონის ქვეყნისთვის, მაგრამ არასაკმარისისთვის, რათა გაერიოს ექვს ერის მძიმეწონოსნებს შორის. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი ამ დონის ტესტები.

შემოდგომამდე, თუ არ ჩავთვლით მსოფლიო თასზე ჩატარებულ მატჩებს, საქართველომ შვიდ წელიწადში შვიდჯერ ითამაშა ტიერ1-ის გუნდებთან. მათგან მხოლოდ შოტლანდია ჩავიდა საქართველოში ბორჯღალოსნებთან სათამაშოდ და გახდა პირველი ტიერ1-ის გუნდი, რომელმაც ეს გააკეთა.

„ქართული ფრანჩაიზის ჩართვა მაღალი დონის საკლუბო ჩემპიონატში“ – ასე ხედავს არსებული სიტუციიდან გამოსავალს გორგაძე – „მე არ ვიცი როგორ შეიძლება შევუერთდეთ ექვს ერს. მოცემულ მომენტში უფრო რეალისტურად ჩანს მათთან რაც შეიძლება მეტი ტესტ-მატჩის ჩატარება, რათა მივიღოთ მოთამაშეთ ბაზა, რომელიც ამ დონეზე თამაშს შეჩვეული იქნება“.

„ტიერ1-ის გუნდების საქართველოში სტუმრობა პირველ რიგში იმის დასტური იქნება, რომ ისინი პატივს გვცემენ. ბევრმა არაფერი იცის ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ და მერე შინ კმაყოფილები ბრუნდებიან, აღფრთოვანებულები ქართული სამზარეულით და გულშემატკივრებით, რომლებიც მოუთმენლად ელიან ასეთი დონის გუნდების მასპინძლობას. აქამდე წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ნოემბერში ვთამაშობდით პირველი დონის გუნდთან და მსგავსი შანსისთვის ლოდინი მთელი წელი გვიწევდა. აი რატომაა შესანიშნავი ის, რაც ახლა ხდება“.

პატარა ქვეყანა იბრძვის გადასარჩენად გიგანტურ ქვეყნებს შორის; პატარა სარაგბო ერი კი იბრძვის უძლიერესთა შორის ადგილის დასამკვიდრებლად“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბექა მომავალი ნაკრების სიმბოლო!
mirosan
02:16 29-11-2020
1
კარგი ბიჭი ხარ და კარგი თაობა ხართ, მჯერა ბევრად წინ წახვალთ ვიდრე წინა თაობის ნაკრები გფარავდეთ უფალი ბიჭებო ასახელეთ სამშობლო რაგბი, კალათბურთი და ძიუდო დარჩა ერს გულის გასახარად. არ გაგვიწბილოთ იმედები,
ერმილე
22:03 29-11-2020
0

სიახლეები პოპულარული