საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს

AutoSharing Option
საქართველოსა და აშშ-ის ტესტ-მატჩის (22:7) შემდეგ, პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა სქოთ ლორენსმა, "ბორჯღალოსნების" თავკაცმა ლევან მაისაშვილმა და ჩვენი გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ისაუბრეს

სქოთ ლორენსი (აშშ-ს მთავარი მწვრთნელი): „მიუხედავად შედეგისა ჩვენი გუნდის თამაშს დადებითად შევაფასებ. სამწუხაროდ, ბევრჯერ დავჯარიმდით, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. საქართველო წნეხის ქვეშ გვამყოფებდა და ჯარიმების სიმრავლე ამის შედეგია. პორტუგალია და საქართველო ორი განსხვავებული სტილის გუნდია. ვფიქრობ, ორივე კარგადაა მომზადებული მსოფლიო თასის წინ“.

ლევან მაისაშვილი (ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი): „ტექნიკური წუნი ორივე ტაიმში გვქონდა, რაც ალბათ სიჩქარითაც იყო გამოწვეული.
ანალიზისთვის ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. გამარჯვებას საფრთხე არც ერთ წამს დამუქრებია, თუმცა ემოციის და ტემპის კონტროლი ისეთი ვერ იყო, როგორიც გვსურდა. შემადგენლობაში გვქონდა ბევრი ცვლილება და ისეთმა მორაგბეებმა ითამაშეს, რომლებიც ტრავმებისა და ოპერაციების შემდეგ დაუბრუნდნენ მოედანს. მეტოქემ საფრთხე ვერ შეგვიქმნა, უბრალოდ შეტევაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. არ მინდა ვიფიქრო, რომ რუმინეთთან დიდი სხვაობით მოგების შემდეგ მეტოქე არ დავაფასეთ. სამწუხაროდ ყოველთვის არ გამოდის სანახაობრივი თამაში“.

„რაც შეეხება პოზიტივს, მეტოქის მოლი ყველა ჯერზე კარგად გავაჩერეთ, შეტევის მოლში კი თავიდან გაგვიჭირდა, მერე კი შევძელით ლელოს გატანა. აშშ-სთან წინა შეხვედრებს თუ გადავხედავთ, მოლში ყოველთვის გვიჭირდა, ახლა კი ამ კომპონენტში უკეთესები ვიყავით. ასევე პოზიტივი იყო ტრავმირებული მორაგბეების დაბრუნება. გვინდოდა მაყურებლისთვის უკეთესი სანახაობა გვეჩვენებინა, თუმცა კარგია, რომ შოტლანდიის წინ ასეთი მძიმე თამაში გვქონდა“.

„დაცვის კუთხით ორივე თამაში კარგად ჩავატარეთ. დღეს ისეთი შეცდომა დავუშვით, როგორსაც როგორც წესი არ ვუშვებთ ხოლმე. შეცდომები უფრო შეტევაში დავუშვით, სადაც ჩემი აზრით, ზედმეტად ვჩქარობდით ქულების აღებას. დიდი იმედი მაქვს ჩვენი კონტრშეტევები ძალიან სახიფათო იქნება“.

„თედო აბჟანდაძის რეაბილიტაცია კარგად მიდის და სამშაბათს გადაწყდება ითამაშებს თუ ვერა შოტლანდიის წინააღმდეგ. დიდი ალბათობით დაგვაკლდებიან ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე და გიორგი ჭყოიძე, თუმცა ავსტრალიასთან სათამაშოდ ყველა მზად უნდა იყოს. შოტლანდიაში 36 მოთამაშით მივდივართ, საიდანაც მსოფლიო თასისთვის 33-ს შევარჩევთ“.

„დღეს რუმინეთზე მეტი მაყურებელი მოვიდა. ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა მაყურებელიც ეჩვევა ჩვენს გულშემატკივრობას. ვისურვებდი, რომ სტადიონი ბოლომდე სავსე ყოფილიყო. ჩვენთვის გულშემატკივარი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“.

მერაბ შარიქაძე (ბორჯღალოსნების კაპიტანი): „გული მწყდება რომ ქულების აღების ძალიან ბევრი შესაძლებლობა უმეტესად ტექნიკური წუნის გამო გავუშვით ხელიდან. ერთი-ორი ეპიზოდი მაინც რომ გამოგვეყენებინა, მერე ძალიან გაუჭირდებოდათ ჩვენი შეჩერება. მაგრამ რაგბი ზუსტად ესაა – ერთმა პატარა მომენტმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. ვფიქრობ, ასეთი მომენტი იყო მატჩის დასაწყისში ჯარიმების არდარტყმა. როგორც რუმინეთთან, აქაც უნდა დაგვერტყა ჯარიმები და 6 ქულა რომ აგვეღო, თამაში სავარაუდოდ სხვა მიმართულებით წავიდოდა“.

„ამ თამაშმა ერთი დიდი პოზიტივი დაგვანახა. აშშ-სთან 4-ჯერ მაქვს ნათამაშები, საიდანაც ორი მოვიგეთ და 2 დავთმეთ. ყველა შეხვედრაში ბოლომდე იყო ბრძოლა. ახლა იმავე აშშ-ს დამაჯერებლად მოვუგეთ, თუმცა უფრო მეტი გვინდა და ეს იმაზე მეტყველებს რომ, გავიზარდეთ“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
ისევ დასწრებაზე - კი აგვისტოა, ცხელა, წესები 'არ გვესმის' და ა.შ., მაგრამ ჩვენიანის გვერდში დგომაც არ გვესმის და მსოფლიო ტურნირზე ასე ზანტად გავაცილეთ ბიჭები, რომლებმაც ორი დიდი გუნდი ბეჭებზე დასცა, სამაგიეროდ რუსების საგინებლად მივალთ, ელჭიპიტის დასაცოცხად მივლენ და ა.შ. აქ სრკ-ს და ჩვენი სპორტული ჟურნალისტიკის საკმაოდ დიდი წვლილიც არის ჩვენს ასეთ ქცევაში, რომელიც პირველად არ ვლინდება.
ვანდა ჯიქია
16:59 21-08-2023
2
აბა თქვვენ იცით, სუსტი და ძლიერი აბანოში (უუუჰ, უჰჰ უკაცრავად) აბერდინში გამოჩნდება :)
ლევანი
12:46 21-08-2023
2

სიახლეები პოპულარული