ლევან მაისაშვილი | რაც დავგეგმეთ, შევასრულეთ

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთთან 41:3 გამარჯვების შემდეგ გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ესპანეთის სტუმრად სარეკორდო სხვაობით დამარცხებაც შეეძლო, მაგრამ ირლანდიელმა მსაჯმა მატჩის მიწურულს 13 კაცით გატანილი ლელო გაგვიუქმა და მხოლოდ 38-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, სარეკორდო გამარჯვება კი (ესპანეთში გამართულ მატჩებში) 2009 წელს მადრიდში დაფიქსირდა – 55:11.

აღსანიშნავია, რომ ტორელავეგაში გამართულ მატჩში ჩვენი გუნდის მიერ გატანილი 7 ლელოდან 6 ხაზის მოთამაშეებზე (აკა ტაბუცაძე 2, თედო აბჟანდაძე, მერაბ შარიქაძე, სანდრო თოდუა, დავით
ნინიაშვილი) მოდის, ერთი კი ბექა გიგაშვილის ანგარიშზეა. გუნდმა თითქმის მთელი 80 წუთი ხელდახელ, მაღალ ტემპში შეტევებში გაატარა, ეპიზოდებში კი დაცვაში გაუვალ კედლად აღიმართა და მეტოქეს პრესტიჟის ლელოს გატანის საშუალება 12 კაცის ამარამაც არ მისცა.

"წელს ეს ჩვენი გუნდის მესამე თამაში იყო და ლოგიკურია, კარგი ხარისხი რომ ვაჩვენეთ. ყველაზე კარგი ისაა, რომ გუნდს გაცნობიერებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანია დავალებების შესრულება. ერთადერთი, რითაც უკმაყოფილო ვარ, დისციპლინაა. მსაჯის გადაწყვეტილებები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, თუმცა ამ კუთხით სამუშაო გვაქვს. რაგბი ევროპაზე რატომღაც მსაჯები ჩვენ მიმართ გადამეტებულ სიმკაცრეს იჩენენ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ემოციების მართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მაღალი დონის გუნდი ამდენ შეცდომას არ გვაპატიებს".

"როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, რაც დავგეგმეთ, შევასრულეთ და ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი გადახალისებული შემადგენლობით დაგვიხვდა, ის ჩვენთვის მუდამ იყო და რჩება სახიფათო მოწინააღმდეგედ, გუნდად, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, განსაკუთრებით, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე და ჩვენ მათ წარმატების არანაირი შანსი არ დავუტოვეთ, რაც ნამდვილად იძლევა კმაყოფილების საბაბს" – ამბობს მაისაშვილი, რომლის მიზანი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-15-ედ მოგებასთან ერთად, გუნდის მსოფლიო თასისთვის მომზადებაა:

"პირველი ორი კვირა თამაშისთვის არატიპური დატვირთვები გვქონდა, რადგან ვცდილობთ, ეს პერიოდი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. რაგბი ისეთ დონეზეა, რომ თუ ფიზიკურად არ ხარ მზად, შესაძლოა ტემპს და დატვირთვებს ვერ გაუძლო. ირლანდიისა და საფრანგეთის შეხვედრაში ბურთი თამაშში 46 წუთი იყო, რაც დაუჯერებელი ციფრია. ჩვენი მიზანი ჩემპიონობასთან ერთად მსოფლიო თასისთვის მზადებაა, რაც ადვილი არ არის".

Sportall.Ge

შეხვედრის მიწურულს გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მცირე დაზიანების გამო მოედანი ნაადრევად დატოვა, თუმცა მისი დაზიანება სერიოზული არ უნდა იყოს. ამ მიზეზით "ბორჯღალოსნებს" მეტოქის ბოლო შეტევის მოგერიება 12 კაცით მოუწია:

"არ გავრისკეთ და შარიქაძე მოედნიდან გავიყვანეთ, მიუხედავად იმისა, რომ ის წინააღმდეგი იყო. 12 კაცით არ დავრჩებოდით, რომ არა მსაჯის უცნაური გადაწყვეტილება, რომელმაც გატანილი ლელო გააუქმა და მოედნის ცენტრში ჯარიმა დანიშნა, თანაც ისე, რომ სერგო აბრამიშვილს ყვითელი ბარათი აჩვენა, არადა, ის ამ ეპიზოდთან საერთოდ არ იყო კავშირში. მეტოქე მოლში აშკარა თამაშგარიდან თამაშობდა და ის ძალისმიერად გავიყვანეთ. ასევე საეჭვო იყო გელა აფრასიძის სინბინი, განსაკუთრებით, იმის ფონზე, რომ ესპანელების დარღვევებზე მსაჯს რეაგირება არ ჰქონდა".

"შეთქმულების თეორიების არ მჯერა, მაგრამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად და ვარჯიშებზე განვიხილავდით სცენარს, როგორ უნდა გვემოქმედა, თუ მოედანზე კაცნაკლული დავრჩებოდით. გუნდი მზად არის უარესი ვარიაციებისთვის და სწორედ ამიტომ, შეცვლებს დაგეგმილზე უფრო ადრე ვაკეთებთ, რაც ტრავმის შემთხვევაში ერთგვარი რისკია და ასე მოხდა შარიქაძის შემთხვევაში. მისი შემცვლელი უბრალოდ არ გვყავდა, მაგრამ ფაქტია, გუნდმა 14, 13 და 12 კაცის ამარა, თავი კარგად დაიცვა და ესპანეთს ლელო არ გაატანინა".

მას შემდეგ, რაც პორტუგალიამ რუმინეთი 38:20 დაამარცხა, ცხადი გახდა, რომ 5 მარტს, ნახევარფინალში, რუმინეთს ვუმასპინძლებთ:

"მოთამაშეები გუნდებში გავუშვით და ნახევარფინალისთვის კვირიდან შევიკრიბებით. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მოსამზადებლად 6 დღე გვექნება, რადგან ჩვენ ვუფრთხილდებით მოთამაშეებს და პირველი ორი დღე ადაპტაციასა და აღდგენას დაეთმობა. ადვილი არ არის ასეთი დატვირთვების და გადაფრენების შემდეგ ენერგიის აღდგენა. მომავალი შეხვედრისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში მცირე ცვლილებები თუ გვექნება".

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
დღევანდელი ბორჯღალი,უკვე თვისობრივადაც და სათამაშო სტილითაც განსვავებული გუნდია,ძველი,ტრადიციული ბორჯღალისაგან.საქართველოს ნაკრები,მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებში,ალბათ ერთადერთია,ვისი საუკეთესო მელელოვეც,მორკინალია(მამუკა გორგოძე),თუმცა ალბათ უკვე ამ გათამაშებაში,მას აკაკი ტაბუცაძე გადაუსწრებს და საქართველოც, საერთო კანონზომიერებაში ჩაჯდება.წინა თამაშში თუ ჩვენი ბიჭები,ჩემი აზრით თვითონ ირთულებდნენ ამოცანას და ფიზიკურ ძალაში უპირატესობას არ იყენებდნენ,ამ თამაშში შეეცადნენ ისე ეთამაშათ,როგორი თამაშიც 6 ერის გუნდებთან მოუწევთ.მაქსიმალური სიჩქარეებით და აგრესიულობით.სანახაობა შესანიშნავი იყო,თუმცა თვითონ მათთვისაც უჩვეულო სიჩქარეებზე,შეცდომებიც მოსდიოდათ და მსაჯიც სასჯელს არ იშურებდა ჩვენთვის.ამის წინააღმდეგი,მგონი არც ჩვენები იყვნენ.კაცნაკლულებმა,კიდევ უფრო მძიმე პირობებში შეამოწმეს,საკუთარი მზადყოფნა და მგონი კმაყოფილები დარჩებოდნენ.მსაჯის ზედმეტი სიმკაცრე,როცა ასეთი უპირატესობა გაქვს,ჩვენთვის კარგიც კი იყო.არაერთი თამაში მინახავს,6 ერის პირველობაზე,როცა შემტევი ზოგჯერ 10 წუთი და მეტი,გააფთრებით უტევს,მაგრამ მეტოქე,დარღვევის გარეშე აკავებს შემტევს და უჯარიმოდ გამოდის წნეხიდან.ჩვენი შემდგომი ამოცანა,სავარაუდოდ ასეთი სუფთა დაცვა უნდა გახდეს.ამ გათამაშებაში,ორი მატჩი კიდევ დაგვრჩა და რაც ამ ორ მატჩში შეცდომები გვქონდა,ალბათ იმ თამაშებში გამოსწორდება.ფინალში ჩვენი თამაში,ალბათ უკვე მსოფლიოს თასზე ჩვენი თამაშის პროტოტიპი იქნება და დიდად აღარ შეიცვლება.ასე რომ გულის ფანცქალით ველი,ნახევარფინალს და ფინალს.
პ.ს.რაგბი ევროპის ხელმძღვანელობამ,გათამაშების რეორგანიზაცია რომ გააკეთა,თუ მათ განცხადების მიხედვით ვიმსჯელებთ,იქნებ,საქართველოს ნაკრებმა,როგორმე,ვინმესთან წააგოსო და ამიტომ,მსაჯების ზედმეტი სიმკაცრე,შესაძლოა მათი დავალებაც კი იყოს,თუნდაც ინტერესის გასაღვივებლად.ამ თამაშში,ამან,ჩვენ ბიჭებზე გასჭრა და აზარტი გაუორმაგდათ.ასე რომ, ყველაფერი უკეთესობისთვის ხდება.
სოსო
22:02 20-02-2023
0
ჯიგარსონა...
Zviads
21:53 20-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული