"ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" ახალზელანდიელი მწვრთნელი - კორი ბრაუნი

AutoSharing Option
45 წლის ახალზელანდიელი სპეციალისტი კორი ბრაუნი "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" შეტევის გაუმჯობესებაზე იზრუნებს.

ის საქართველოში გასულ კვირას ჩამოვიდა და "შავ ლომში" უკვე ჩაატარა რამდენიმე ვარჯიში.

კარიერა


კორი ბრაუნი ახალ ზელანდიაში გარემარბად "ოტაგოსა" და "ჰაილენდერსში" თამაშობდა, მერე კი საფრანგეთში გადაბარგდა და ჯერ პარიზის უნივერსიტეტის გუნდში, მერე კი პრო დე2-ის "ტარბში" თამაშობდა.

მუხლის ტრავმის შემდეგ მას ჩვეულ ფორმაში დაბრუნება გაუჭირდა და ერთი სეზონი იტალიაში ითამაშა, ხოლო მოთამაშის კარიერის მიწურულს ირლანდიურ "კონახტში" მოთამაშე-მწვრთნელად მივი
და.

ბრაუნი "კონახტში" უნარების მწვრთნელად დარჩა, მოგვიანებით კი სამშობლოში დაბრუნდა და "ოტაგოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. გუნდთან ერთად მან 2016 წელს ქვეყნის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც 20-წლამდელთა ნაკრებში დაცვისა და უნარების მწვრთნელად მიიწვიეს. 2017 წელს ის საქართველოს პირველად ეწვია და "ბეიბი ბლექსთან" ერთად მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

2017-18 წლებში კორი "ჰაილენდერსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, 2019 წელს კი იაპონიას მიაშურა და ერთი სეზონი "სანვულვზის" მთავარი მწვრთნელის დამხმარე იყო. გასულ სეზონში ის იაპონიის ტოპ-ლიგის "სანიქს ბლუზს" ავარჯიშებდა.

„იაპონური კლუბი, სადაც ბოლოს ვმუშაობდი, ფინანსური პრობლემების გამო ქვედა დივიზიონში დაქვეითდა. ამ დროს მომეცა საშუალება, რომ საერთაშორისო დონეზე მემუშავა. ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი და ჩამოვედი საქართველოში. ჩემი როლია, რომ გავაუმჯობესო "შავი ლომისა" და საქართველოს ნაკრების თამაში შეტევაში“ – ამბობს ბრაუნი.

პირველი შთაბეჭდილება

კორი ბრაუნი საქართველოში პირველად 2017 წელს, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე "ბეიბი ბლექსთან" ერთად იმყოფებოდა და შინ საუკეთესო მოგონებებით დაბრუნდა. ზელანდიელებმა ჯგუფურ ეტაპზე ქუთაისში ითამაშეს, ნახევარფინალი და ფინალი კი ბრწყინვალე სტილში თბილისში, „მიხეილ მესხზე“ მოიგეს და ოქროს მედლები მეექვსედ და ჯერჯერობით უკანასკნელად მოიპოვეს.

„2016 წელს ირლანდიამ ნახევარფინალში არ გაგვიშვა, მხოლოდ მე-5 ადგილზე გავედით და ჩვენთვის 2017 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატი მნიშვნელოვანი იყო. მაშინ ახალგაზრდული გუნდის მზადებაში ახალი ჩართული ვიყავი და პირადად ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, წარმატებისთვის მიგვეღწია. გარდა ამისა, თავიდანვე ვაცნობიერებდით, რომ ვიყავით პირველი გუნდი ზელანდიიდან, რომელიც სათამაშოდ საქართველოში მოდიოდა. გვსურდა ადგილობრივი ქომაგისთვის საუკეთესო თამაში გვეჩვენებინა და ამით ჩვენი პატივისცემა გამოგვეხატა“.

„ქუთაისში მოსამზადებლად საუკეთესო გარემო გვქონდა. გუნდი შეიკრა და თბილისში, ნახევარფინალსა და ფინალში უკვე საუკეთესო გუნდი გვყავდა. ასევე გვყავდა ძალიან მაგარი თაობა – იმ გუნდის 8 წევრი დღეს უკვე "ოლ ბლექსია"! საბოლოოდ, საქართველოში მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით. ამ ქვეყანასთან საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს და მიხარია, რომ აქ დაბრუნების შესაძლებლობა მომეცა“ – იხსენებს ბრაუნი და იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს უფრო კარგად გაიცნობს:

„მაშინ საქართველოზე გარკვეული წარმოდგენა შემექმნა. ეს არის ლამაზი ქვეყანა, ლამაზი ბუნებით და მეგობრული, კეთილგანწყობილი ხალხით. კორონავირუსიდან გამომდინარე, მთელ მსოფლიოში გარკვეული შეზღუდვებია გადაადგილების კუთხით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უფრო მეტს ძალიან მალე ვნახავ“.

ნაცნობობა ქართველ მორაგბეებთან

კორი ბრაუნმა ქართველი მორაგბეების ძალის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ შეიტყო, როდესაც საფრანგეთში, "ტარბში" თამაშობდა:

„დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი საფრანგეთში, სადაც ერთი-ორი ქართველი, ფაქტობრივად, ყველა კლუბში იყო. ირლანდიიდანაც ვუყურებდი ქართველების თამაშს და ყოველთვის მომწონდა დიდი, ღონიერი, ძლიერი ბიჭები, რომლებიც საკმაოდ კარგად დარბიან, კარგ მოლებს აყენებენ და შეუდარებლები არიან კონტაქტის არეში, რაც რაგბიში ყველას განსაკუთრებით მოგვწონს. აქვე მინდა ვთქვა, რომ არანაკლები სიძლიერის უკანახაზელები გყავთ. საჭიროა, რომ მეტად მოხდეს შერკინებისა და ხაზის თამაშის დაბალანსება და დარწმუნებული ვარ, შეტევაში ბევრად უკეთესი შედეგი გვექნება“.

„ყოველთვის შთამბეჭდავი იყო საქართველოს ნაკრების თამაში მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა მათი ფიზიკური, კონტაქტური თამაში. იაპონიაში ეს გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მათ აქვთ შესაბამისი უნარები, მაგრამ არ უყვართ კონტაქტში შესვლა და ქართველებისგან განსხვავებით, ხშირად თავს არიდებენ კონტაქტს. ქართველები კი ამით სიამოვნებას იღებენ და უნარების დახვეწასთან ერთად, ვიმედოვნებ, ამ კომპონენტში კიდევ უფრო მეტად განვვითარდებით“.

მოგვიანებით მას "სანვულვზში", ჯაბა ბრეგვაძესთან მოუწია მუშაობა და ქართველმა კვაჭმა მასზე საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა:

„ჯაბასთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო. ის დიდი პროფესიონალია, სამუშაო ეთიკა მაღალ დონეზე აქვს და "სანვულვზში" ლიდერთა ჯგუფში იყო. 2019 წელი ჩვენთვის რთული იყო, რადგან თავიდანვე გვითხრეს, რომ სუპერრაგბიში ბოლო სეზონს ვატარებდით, მაგრამ ჯაბა აბსოლუტურად პროფესიონალურად უდგებოდა საქმეს“.

არის კიდევ ერთი კვეთა, რომელმაც კორის საქართველოსა და გარემოზე, სადაც უნდა ემუშავა, გარკვეული წარმოდგენები შეუქმნა. ეს მილტონ ჰეიგია, რომელმაც ოჯახთან ერთად საქართველოში 8 წელიწადი გაატარა, ბოლო ორი წელია კი იაპინიაში მუშაობს, იქ, სადაც ეს პერიოდი ბრაუნმა გაატარა:

„ჰეიგმა აქ ძალიან დიდი სამუშაო გასწია და იმედია, ჩემი კონკრეტული მიმართულებით, ამ უნარებს კიდევ უფრო გავაუმჯობესებ. იაპონიაში მისი გუნდის წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია. მილტონს ერთი კვირის წინ ვესაუბრე და გარდა კონკრეტული, პროფესიული დეტალებისა, მომიყვა, როგორი საოცარი წლები გაატარა საქართველოში ოჯახთან ერთად. მას არასდროს ეზარება თქვენს ქვეყანაზე საუბარი და საქართველოს მეორე სახლს ეძახის. მან მითხრა – მიდიხარ საოცარ ქვეყანაში, სადაც ძალიან კარგი ხალხი დაგხვდება და საუკეთესო გარემოში მოგიწევს მუშაობა“.

"შავი ლომი" - ნაბიჯი განვითარებისკენ

კორი ბრაუნი მიიჩნევს, რომ ფრანჩაიზი განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა. ის ფიქრობს, რომ ქართული ფრანჩაიზი უკეთეს სასტარტო სიტუაციაშია, ვიდრე წლების წინ ზელანდიური "ჰაილენდერსი" და იაპონური "სანვულვზი" იყვნენ:

„რომ შევადაროთ "ჰაილენდერსის" ან "სანვულვზის" და "შავი ლომის" საწყისი პერიოდი, ვიტყოდი, რომ "შავი ლომი" ასეულობით კილომეტრით წინაა. მათგან განსხვავებით, ჯერ თამაშიც არ დაგვიწყია, მაგრამ უკვე გვაქვს პროფესიონალური გარემო, გვყავს მოთამაშეები საერთაშორისო გამოცდილებით, მათ შორის, მსოფლიო თასზე თამაშის გამოცდილება. პროფესიონალური გარემოა ყველა მიმართულებით, ამის მისაღწევად კი "ჰაილენდერსსაც" და "სანვულვზსაც" გარკვეული პერიოდი დასჭირდათ“.

„სწორედ ეს მაძლევს წარმატების იმედს. "შავ ლომთან" ერთად უკვე ჩავატარე რამდენიმე ვარჯიში და პროფესიონალური მიდგომა აშკარაა. მოთამაშეებს გააზრებული აქვთ, რისთვის ემზადებიან და ცდილობენ, ხელიდან არ გაუშვან შესაძლებლობა, ითამაშონ პირველ ქართულ ფრანჩაიზში. ეს არის განვითარებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, რადგან ახალგაზრდა თუ გამოცდილ მორაგბეებს უფრო მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობა აქვთ, რაც მათ მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს“.

ბრაუნი კმაყოფილია არსებული ინფრასტრუქტურით და მიიჩნევს, რომ წინსვლისათვის ყველანაირი წინაპირობა არსებობს:

„ქუთაისშიც და თბილისშიც მოსამზადებლად მშვენიერი გარემოა. ბაზებს აქვს ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი მოედნები, კარგი დარბაზი და საცხოვრებელი. საუკეთესო გარემოა განვითარებისთვის. ზელანდიაში დიდად განსხვავებული არაფერია. შეიძლება რამდენიმე ადგილი იყოს, სადაც მეტი მოედანია. სულ ესაა განსხვავება“.

„ახლა მთავარია, მეტი ვიმუშაოთ, ჩვენი სათამაშო სტილის სიღრმეებში ჩავიდეთ და როგორც შერკინება, ასევე ხაზი, ერთ სისტემაში მოვიყვანოთ. ბევრი უნდა ვიმუშაოთ უნარებსა და განვითარებაზე, რათა ზუსტად ვიცოდეთ, როდის გავიტანოთ ბურთი და როდის შევინახოთ“.

„ჩემთვის დიდი გამოწვევაა, ვიყო "შავი ლომის" და საქართველოს ნაკრების ნაწილი. წინ ნოემბრის ტესტები გველის, სადაც შესაძლებელია ერთი ან ორი თამაშის მოგება და ამისათვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. პირადად მე ვეცდები, რომ გავაუმჯობესო შეტევის თამაში და ქართულ გუნდებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
მილტონ ჰეიგს პირველი ციკლი წარმატებული გამოუვიდა და პროგრესიც საგრძნობი გვქონდა,თუმცა მეორე ოთხწლიანი ციკლი,უკვე სტაგნაციაში წავიდა და თითქმის საწყის პოზიციებს დავუბრუნდით.ვერც ზელანდიურ სტილზე გადასვლა შევძელით და ძველი სიმძლავრეც დავკარგეთ.იმედია, ახლა მეტი წარმატება გვექნება.წარმატებას ვუსურვებ მწვრთნელებსაც და ბიჭებსაც.
სოსო
20:24 08-09-2021
0
ძალიან მაგარია! ოთაგოს პროვინციის ნაკრები არის "მითრე 10 თასის" მონაწილე, ანუ ზელანდიის დიდი 10,ის. კლასში განსხვავებას თავადაც მიხვდებით. ჰოდა, უნდა დავეწიოთ. წარმატებები!
გიორგი
01:25 08-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული