საქართველო v ესპანეთი - ოთხი ცვლილება შერკინებაში

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველო 20 მარტს (18:00 საათზე) „დინამო არენაზე“ ესპანეთს მასპინძლობს და ტიტულის მე-14-ედ მოსაპოვებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.

ბუქარესტში რუმინეთთან 26:23 მოგებული მატჩის შემდეგ ხაზი უცვლელი დარჩა, შერკინებაში კი 4 ცვლილებაა. ძირითადში არიან ტრავმიდან დაბრუნებული ბექა გორგაძე და ოთარ გიორგაძე, რომელმაც წინა შეხვედრა კოვიდის გამო გამოტოვა. როტაციის პრინციპით, პირველ ხაზში თამაშს იწყებს გურამ გოგიჩაშვილი, ხოლო მეორეში - ნოდარ ჭეიშვილი. მარქაფაში გამოჩნდნენ გიორგი ჭყოიძე, გია ხარაიშვილი და გრიგორ ქერდიყოშვილი.

"დაგვიბრუნდნენ ბექა
გორგაძე და ოთარ გიორგაძე. ნიკა ხატიაშვილს ტრავმა აწუხებდა და სრულფასოვნად ვერ ივარჯიშა. მის ნაცვლად მარქაფაშია გია ხარაიშვილი, რომელმაც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე შარშანაც ითამაშა, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და დარწმუნებული ვარ დავალებას თავს ახლაც გაართმევს. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილი იწყებს და იმედი გვაქვს, ჩვენს გუნდს გააძლიერებს. სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზიდან გამომდინარე, ძირითადში ხან გურამ გოგიჩაშვილი იწყებს და ხან მიხეილ ნარიაშვილი. ჩვენთვის შემადგენლობა მხოლოდ 15 მოთამაშე არაა და პირველ ხაზში ეს როტაცია ბუნებრივი პროცესია.

სამწუხაროა, რომ ამინდი ხელს არ გვიწყობს, თუმცა ვთვლი, რომ თამაშისთვის მზად ვართ. ფინალში ის გუნდი იგებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას უშვებს და ვეცდებით შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

თოვლმა და ყინვამ მზადების პროცესში გარკვეული პრობლემები შექმნა. მატჩის დღესაც თბილისში თოვლია გამოცხადებული:

"ამინდი ორივე გუნდისთვის ერთნაირია. იყო მომენტი, როდესაც თამაშის შენელება და დამძიმება ტაქტიკურად გვაწყობდა ხოლმე, თუმცა დიდი ხანია ჩვენთვის ეს საინტერესო აღარაა. ცუდი ამინდი ტექნიკურ წუნს ზრდის, თამაშის ხარისხს აფუჭებს და არა მგონია, ასეთი ამინდი რომელიმე გუნდისთვის ხელსაყრელი იყოს. ვეცდებით, პრაგმატული თამაში ვაჩვენოთ და ამინდის კონდიციები გავითვალისწინოთ. ეს ერთ-ერთი ის ფაქტორია, რომელიც ისეთივე გასათვალისწინებელია, როგორც მსაჯი, მოწინააღმდეგის წნეხი და ა.შ", - ამბობს მაისაშვილი.

ცუდი ამინდი და ყინვა, სავარაუდოდ, გულშემატკივარზეც იმოქმედებს, თუმცა მაისაშვილი დარწმუნებულია, რომ ერთგული ქომაგის მხარდაჭერა გუნდს მაინც ექნება:

"არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენთვის გულშემატკივრის როლი ძალიან დიდია. მესმის, რომ ბოლო წლებში რამდენიმე ფაქტორმა იმუშავა – პანდემია, არეულობა რაგბის კავშირში, რამაც ეს მუხტი გარკვეულწილად შეანელა და უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლისკენაც მთელი მსოფლიოს ყურადღებაა მიპყრობილი. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს და ამას ემატება ცუდი ამინდი, თუმცა ვიცი, რომ გვყავს გულშემატკივარი, რომელიც ნებისმიერ პირობებსა და ამინდში მხურვალედ გვიქომაგებს და ჩვენთვის მათი მხარდაჭერა ძალიან ფასეულია. იმედს ვიტოვებ, რომ 20-ში "დინამოზე" კარგი განწყობა იქნება".

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი | V ტური
20 მარტი. თბილისი. „დინამო არენა“. 18:00 საათი
საქართველო – ესპანეთი

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 10 კეპი, 23 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 80 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 38 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ., 83 კეპი, 65 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 96 კეპი, 70 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 31 კეპი, 216 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 63 კეპი, 70 ქულა);

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 28 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 87 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 27 კეპი, 10 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 35 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 71 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, 31 კეპი, 40 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 26 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 33 კეპი, 40 ქულა).

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 20 კეპი, 15 ქულა), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 70 კეპი, 10 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (რასინგ 92, 5 კეპი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 9 კეპი, 10 ქულა), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 1 კეპი), 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 38 კეპი, 24 ქულა), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 53 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
გავიგე ამ ფორმის დიზაინის შეცვლა, მაგრამ ვერ გავიგე რატომ აღარ აქვს ვაზის ლერწამი? ან რა არის ეს ჭ კლასის ფორმის შემქმნელი კომპანია, მაშინ როცა იძახით რომ ბიუჯეტი გაიზარდა. მეტი გამჭირვალობა ბატონებო, თორემ ინფორმაციული ვაკუმი არ არის კარგი. ნება იბოძეთ და პატივი დაგვდეთ გულშემატკივარს და გვიპასუხეთ, რამ გამოიწვია აღნიშნული ცვლილებები?
ქომაგი
21:50 20-03-2022
0
უსუსტესი მწვრთნელი
gela
10:28 19-03-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული