"ბორჯღალოსნები" - დაბრუნებული ჟვანია და 10 უკეპო მორაგბე რუსეთთან მატჩის გაფართოებულ შემადგენლობაში

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 7 თებერვალს რუსეთთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებული რაზმი დაასახელა.

შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი, ორჯერ გადადებული მატჩი, „მიხეილ მესხზე“ 15:00 საათზე დაიწყება.


პირველად დიდი ნაკრების შეკრებაზე

ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო ლევან მაისაშვილმა რამდენიმე ლიდერი მოისაკლისა. მწვრთნელებმა გაფართოებულ რაზმში 36 მორაგბეს უხმეს, რომელთაგან 10 უკეპო მოთამაშეა.

გამოძახებულთა შორისაა "უოსპსის" 29 წლის ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელმაც "ბორჯღალოსნებში" ბოლოს თითქმის ორი წლის წინ, 2019 წლის მარტში რუსეთის წინააღმდეგ ითამაშა:

„ზურას დიდი ხანია ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა დარწმუნებული ვარ,
მისი გამოცდილება წაგვადგება“, – ამბობს მაისაშვილი.

უშანგი ჭეიშვილი, გიორგი ნუცუბიძე, იოსებ გუშარაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ირაკლი ცხადაძე, ნიკა სუხაშვილი, ლუკა მატკავა, გიორგი ბაბუნაშვილი, ოთარ ლაშხი, თემურ კოხოძე – ეს ის მორაგბეები არიან, რომელთაც ნაკრების კეპი ჯერ არ მოუხვეჭიათ. მაისაშვილის თქმით, ნაკრებში ახალი მორაგბეების ინტეგრირება ეტაპობრივად მოხდება:

„გვსურდა ძირითადი ბირთვი ისეთივე ყოფილიყო, როგორიც „შემოდგომის ერთა თასზე“ გვყავდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოდის. შემოდგომის გაფართოებული რაზმიდან ათი მორაგბე გვაკლია, რისი მიზეზიც ძირითადად ტრავმებია. გარდა ამისა, პრობლემები შექმნა პანდემიამ, როგორც მოთამაშეთა დროულად ჩამოსვლის, ასევე კლუბებთან ურთიერთობის კუთხით“.

„ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ახალი მოთამაშეები გავსინჯოთ, მაგრამ ამისთვის თავადაც უნდა იყვნენ მზად. წელიწადში სულ 11 თამაშს ვატარებთ. მნიშვნელოვანია გუნდის შეთამაშებაც და არ გვაქვს იმის ფუფუნება, სანაკრებო მატჩები სასელექციო შეხვედრებად ვაქციოთ“.

„შეკრება საქართველოშია და გვაქვს იმის შესაძლებლობა, გაფართოებულ რაზმში 36 მორაგბე გვყავდეს. რა თქმა უნდა, ყველა უკეპო მორაგბე რუსეთთან 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდება. ჩვენ მათ დავაკვირდებით ეტაპობრივად, ყველა მიიღებს შანსს“.

„გამოვიძახეთ ახალგაზრდა ბურჯები, რომელთა საქმეში ხილვა გვსურდა. საფრანგეთში ახალგაზრდა ბურჯები მრავლად გვყავს და ვეცდებით, რომ ყველას მივცეთ შანსი. გამოძახებულია ირაკლი ცხადაძე, რომელსაც ჯერ კიდევ 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდებით, მაგრამ ჰქონდა ტრავმები. ახლა ის უკვე ტოპ 14-ში თამაშობს და ჩვენთვის საინტერესო მოთამაშეა. სათამაშო კვირაში დავაკვირდებით ყველას და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ“.

მოსამზადებელი ეტაპი და დაგეგმარება

გაფართოებულ შემადგენლობაში 20 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა. მათი ნაწილი – „თბილისის ჯგუფი“, შეკრებაზე 25 იანვარს შევიდა. ტრავმების გამო გასულ კვირაში ვერ ივარჯიშეს სანდრო თოდუამ, ლაშა ლომიძემ და სანდრო სვანიძემ.

„სამწუხაროდ, სასელექციო შეკრებაზე სამი მორაგბე ტრავმით გამოცხადდა და ვერ ივარჯიშა. კიდევ ორი მოთამაშე ლიმიტირებული იყო და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდა. გარდა ამისა, სამწვრთნელო შტაბმა ეს კვირა დაგეგმარებისთვის გამოვიყენეთ. ვეცადეთ, სათამაშო კვირა ისე გაგვეწერა, რომ ხელი არაფერს შეეშალა“.

ილია მაისურაძის და გიორგი ჩხაიძის ტანდემი შერკინებაში

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბში ერთი სიახლეა: შერკინებაზე უმცროსი "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე იმუშავებს:

„ილია მაისურაძე და გიორგი ჩხაიძე ფუნქციებს გაინაწილებენ და შერკინებასთან ერთობლივად იმუშავებენ. ილია გამოცდილი სპეციალისტია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად იცნობს იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც მრავლად არიან წარმოდგენილნი“.

„შემოდგომის ერთა თასის“ მსგავსად, შეტევაზე ირლანდიელი ნილ დოკი იმუშავებს, რომლის მუშაობით მაისაშვილი კმაყოფილი დარჩა. ხაზთან იმუშავებს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ბესიკ ხამაშურიძე.

გაფართოებული რაზმი რუსეთთან

შერკინება

ბურჯები: ზურაბ ჟვანია (40 კეპი, 55 ქულა), უშანგი ჭეიშვილი (უკეპო), ბექა გიგაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), გიორგი ნუცუბიძე (უკეპო), გიორგი მელიქიძე (22 კეპი, 10 ქულა);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (78 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), გიორგი ჭყოიძე (13 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), ლაშა ჯაიანი (6 კეპი), გიორგი ჯავახია (4 კეპი), დავით გიგაური (6 კეპი, 5 ქულა), იოსებ გუშარაშვილი (უკეპო);

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (60 კეპი, 60 ქულა), ბექა საღინაძე (17 კეპი, 15 ქულა), სანდრო მამამთავრიშვილი (უკეპო), ირაკლი ცხადაძე (უკეპო), მიხეილ გაჩეჩილაძე (12 კეპი, 10 ქულა), ნიკა სუხაშვილი (უკეპო), თორნიკე ჯალაღონია (4 კეპი);

ღერძი

ვასილ ლობჟანიძე (56 კეპი, 40 ქულა), გელა აფრასიძე (29 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (1 კეპი); თედო აბჟანდაძე (20 კეპი, 118 ქულა), ლუკა მატკავა (უკეპო), გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა);

ხაზი: მერაბ შარიქაძე (71 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (7 კეპი, 30 ქულა), ოთარ ლაშხი (უკეპო), დემე თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (13 კეპი, 30 ქულა), თამაზ მჭედლიძე (60 კეპი, 35 ქულა), თემურ კოხოძე (უკეპო), სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი (2 კეპი).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
ძალიან სასიხარულოა ჟვანიას გამოჩენა. გარდა იმისა, რომ საუკეთესო ბურჯია, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არაფროფესიონალური ბუტიაობის დასრულებასაც მოასწავებს ეროვნულ ნაკრებში.
გიორგი
01:27 03-02-2021
0
ყველას გვაინტერესებს თუ ვის აქვს ტრამვა და ვის არ უშვებენ ფრანგული კლუბები. იქნებ გაგვაგებინოთ?
გიორგი
01:23 03-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული