10 ცვლილებით ესპანეთის წინააღმდეგ - მაისაშვილმა სასტარტო 15-ეული დაასახელა

AutoSharing Option
ფოტო: rugby.ge

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 14 მარტს მადრიდში გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

გასულ შაბათს პორტუგალიაში 29:16 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილებაა. მათგან ერთი ტრავმითაა გამოწვეული – ბექა საღინაძე გასულ შაბათს დაშავდა და ისვენებს; სხვა შემთხვევებში კი მწვრთნელებმა როტაციის პრინციპით ისარგებლეს:

„გაფართოებულ რაზმში 32 მორაგბე გვყავს და ვცდილობთ შემადგენლობა ისე დავაბალანსოთ, რომ ყველას მივცეთ სათამაშო დრო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი მიზანია მოთამაშეების გამოცდა, სხვადასხვა რგოლის გადანაცვლება და თანაც ისე, რომ ბალანსი არ დაირღვეს“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან
მაისაშვილი.

ექვსი ცვლილება შერკინებაში

როტაციის პრინციპით, პირველ ხაზში თამაშს ის მორაგბეები იწყებენ, რომლებიც პორტუგალიასთან მარქაფაში იყვნენ – ბექა გიგაშვილი, შალვა მამუკაშვილი და გია ხარაიშვილი, ხოლო ჯაბა ბრეგვაძემ, გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი მელიქიძემ მარქაფაში გადაინაცვლეს.

მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ჯაიანმა და ამჯერად მას დავით გიგაური შეუწყვილდება, რომელიც ძირითადში დაწინაურდა, ხოლო ნოდარ ჭეიშვილმა თადარიგში გადაინაცვლა.

მესამე ხაზში თამაშს კვლავ თორნიკე ჯალაღონია იწყებს, რომელმაც მიკროტრავმების მოშუშება მოასწრო. ფლანკერები მიხეილ გაჩეჩილაძე და ირაკლი ცხადაძე არიან – გაჩეჩილაძემ პირველი თამაში გამოტოვა, ხოლო ცხადაძე პორტუგალიასთან შეცვლაზე შევიდა და პირველი სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.

„ჯალაღონია დავასვენეთ, გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა. ყველაფერი კარგადაა და თამაშს იწყებს. პირველ ხაზში ის მორაგბეები იწყებენ, რომლებმაც პორტუგალიასთან შეცვლაზე ითამაშეს და თავი კარგად წარმოაჩინეს. ჩვენ თანაბარი ძალის, დაბალანსებული პირველი ხაზი გვყავს და როტაცია მუდმივად გვექნება, რაც ერთგვარი კოზირია. მარქაფიდან თამაშში ჩართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა და ეს გუნდში ყველას კარგად ესმის“ – ამბობს მაისაშვილი.

ოთხი ცვლილება ხაზში

წინა მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს ცენტრებმა – მერაბ შარიქაძემ და გიორგი კვესელაძემ, ასევე - 9 ნომერმა გელა აფრასიძემ, რომელსაც ამჯერად ლაშა ხმალაძის ნაცვლად თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება.

ფრთებზე როტაციის პრინციპით აკა ტაბუცაძე და დემე თაფლაძე იწყებენ, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე სოსო მათიაშვილს დავით ნინიაშვილი ჩაანაცვლებს.

9 ნომრის მარქაფაში კვლავ მიხეილ ალანიას ვიხილავთ. ასევე მარქაფაშია გიორგი ბაბუნაშვილი, რომელსაც პორტუგალიასთან სანაკრებო დებიუტმა არ მოუწია. მარქაფაში გადაინაცვლა გამოცდილმა სანდრო თოდუამ.

მაისაშვილის თქმით, ეს ცვლილებები ასევე როტაციის პრინციპითაა გამოწვეული და აუცილებლად ეცდება, ბაბუნაშვილს სათამაშო დრო მისცეს:

„რამდენიმე ცვლილება გვაქვს ხაზში, ასევე განსხვავებულია ნახევარდაცვა. კვლავ მარქაფაშია ბაბუნაშვილი. სამწუხაროდ, პორტუგალიასთან თამაში ისე წავიდა, რომ მისი შეყვანა ვერ მოვახერხეთ და ახლა ვეცდებით, სათამაშო დრო მივცეთ. ის ძალიან კარგად ვარჯიშობს, საინტერესო მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, თავს გამოიჩენს“.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(+2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი)

II ტური

14 მარტი. მადრიდი. 15:45 (საქ. დრო)

ესპანეთი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (3 კეპი), 14. აკა ტაბუცაძე (8 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (30 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (73 კეპი, 60 ქულა), 11. დემე თაფლაძე (7 კეპი, 5 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (21 კეპი, 129 ქულა), 9. გელა აფრასიძე (31 კეპი, 24 ქულა);

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი (20 კეპი, 5 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (80 კეპი, 55 ქულა), 3. გია ხარაიშვილი (1 კეპი), 4. ლაშა ჯაიანი (8 კეპი), 5. დავით გიგაური (8 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (13 კეპი, 10 ქულა), 7. ირაკლი ცხადაძე (1 კეპი), 8. თორნიკე ჯალაღონია (6 კეპი, 5 ქულა);

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (63 კეპი, 20 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (24 კეპი, 15 ქულა), 19. ნოდარ ჭეიშვილი (28 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (62 კეპი, 60 ქულა); 21. მიხეილ ალანია (2 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. სანდრო თოდუა (90 კეპი, 65 ქულა).

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
იმედია, ბურთის უაზროდ წინ გადაკიდება და მოწინააღმდეგისათვის ჩაბარება ნაკლებად იქნება
კობი
18:00 13-03-2021
1
- დიდს არაფერს ველი ასეთი შემადგენლობიდან - ს ა დ არის ჩილაჩავა, ჟვანია, ასეიშვილი... - 1 ხაზში, გორდაძე, ცუცქირიძე, გიორგაძე... ჩამოწერეთ?! - ან მართლა გონიათ ვინმეს ლობჟანიძეს აფრასიძე, ალანია ჯობია?! ან - დაცვაში სუსტები ტაბუცაძე, თაფლაძე, თუნდაც ნიჭიერი ნინიაშვილი გაქაჩავს?!... - მგონი არც დაფიქრებულან - 19 ქულა - რ ა ტ ო მ მივიღეთ პორტუგალიასაგან, ანუ ამ ჯგუფის აუტსაიდერთან (?!) - აზრზე მოდით, აზზრზე სანამ დროა...
გლახუნა
11:25 13-03-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული